logo_geo
„Apple“-ში, „Google“-სა და „Netflix“-ში დასაქმებისთვის უნივერსიტეტის დიპლომი საჭირო აღარ იქნება
- +

12 აპრილი. 2019. 17:07

 

 

აშშ-ში სტუდენტების ნაწილი ფიქრობს, რომ 4 წლის განმავლობაში უმაღლესი განათლების მიღება და ამისთვის ათასობით დოლარის ოდენობის სტუდენტური სესხის აღება ერთადერთი გზაა ისეთ დიდ კომპანიებში მოსახვედრად, როგორებიცაა „Apple“, „Google“ და „Netflix“. თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ამაზე გამოცემა „Business Insider“ წერს.

 

ცნობილი ბიზნესმენები, მათ შორის „Siemens USA“-ის გენერალური დირექტორი ბარბარა ჰამპტონი და „Apple“-ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის საჭიროებას უკვე ეჭვქვეშ აყენებენ. როგორც ტიმ კუკმა განაცხადა, შარშან აშშ-ში „Apple“-ში დასაქმებულთა ნახევარს 4-წლიანი უმაღლესი განათლების  დიპლომი არ ჰქონია. მისივე თქმით, ბევრი კოლეჯი სტუდენტებს დამსაქმებლებისთვის სასურველ ცოდნასა და უნარებს, მაგალითად კოდების წერას, არ აძლევს. 

 

ბარბარა ჰამპტონი კი არ ეთანხმება იმ აზრს, რომ 4-წლიანი დიპლომის ქონა კარიერის დაწყებისთვის მზაობის გარანტიაა.

 

„ხშირად, ვაკანსიაში ერთ-ერთი მოთხოვნა - უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ქონაა, როცა რეალურად ის კონკრეტული პოზიცია, რაზეც ვაკანსიაა გამოცხადებული, საერთოდ არ საჭიროებს დიპლომს“, - განაცხადა ჰამპტონმა თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე.

 

გამოცემის ცნობით, დღესდღეობით ისეთი გიგანტი კომპანიები, როგორებიცაა „Google“ და „Apple“, იმ ადამიანებს ასაქმებენ, რომელთაც საქმის შესასრულებლად შესაბამისი უნარები აქვთ, განურჩევლად იმისა, აქვთ თუ არა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი. ხოლო „LinkedIn“-ის ინფორმაციით, ბევრი ცნობილი კომპანია უკვე აღარ ითხოვს კოლეჯის დიპლომს.

 

„როგორც იცით, ჩვენი კომპანია კოლეჯში სწავლაშეწყვეტილმა ადამიანმა (სტივ ჯობსმა) დააფუძნა, ამიტომ არასდროს გვიფიქრია, რომ უმაღლესი განათლების დიპლომის ქონა საქმის კარგად გასაკეთებლად აუცილებელია“, - განაცხადა „Apple“-ის დირექტორმა, ტიმ კუკმა თეთრ სახლში გამართულ პანელზე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი