logo_geo
„სისხლიანი კვირა“ თბილისში - BBC 9 აპრილის ტრაგედიაზე წერს
- +

9 აპრილი. 2019. 18:50

 

BBC-ის რუსულენოვანი გამოცემა 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარ მოვლენებზე წერს. ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატიის სათაური ასეთია: „სისხლიანი კვირა“ თბილისი. თვითმხილველების მოგონებები 30 წლის შემდეგ“.

 

სტატიაში ნათქვამია, რომ 1989 წლის 9 აპრილი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. „30 წლის წინ, შეიარაღებულმა ძალებმა საბჭოთა კავშირის მოწინააღმდეგეთა მშვიდობიანი აქცია დაარბიეს თბილისში“.

 

გამოცემა ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს 9 აპრილს დაღუპული 15 წლის ეკა ბეჟანიშვილის დედასთან. ლალი ყანჩაველი დეტალურად იხსენებს იმ დღეს, როდესაც ქალიშვილი დაკარგა.

 

„ეკა მიტინგებზე დადიოდა, ამაში ხელს არ ვუშლიდი, რადგან ყველა დადიოდა დემონსტრაციებზე და არაფრის გვეშინოდა. 9 აპრილს ეკა მამამისმა ფიზიკის მასწავლებელთან მიიყვანა. გაკვეთილის შემდეგ ის აქციაზე წავიდა და სახლში მოსვლა დააგვიანა. ეს უჩვეულო იყო, ამიტომ საღამოს 8 საათზე მის მოსაძებნად წავედით. როდესაც ეკას მივაგენით, სწორედ ამ დროს გამოვიდა პატრიარქი მომიტინგეებთან. ეკამ მითხრა, პატრიარქს მოვუსმინოთ და შემდეგ წავიდეთო. თუმცა შემდეგ გასვლა უკვე ვეღარ მოვასწარით. პატრიარქმა ხალხს ქაშვეთის ეკლესიაში გადანაცვლებისკენ მოუწოდა, თუმცა, აქციის მონაწილეების და ორგანიზატორების მხრიდან გაჟღერდა მოწოდება, რომ ასე არ მოქცეულიყვნენ. პატრიარქის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, დარბევა დაიწყო და აღარაფერი მახსოვს. გონება დავკარგე, ალბათ, დარტყმისგან. მაშინ თმას ქერად ვიღებავდი და როგორც შემდეგ მომიყვნენ, პოლიციელს უთქვამს: „ქერა ქალს ზემოდან შავგვრემანი ხუჭუჭა გოგო დააკლესო“,- იხსენებს ლალი ყანჩაველი.

 

BBC  9 აპრილისადმი მიძღვნილ სტატიაში სხვა თვითმხილველების ისტორიებსაც მოგვითხრობს, კერძოდ, მიმოზა ფარჯიანის, რომელიც თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მთავარი ექიმი იყო. სტატიაში მოცემულია აქტივისტ ირმა ინარიძის ინტერვიუც, რომელიც აცხადებს:

 

„საბჭოთა კავშირის დამხობა 9 აპრილს დაიწყო. მე ასეთი მეტაფორა მაქვს: საბჭოთა კავშირი, ჩინეთის სქელ კედელს ჰგავს, რომელიც აგურებით არის აშენებული. ჩვენ თანდათანობით უნდა გამოვაცალოთ ამ კედელს თითოეული აგური. ჩვენი ვალია, რაც შეიძლება დავათხელოთ ეს კედელი. ეს პროცესი 9 აპრილს დაიწყო და დღემდე გრძელდება“.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი