logo_geo
„ჩვენი მწუხარება უსაზღვროა, დარდი - უნუგეშო“ - გაზეთი „ლელო“ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შესახებ...
- +

10 აპრილი. 2019. 13:07

 

 

გაზეთი „ლელო“, 1989 წლის 11 აპრილი.

 

იმ დღეს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მედია მხოლოდ „საქინფორმის“ - რესპუბლიკის მთავარი საინფორმაციო სამსახურის ინფორმაციით ეხმიანებოდა 9 აპრილს მომხდარ ტრაგედიას!

 

კომპარტიის ცენტრალური კომიტეტი, რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი და მინისტრთა საბჭო მწუხარებას გამოთქვამდნენ მომხდარი ამბის გამო, რომელიც „ექსტრემისტი და ანტისაზოგადოებრივი ელემენტების“ ქმედებებს მოჰყვა!

 

„ჩვენი მწუხარება უსაზღვროა, დარდი - უნუგეშო“ - იუწყებოდა საბჭოთა საქართველოს ხელისუფლება, პარალელურად კი „ზრუნავდა“, რათა არ დაეშვა „ანარქია და უკანონობა“ და ქვეყანაში ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმი არ დარღვეულიყო.

 

საკავშირო და რესპუბლიკურ საინფორმაციო მასობრივ საშუალებებში არ ქვეყნდებოდა პუბლიკაციები, რომლებიც „სიტუაციას გაართულებდა“.

 

ტარდებოდა „აუცილებელი ღონისძიებები უწესრიგობის მოთავეთა დასაკავებლად და დასაპატიმრებლად, ახალი მიტინგებისა და დემონსტრაციების თავიდან ასაცილებლად“.

 

„საწარმოებისა და დაწესებულებების ნორმალური მუშაობის უზრუნველყოფის, ქალაქსა და მიმდებარე რაიონებში ჯეროვანი წესრიგის დაცვის მიზნით“ თბილისში კომენდანტის საათი გამოცხადდა.

 

9 აპრილს, დაახლოებით 11 საათზე, ტელევიზიით გამოვიდა იგორ როდიონოვი : «Я, генерал-полковник Игорь Родионов, назначен комендантом города Тбилиси….»

 

როდიონოვმა ტრაგედიის მიზეზად ქართველთა პოლიტიკური კულტურის ნაკლებობა დაასახელა.

 

***

 

8 აპრილის ღამეს ხელკეტებითა და ფარებით შეიარაღებულმა „ძერჟინსკის სახელობის დივიზიამ“ ჯერ მდუმარედ დაიკავა მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორია, შემდეგ კი, 9 აპრილის დილის 4 საათისთვის, მშვიდობიან მომიტინგეებზე იერიში მიიტანა.

 

დარბევა 15-20 წუთს გაგრძელდა.

 

„ბრბოში ბევრი პროვოკატორი იყო. ისინი იყენებდნენ ცივ იარაღს. წარმოქმნილი ჭყლეტის შედეგად დაიღუპა 16 ადამიანი (13 ახალგაზრდა ქალი და 3 მამაკაცი), 100-ზე მეტმა მიიღო სხვადასხვა ხარისხის ჭრილობა, მათ შორის 22 სამხედრო მოსამსახურეა (მათგან 13 ჰოსპიტალშია). დაშავებულებს აღმოუჩინეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება“, - ნაწყვეტი ჯ. ი. პატიაშვილის დეპეშიდან, რომელიც 1989 წ. 9 აპრილს გაუგზავნა სკკპ ცკ-ს.

 

 

 

 

big_banner
არქივი