logo_geo
მართლმადიდებელი ეკლესია 21 აპრილს, ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს
- +

19 აპრილი. 2019. 18:35

 

მართლმადიდებელი ეკლესია კვირას, 21 აპრილს, ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ეკლესიებში სადღესასწაულო წირვა აღევლინება.

 

ეს არის დიდმარხვის მეექვსე კვირა, როცა მართლმადიდებლები მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობენ. რასაც ქრისტიანები ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ.

 

ამ დღესასწაულს წინ უძღვის „ლაზარეს შაბათი“, როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავის მეგობრის, ოთხი დღის მკვდარი ლაზარეს აღდგინებას.

 

ლაზარე ებრაული სახელია და ქართულად ღვთის წყალობას ნიშნავს.

 

ლაზარეს აღდგინების შესახებ მოთხრობილია იოანეს სახარების მე-12 თავში. სადაც უფალმა ასევე დაადასტურა იმის შესახებ, რომ ის არის ჭეშმარიტად სიკვდილის მძლეველი, აღთქმული მესია ისრაელისა.

 

უფალს მართალი ლაზარეს აღდგინებით სურდა, მკვდრეთით აღდგო­მის სასწაული ეჩვენებინა, თავისი მკვდრეთით აღდგომისთვის შეემზადებინა მოციქულები.

 

როდესაც ლაზარე ავად გახდა, მარიამსა და მართას მაცხოვრის სასწაულთმოქმედების იმედი ჰქონდათ, ამიტომ პატივისცემით გაუგზავნეს კაცი ქრისტეს და შეატყობინეს: უფალო, შენ ვინც გიყვარს, ავადაა. მათ იცოდნენ, რომ მაცხოვარი ინებებდა ლაზარეს განკურნებას.

 

როდესაც იესო ბეთანიაში მივიდა, ლაზარე 4 დღის დამარხული გახლდათ. მართალი ლაზარე კლდეში ესვენა, სადაც გამოქვაბული იყო და ლოდი ჰქონდა მიფარებული.

 

მარიამმა შეიტყო რა უფლის მოსვლა, უმალ გაემართა მისკენ, იესოც მას ელოდა, რათა სასაფლაოსკენ წასულიყვნენ. იუდეველები მარიამს გაჰყვნენ, რადგან ეგონათ, რომ იგი საფლავზე მიდიოდა. მარიამი კი მივიდა იმ ადგილას, სადაც მაცხოვარი ელოდა. იე­სო მივიდა ლაზარეს საფლავთან, რომელსაც ლოდი ჰქონდა მიფარებული, მსახურებს გადააგორებინა და მიმართა გარდაცვლილს: ლაზარე, გამოდი!

 

მართალი ლაზარე გამოვიდა მიცვალებულის სუდარაში შეხვეული ხელფეხშეკრული. აღესრულა ორი სასწაული: მკვდრის აღდგომა და ხელფეხშეკრულის უფლის სიტყვისამებრ საფლავიდან გამოსვლა. ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების სასწაულმა მრავალი იუდეველი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე.

 

ბზობას ქრისტიანები ტრადიციულად მიდიან ეკლესიაში, ესწრებიან წირვა-ლოცვას და ბზას აკურთხებენ. ერთი წლის განმავლობაში სახლში შენახული ბზა ამ დღეს სახლიდან გამოაქვთ, ეკლესიის ეზოში სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე ტოვებენ, ან სუფთა ადგილზე წვავენ.

 

ბზობა მხოლოდ ნაკურთხი ბზის სახლში წაღება არ არის, ადამიანმა უნდა გააცნობიეროს მთავარი არსი და დანიშნულება ამ დღესასწაულისა.

 

ამ დღეს მაცხოვარი იერუსალიმში შებრძანდა და ხალხი მას მიეგება, როგორც განმათავისუფლებელს, მხსნელს და მეუფეს. გზაზე უფენდნენ პალმის, ბზის რტო­ებს, ბევრი საკუთარ სამოსსაც უფენდა.

 

სახარებიდან ცნობილია, რომ როდესაც იერუსალიმში მიმავალი მაცხოვარი ბეთბაგეს და ბეთანიის მთას მიუახლოვდა, სოფელში ორი მოწაფე წარგზავნა და დაავალა, რომ მიეყვანათ სოფლის თავშივე დაბმული ვირი და ჩოჩორი, რომელთა ზურგმაც არ იცოდა ადამიანი: და მოჰგუარეს ვირი იგი და კიცვ მის თანა და დაასხეს მას ზედა სამოსელი და დაჯდა მას ზედა (მათე 21,7). თავდაპირველად უფლის იერუსალიმში დიდებით შესვლის ამსახველ ხატზე მაცხოვარს სახედარზე გადამჯდარს გამოხატავდნენ, მოგვიანებით დაიხვეწა ბზობის შინაარსობრივი მხარე და იგი უკვე სახედარზე ჩამომჯდარი გამოისახება.

 

საინტერესოა, რატომ აირჩია უფალმა ეს ორი პირუტყვი ვირი და ჩოჩორი და არა რომელიმე სხვა ცხოველი.

 

ცნობილია, რომ იუდეაში არსებობდა ტრადიცია: მეფეები მშვიდობიანობის დროს ამ ცხოველებს სამეფო შემოვლისთვის იყენებდნენ, ხოლო ცხენებს - სამხედრო მიზნებისთვის. იესო ჩოჩორზე შეჯდა იმის ნიშნად, რომ მას მოაქვს მშვიდობა, იგი მშვიდობის მეუფეა. ე.ი. ბზობის ხატზე მაცხოვარი ჩამომჯდარი კიცვსა ზედა გამოისახება ნიშნად უფლის თავმდაბლობისა და კარაულის მორჩილებისა. კარაულის სრული მორჩილების ნიშანია აყრილი ლაგამიც. უფალი იერუსალიმში შედის არა ცხენით, ე.ი. მხედრად და დამპყრობად, არამედ როგორც სიმდაბლის საყდარზე მჯდომი მეუფე, რომელმაც ადამიანებს მშვიდობა და ხსნა უნდა მოუტანოს.

 

როცა მაცხოვარი შევიდა იერუსალიმში, ყრმები ღაღადებდნენ: ოსანა, ძესა ღვთისასა, დიდება მეუფეს ისრაელისას! ფარისევლები კი ამ დროს მაცხოვარს ეუბნებოდნენ: უთხარი ამათ, რომ დადუმდნენ, ქების სიტყვები არ თქვანო. მაცხოვარი კი პასუხობდა: ესენი შეიძლება დადუმდნენ, მაგრამ მათ მაგივრად ქვები დაიწყებენ ღაღადსო.

 

ამ დღეს იკითხება ბზობის დღესასწაულის ტროპარ-კონდაკი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი