logo_geo
კუები 100-წლიანი ურთიერთობის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ
- +

19 აპრილი. 2019. 18:33

 

ავსტრიის რეპტილიების ზოოპარკში ბინადარი ორი კუ ერთმანეთს 100 წლის შემდეგ დაშორდა. „BBC“-ის ცნობით, ცნობილი კუები 300 კილოგრამს იწონიან და მათი ასაკი, სავარაუდოდ, 120-დან 140-წლამდე მერყეობს.

 

ზოოპარკის დირექტორის ჰელგა ჰაპის თქმით, დედალი კუ, სახელად „ბიბი“ და მამალი კუ „პოლდი“ გალაპაგოსის კუნძულებიდან ავსტრიაში 1976 წელს ჩაიყვანეს.

 

ჰელგა ჰაპი, რომელიც კუებს 30 წელია უვლის, ამბობს, რომ კუები წლების განმავლობაში ერთად უპრობლემოდ ცხოვრობდნენ, არ ჩხუბობდნენ და ერთმანეთს არ სცილდებოდნენ, თუმცა 100-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მათი ურთიერთობა დაიძაბა.

 

„ერთ დღეს „ბიბიმ“ „პოლდის“ უკბინა და თავს დაესხა ისე, რომ კუს სისხლი წამოუვიდა და ვეტერინარი გახდა საჭირო. არ ვიცი, რა მოხდა, ვიფიქრებდი, რომ „პოლდი“ სხვა დედალი კუთი დაინტერესდა, მაგრამ აქ სხვა კუ არ გვყავს. შეიძლება „ბიბიმ“ იფიქრა, რომ უკვე ძალიან დიდია, მას „პოლდისთან“ ერთად 100 წელი აქვს გატარებული, რთულია, ამდენი ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთ პარტნიორთან იყო“, - აცხადებს ჰაპი.

 

ზოოპარკის დირექტორის თქმით, კუების შესარიგებლად ადმინისტრაციამ ყველაფერი სცადა - „ბიბისთვის“ მესამე (სათამაშო) კუ მიიყვანეს, რათა თავისი აგრესია მასზე გადაეტანა. კუები ერთმანეთსაც დააშორეს და მხოლოდ ჭამის დროს მიუშვეს ერთმანეთთან, რადგან „ბიბის“ ძალიან უყვარს ჭამა და იფიქრეს, რომ ისევ შეუყვარდებოდა „პოლდი“. ზოოპარკის ძველ ბინადრებს ფსიქოთერაპიაც ჩაუტარეს, თუმცა არაფერმა გაამართლა.

 

„მათი დაშორება სამწუხარო იყო, მაგრამ ამავე დროს ზოოპარკისთვის ფინანსურ გამოწვევადაც იქცა. საჭირო იყო ცალკე ვოლიერის აშენება, რაც ძვირი ჯდება“, - აღნიშნავს ავსტრიის რეპტილიების ზოოპარკის დირექტორი.

 

დღესდღეობით კუების ვოლიერებს შორის მინის კედელია, რომელშიც საჰაერო ხვრელებია მოწყობილი, რათა ერთმანეთის სუნი იყნოსონ, იმ იმედით, რომ კუები ოდესმე შერიგდებიან.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი