logo_geo
რას ჰყვებიან სოფელ შინდისის მაცხოვრებლები
- +

17 აპრილი. 2019. 19:53

 

სოციალურ ქსელში facebook გვერდი „ჯარისკაცები“ „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებულ სტატიას ავრცელებს:

 

„ასეთი რამ ფილმებშიც არ გვინახავს, ჩვიდმეტიდან ერთადერთი საღ-სალამათი ჯარისკაცი, რომელსაც შეუძლია გაქცევა, მუხლებზე დასვენებული დაჭრილი თანამებრძოლის თავს გულში იხუტებს, ჯიბიდან მობილურ ტელეფონს იღებს და სადღაც რეკავს.

 

„მიპასუხე, მამაო, ღმერთო, არ გადის ეს დალოცვილი ზარი" -ისმის ტკივილით ნათქვამი სიტყვები. მერე მობილურს მოისვრის და დაჭრილ ბიჭებს გასძახებს, ჩემკენ მოიწიეთ, მტერს ცოცხალი არ უნდა ჩავბარდეთ, „ლიმონკა" მაქვს და თავს ავიფეთქებთ. ეს თვითმკვლელობა არ იქნება.

 

მე ვილოცებ, თქვენ თუნდაც გულში გაიმეორეთო და... ბრძოლის ველზე ანგელოზის გალობასავით გაისმის „მამაო ჩვენო". ლოცვის დასრულების შემდეგ მცირე პაუზა იყო და უცებ ყველაფერი წამებში მოხდა, აფეთქებამ ანგელოზის ხმაც წაშალა და ისიც, ვისი ყელიდანაც ის ხმა ამოდიოდა.

 

აღარც ის დაჭრილი ჩანდა, მეგობრის მუხლებზე რომ ედო თავი. ჯარისკაცმა ალეკო ონიანმა თავი აიფეთქა და მასთან ერთად დაიღუპა გულში ჩახუტებული ნათლულიც - რომან ზოიძე. გამუდმებით ეხვეწებოდა ნათლული ნათლიას, ეს არ ქნა, წადი, მე მაინც არაფერი მეშველება და ჩემი სულისთვის ილოცეო. „არა" - უპასუხა ალეკომ..

 

ალეკო მობილური ტელეფონით მოძღვართან დარეკვას ცდილობდა, სურდა, საკუთარი თავისა და თანამებრძოლების შენდობა ეთხოვა.

 

ასე გალობითა და ლოცვით გადავიდნენ იმიერ საქართველოში ეს ბიჭები, ჩვენ კი ვაჟკაცობის საოცარი მაგალითი დაგვიტოვეს".

 

შინდისელები იხსენებენ, რომ მოწინააღმდეგის ვაჟკაცობით გაოგნებულმა მტერმა, დახოცილების ნივთებს ხელი არ ახლო. ახლა ეს ნივთები მემორიალის საკუთრებაა.

ერთ-ერთი გმირის, მიშიკო დვალიშვილის ცხედარი შინ რომ მიასვენეს, მას ყველაფერი თან ჰქონდა - იარაღიც, ჯავშანჟილეტიც და მობილური ტელეფონიც.

 

და ჯიბეში, ქაღალდის ნაგლეჯზე დაწერილი ლექსი, სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე რომ დაწერა:

„ჩვენ ვართ კაცები, არ ვართ ლაჩრები, გულისკაცები და ვაჟკაცები.

ერთი ყუმბარა გვერდით თან გვიდევს, სიკვდილის შიში ვერ აგვატირებს.

ბევრი ვიყავით, ერთი სამარე თხილის გულივით გავინაწილეთ".

ის ლექსებს წერდა და სიგიჟემდე უყვარდა საქართველო.

„კვირის პალიტრა" 09.08.2010 სურათზე - შინდისის გმირები. ჩემი თხოვნა იქნება ყველამ გააზიაროთ“, - წერია სოციალურ ქსელში facebook გვერდზე „ჯარისკაცები“.

 

 

 

 

big_banner
არქივი