logo_geo
„რაც არ უნდა დიდი ცოდნა ჰქონდეს მასწავლებელს, ბავშვების სიყვარულის გარეშე კარგ გაკვეთილს ვერ ჩაატარებს" - ინტერვიუ წლის საუკეთესო მასწავლებელთან
- +

17 აპრილი. 2019. 20:13

 

ნათია ფურცელაძე ცხრა წელია კერძო სკოლა "ქორალში" ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. 22 წლის იყო, პედაგოგობა რომ დაიწყო და მას შემდეგ ცდილობს, მოსწავლეებს შეაყვაროს ლიტერატურა, განუვითაროს კრიტიკულად აზროვნების უნარი და დაგეგმოს ბევრი საინტერესო აქტივობა. ნათია "მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017"-ის ფინალისტია, რამდენიმე დღის წინ კი "2019 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საუკეთესო მასწავლებლად" დაასახელეს. ის საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:

 

- როგორია თქვენი მიდგომა მოსწავლეებისადმი  და როგორ გეგმავთ გაკვეთილს?

 

- ჩემი გაკვეთილები ეფუძნება, უპირველეს ყოვლისა, ჰუმანისტურ პრინციპებს. ჩემთვის ამოსავალი სწორედ ჰუმანისტური პედაგოგიკაა. ინდივიდუალური მიდგომა ძალიან მეხმარება. ვცდილობ, თითოეული მოსწავლის შეხედულება გავითვალისწინო და მოვუსმინო მათ. ბავშვების ნაწერებში ბევრი საინტერესო აზრის პოვნაა შესაძლებელი. ასევე, ვიყენებ პროექტებით სწავლების მეთოდსაც. ზოგადად, ჩემი სწავლების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახლავთ წიგნიერების კომპეტენციაზე ზრუნვა, კითხვის პოპულარიზაცია და ბავშვების წიგნებით დაინტერესება. 2013 წელს მოსწავლეებთან ერთად დავაარსე ლიტერატურული კლუბი "წიგნიერი“ და ამ კლუბის დაარსების მთავარი მიზანი გახლდათ ის, რომ ხელი შემეწყო არაფორმალური განათლებისთვის და წიგნის კითხვა ბავშვებისთვის სასურველ პროცესად გადამექცია. თავდაპირველად, კლუბის შექმნის ინიციატივა გააჩინა ბავშვების სურვილმა, თავისუფალ დროს შეკრებილიყვნენ და ესაუბრათ მათთვის სასურველ თემებზე. ამას შედეგად მოჰყვა ის, რომ 2016 წლიდან სკოლამ გამოგვიყო სივრცე და მოვაწყვეთ ლიტერატურული სალონი.

 

კლუბში ბავშვებს ხშირად გაკვეთილებსაც ვუტარებ, თავისუფალ დროს, თუ გვაქვს შესაძლებლობა, ვუყურებთ ფილმს და შემდეგ განვიხილავთ. ბავშვები კითხულობენ სხვადასხვა წიგნს, ლიტერატურულ კონკურსებში მონაწილეობენ და სწორედ ეს კლუბია ჩვენი შეკრების ადგილი. გვაქვს ჩვენი ბიბლიოთეკა და თითოეული ნივთი წიგნებთანაა დაკავშირებული.

 

- როგორ აყვარებთ ბავშვებს კითხვას?

- ბევრი მეთოდი მაქვს. თავდაპირველად, შესაძლოა შევთავაზო ის, რომ წიგნის წაკითხვის შემდეგ ჩატარდება ინტეგრირებული ლიტერატურული თამაში. წაკითხვის მერე მსურველები შეძლებენ თამაშში ჩართვას. მაგალითად, მეექვსეკლასელებს ვასწავლი და "ჰარი პოტერის“ წაკითხვის შემდეგ, ამ სემესტრის დასაწყისში, ლიტერატურული თამაში ჩავუტარე. ჩემი მიზანია, თანამედროვე ქართული ლიტერატურის გაცნობა ბავშვებისთვის და როცა გვაქვს შესაძლებლობა, ვხვდებით კონკრეტული წიგნის ავტორს და მოსწავლეები დიდი სიამოვნებით ინტერესდებიან ამით. სურვილი აქვთ, რომ გაესაუბრონ ტექსტის ავტორს და უფრო მეტი შეიტყონ. თავისუფალი არჩევანის პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მასწავლებლის როლი, როგორც მრჩევლის, გზამკვლევის, არ უნდა დაგვავიწყდეს. თავზე არასდროს არ ვახვევ ჩემს სურვილს. ვთავაზობ, ვურჩევ და შემდეგ უკვე ბავშვები იღებენ გადაწყვეტილებას, რა წაიკითხონ. ხშირად ისინი ჩემს რჩევას ითვალისწინებენ და მეც ვითვალისწინებ მათ რჩევას.

 

- რას ფიქრობთ ქართული ენის სკოლებში სწავლებაზე, რამდენადაა ის დრო საკმარისი, რაც აქვს დათმობილი?

 

- ეს სერიოზული პრობლემაა და წლებია უკვე განიხილება. თუმცა ახლა უკეთესობისკენ შეიცვალა საქმე, რადგანაც დაწყებით საფეხურზე ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოები გვაქვს და ეროვნულ სასწავლო გეგმაში მითითებულია ის, რომ კვირაში ერთი საათი დავუთმოთ გრამატიკის სწავლებას. მას შემდეგ, რაც ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება გახდა ინტეგრირებული, სიტუაცია შეიცვალა. ეს არ გულისხმობს გრამატიკაზე უარის თქმას, მაგრამ ბევრი გაუგებრობა გამოიწვია სისტემურობის პრინციპის დარღვევამ.

 

საშუალო საფეხურზე იმხელა მოცულობის ლიტერატურული ტექსტები ისწავლება, რომ გრამატიკისთვის დრო აღარ რჩებათ. ამდროს, ერთიან ეროვნულ გამოცდასა და გამოსაშვებ გამოცდაზე (ახლა კი გაუქმდა), ძალიან დიდი ყურადღება ექცევა გრამატიკას და რეალურად არ რჩებოდა ამის სწავლებისთვის დრო. ჯერჯერობით ეს ცვლილებაა, რაც უკვე აღვნიშნე და ძალიან კარგია. გრამატიკის სწავლება არ უნდა იყოს კონკრეტული მასწავლებლების ინიციატივა. სისტემურ დონეზე უნდა ისწავლებოდეს, თუმცა, მგონია, რომ ნელ-ნელა უფრო გაუმჯობესდება საქმე. მე, დღიდან მასწავლებლობისა, სერიოზულ ყურადღებას ვუთმობ გრამატიკის სწავლებას, რადგანაც მართლმეტყველების და მართლწერის გარეშე ძალიან ძნელია, იყო სრულფასოვანი მოქალაქე. კიდევ ერთხელ ვამბობ, ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებულ სწავლებას სულაც არ ჰქონია მიზნად გრამატიკის განდევნა. პირიქით, გრამატიკა უნდა გვესწავლებინა ლიტერატურულ ტექსტებთან მიმართებით.

 

- თანამედროვე მსოფლიოში, როდესაც ვსწავლობთ რამდენიმე უცხო ენას, ვეცნობით კომპიუტერულ პროგრამებსა და მსოფლიო გამოცდილებას, რა გამოწვევის წინაშე დგას ქართული ენა?

 

- ბუნებრივია, ბარბარიზმების გამოყენება, ინგლისური ენის გავლენა, სალიტერატურო ენის ნორმების დარღვევა და, ზოგადად, ისტორიის არცოდნაა პრობლემა. თუ ნაკლებად გვეცოდინება ისტორია, ეს ქართულ ენასა და ჩვენს იდენტობას შეუქმნის საფრთხეს. თუნდაც, 14 აპრილი, ბევრს უხარია, რომ "დედაენის დღეა“, მაგრამ ამ დროს, შეიძლება ზოგიერთმა საერთოდ არ იცოდეს, 1978 წელს რა მოხდა, ქართველმა ახალგაზრდებმა, სტუდენტებმა, რა გააკეთეს იმისთვის, რომ შეენარჩუნებინათ სახელმწიფო ენის სტატუსი. მგონია, რომ ეს ინფორმირებულობა, პასუხისმგებლობა ქართული ენისადმი იქნება გზა, რომ ჩვენი ენა დავიცვათ საფრთხეებისგან.

 

- რაზე უნდა გააკეთოს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ძირითადად აქცენტი?

 

- მასწავლებელს უნდა ჰქონდეს ბავშვის მოსმენის უნარი, მისი შეხედულებები გაითვალისწინოს და ეს გამოიყენოს გაკვეთილის დაგეგმვისას. ჩემთვის, როგორც ქართულის მასწავლებლისთვის, მნიშვნელვანია, რომ დავეხმარო მოსწავლეებს, იაზროვნონ თავისუფლად, იყვნენ კრიტიკულად მოაზროვნენი და კრიტიკული აზროვნება უკვე გულისხმობს იმას, რომ შეძლონ პრობლემების გადაჭრა, გადაწყვეტილებების მიღება და კრიტიკულ სიტუაციებში როცა აღმოჩნდებიან, თავად მოიფიქრონ და გადაწყვიტონ, როგორ მოიქცნენ. ქართულის მასწავლებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ის, რომ იზრუნოს ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბებაზე. ნებისმიერი გაკვეთილი შეგვიძლია სწორედ ამას დავუკავშიროთ. პროფესიონალიზმი და ცოდნა რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამაზე არავინ დაობს, მაგრამ ცოდნის გადაცემამდე ურთიერთობების მოგვარება, ბავშვის განვითარებაზე ზრუნვა მგონია ამოსავალი და ამას დაეშენება შემდეგ ცოდნის გადაცემისა და გაზიარების პროცესი.

 

- რა პასუხისმგებლობაა მასწავლებლობა?

 

- გვაქვს საქმე ბავშვებთან, ყველაზე სათუთ არსებებთან. თითოეული სიტყვა, თითოეული ნაბიჯი აისახება მათ ფსიქიკასა და განვითარებაზე. შესაბამისად, ჩვენ კარგად უნდა ვაცნობიერებდეთ ამ პასუხისმგებლობას. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საქმისა და ბავშვების სიყვარული, რადგანაც მგონია, რომ რაც არ უნდა დიდი ცოდნა ჰქონდეს მასწავლებელს, ბავშვების სიყვარულის გარეშე მათთვის ბედნიერ გაკვეთილს ვერ ჩაატარებს.

 

- ვინ მიგაჩნიათ კარგ მასწავლებლად, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კარგი მასწავლებელი თქვენთვის?

 

- კარგი მასწავლებელი აუცილებლად უნდა იყოს სამართლიანი, ემპათიური.უყვარდეს ბავშვები, იცნობდეს მათ ასაკობრივ თავისებურებებს და უნდა იყოს კომპეტენტური. ასევე, ახერხებდეს მუდმივად განვითარებას და იყოს სიახლეებზე ორიენტირებული, შეეძლოს შეცდომის აღიარება, თუ საჭირო გახდება, ბოდიშის მოხდაც, რადგან ასე ვაძლევთ ჩვენ ბავშვებს მაგალითს. კარგი მასწავლებელი უნდა თანამშრომლობდეს კოლეგებთან, იყოს ღირსეული, თავმდაბალი და ასევე, უნდა შეეძლოს ეფექტური კომუნიკაცია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი