logo_geo
იაკობ გოგებაშვილის მარტოობის საიდუმლო
- +

22 აპრილი. 2019. 02:36

 

უკვდავი „დედაენის“ შემქმნელი, რომლის წინაშეც ქედს იხრიდნენ მისი თანამედროვეები, ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება მომავალი თაობების აღზრდა-განათლებას მიუძღვნა, ამ ქვეყნიდან ისე წავიდა, საკუთარი ოჯახი და შვილები არასდროს ჰყოლია… თუმცა საზოგადოების თვალს მიღმა რეალობა სულ სხვა იყო…

 

„ჩემი და ილია ჭავჭავაძის ღვაწლი რა მოსატანია იმ დიდ ღვაწლთან, რომელიც იაკობ გოგებაშვილს ქართველი ერის წინაშე მიუძღვის. ქართველი მწერლების ნაწერებს დღეს თუ გასავალი აქვს, იაკობ გოგებაშვილს უნდა ვუმადლოდეთ. იაკობ გოგებაშვილმა ქართველ ერს ქართული ენის სიტკბოება ჩააწვეთა, ქართული ენა შეაყვარა“,- წერდა აკაკი წერეთელი იაკობ გოგებაშვილზე.

 

„კარგად მოსული, ჩასხმული, მაღალი, მხარბეჭიანი და ლამაზი ვაჟკაცი, ომახიანი და მჭექარე ხმით. მაგრამ ამ ახოვანებას, მის რიხიანობას, როგორღაც არ ეხამებოდა სევდით მომზირალი სახე, ოდნავ ფერმკრთალი იერით და კეთილშობილური გამომეტყველებით. მისი წაბლისფერი თმა მუდამ ურჩობას ეწეოდა და ოდნავ შერხევაზე მის სპეტაკ შუბლს ხვეულ კულულებად ეფინებოდა. თვალები იშვიათი ჰქონდა, ფართო ღია ბაიებით. რიხიანი, უშიშარი და პირდაპირ შემხლელი, პირშივე მთქმელი სათქმელისა, ფიცხი და ამავე დროს განსაცვიფრებლად დინჯი იყო“, - ასე იხსენებდნენ იაკობ გოგებაშვილს მისი თანამედროვეები.

 

უკვდავი „დედაენის“ შემქმნელი და საქართველოში სამეცნიერო პედაგოგიკის ფუძემდებელი, რომელმაც მთელი ცხოვრება მომავალი თაობების აღზრდა-განათლებას მიუძღვნა, ამ ქვეყნიდან ისე წავიდა, რომ საკუთარი ოჯახი და შვილები არასოდეს ჰყოლია.

 

წარმოსადეგი გარეგნობის ახალგაზრდა კაცის უშვილძიროდ გადაგების მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამხდარა.

 

ამავე მიზეზით იაკობ გოგებაშვილი იძულებული იყო, 1963 წელს კიევის სასულიერო აკადემიაში სწავლა შეეწყვიტა და სამშობლოში დაბრუნებულიყო. კიევის ჰავამ ისედაც სუსტი ჯანმრთელობის მქონე იაკობზე ცუდად იმოქმედა და ტუბერკულოზით დაავადდა.

სუსტი ფილტვები მწერლის განაჩენად იქცა და ახალგაზრდა მამაკაცს პირად ცხოვრებაზე უარი ათქმევინა, სამაგიეროდ, მწერალი გაასმაგებული ენერგიით შეუდგა საზოგადოებრივ ასპარეზზე მოღვაწეობას…

 

1879 წლიდან იაკობ გოგებაშვილი იოსებ მამაცაშვილის ლიტერატურულ სალონის მუშაობაში მონაწილეობდა, რომელმაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებას შეუწყო ხელი.

 

იოსებ მამაცაშვილს სამი ქალიშვილი ჰყავდა, რომელთაგან ერთი იაკობმა საკუთარ თავზე მეტად შეიყვარა, მაგრამ ვერაგი დაავადების გამო იძულებული იყო, ბედნიერებაზე უარი ეთქვა.

 

იაკობ გოგებაშვილის გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგ, მწერლის მშობლიურ რაიონში ელენე იაკობის ასული გოგებაშვილი გარდაიცვალა, რომელსაც ზოგიერთები იაკობის შვილად მიიჩნევდნენ.

 

ამბობდნენ, რომ იაკობს ელენე მოახლისგან შეეძინა, რომელიც მწერლის სახლიდან წამოვლის შემდეგ, მეჯვრისხევში დასახლდა.

 

არსებობს ინფორმაცია, რომ მწერალი ყოფილი მოახლის ოჯახს ფინანსურ დახმარებას უწევდა და როცა ელენე გათხოვდა, მზითვად ავეჯი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები უყიდა.

 

ელენეს სახლში იაკობ გოგებაშვილის ნაჩუქარი და მისი ხელმოწერით დამშვენებული ნივთები ინახებოდა, მათ შორის – სპილენძის ქვაბები და ვერცხლის დანა-ჩანგლები.

 

იმასაც ამბობენ, რომ ელენე გოგებაშვილის ხუთი შვილიდან ყველა განსაკუთრებული ინტელექტით და ნიჭიერებით გამოირჩევა.

 

ზემოთ ხსენებული ვერსიის სანდოობაზე თავს ვერ დავდებთ, თუმცა ის კი ფაქტია, რომ იმ მოახლე ქალის წასვლის შემდეგ მწერალს სახლში მოახლედ მხოლოდ მამაკაცები ჰყავდა.

 

სახელოვანი მწერლის პირად ცხოვრებასა და მარტოობის მიზეზებზე იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის თანამშრომელ თინათინ შაქარაშვილს ვესაუბრეთ:

 

– ცნობილია, რომ იაკობ გოგებაშვილი ტუბერკულოზით იყო დაავადებული. ტუბერკულოზი კი იმ დროს განუკურნებელ და მემკვიდრეობით გარდამავალ სენად მიიჩნეოდა.

 

იაკობის მთელი ოჯახი – დედა და და-ძმაც ფილტვებით დაავადებულები იყვნენ. იაკობის უფროსი ძმა სრულიად ახალგაზრდა შეეწირა ამ დაავადებას.

 

მწერალი, რომელიც ხანდახან თვეობით ლოგინად იყო ჩავარდნილი და იტანჯებოდა, ცოლ-შვილს ასეთი ტანჯვისთვის ვერ გაიმეტებდა და ოჯახის შექმნაზე უარი თქვა.

 

ამის დამადასტურებელი რაიმე ჩანაწერი ან მიმოწერა არ არსებობს, თუმცა, ცნობილია, რომ იაკობი იოსებ მამაცაშვილის ქალიშვილ დარიაზე იყო შეყვარებული. იოსების ძმა, კონსტანტინე მამაცაშვილი გადამდგარი პოლკოვნიკი იყო და შეძლებული ოჯახი ჰქონდა. მის სახლში ლიტერატურული სალონი ეწყობოდა, სადაც ახალგაზრდობა იკრიბებოდა.

 

სწორედ ასეთი შეკრებების დროს ჩაეყარა საფუძველი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას.

 

სწორედ ამ პერიოდში დაუახლოვდა და შეუყვარდა იოსებ მამაცაშვილის ქალიშვილი იაკობ გოგებაშვილს, რომელიც ამ საზოგადოების სული და გული იყო.

 

ცნობილია, რომ იაკობს ქალიშვილიც თანაუგრძნობდა და სხვებიც ოჯახის შექმნისკენ მოუწოდებდნენ, მაგრამ თავისი დაავადების გამო იაკობმა დარია მამაცაშვილთან დაქორწინებაზე უარი თქვა.

 

დარიას გარდა, იაკობის ცხოვრებაში სხვა ქალი არ ყოფილა?

 

– 40 წელი გავიდა, რაც ამ მუზეუმში ვმუშაობ და შემიძლია გითხრათ, რომ შემორჩენილია იაკობის უამრავი წერილი და პუბლიკაცია, მაგრამ ყველა მხოლოდ საქმიანია. არსად პირადი გრძნობები არ ჩანს.

 

– ალბათ გსმენიათ მოარული ჭორები, რომ მწერალს ჰყავდა შვილი თავისი მოახლისგან…

 

– მოარული ჭორი მოარული ჭორია, რომლის არც დადასტურება შემიძლია და არც უარყოფა.

 

იაკობ გოგებაშვილის მოღვაწეობის პერიოდში მეფის რუსეთის პოლიტიკა ქართული ენის ძირფესვიანად ამოშანთვას ცდილობდა – სკოლებში ქართული ენის ხსენება აკრძალული იყო, ინტელიგენცია რუსულად აზროვნებდა და საუბრობდა…

 

იაკობ გოგებაშვილი ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის მიერ შექმნილ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში აქტიურად ჩაება და მიზნად მომავალი თაობის ქართული ენისკენ შემობუნება დაისახა.

 

1865 წელს გამოვიდა იაკობ გოგებაშვილის „ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“;

1868 წელს – „ბუნების კარი“;

1872 წელს – „დარიგება მოსწავლეთათვის, როგორ უნდა წაიყვანოს სწავლება წერა-კითხვისა ქართულ ანბანში“;

1876 წელს – „დედა ენა“, რომელიც ძალიან მალე ქართველების უპირველესი და საყვარელი წიგნი გახდა.

 

მეფის რუსეთს იაკობ გოგებაშვილის სამწერლო და საზოგადოებრივი აქტიურობა შეუმჩნეველი არ დარჩენია. მწერალი „საზოგადოებრივი სამსახურისთვის არაკეთილსაიმედო პირად“ გამოაცხადეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს და სახელმწიფო ბინაც ჩამოართვეს.

 

უსამსახუროდ, უბინაოდ და უფულოდ დარჩენილმა მწერალმა მთელი სიცოცხლე საზოგადო მოღვაწეობას და სხვათა დახმარებას მიუძღვნა და წიგნების გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალს მთლიანად წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების გადასცემდა.

 

ბავშვების უზომოდ მოყვარული მწერალი ღარიბ მოსწავლეებს მატერიალურად ეხმარებოდა. გამუდმებით უგზავნიდა ფულს რუსეთსა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში ქართველ სტუდენტებს.

 

მისი შუამდგომლობით, სტიპენდია მიიღეს შემდგომში გამოჩენილმა კომპოზიტორებმა ზაქარია ფალიაშვილმა და დიმიტრი არაყიშვილმა.

 

იაკობ გოგებაშვილი 1912 წლის 1 ივნისს, 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილის წინ თავისი ფასდაუდებელი მემკვიდრეობა ქართველ ხალხს უანდერძა.

 

იაკობ გოგებაშვილის ძმისშვილი, შალვა გოგებაშვილი იხსენებს:

„როდესაც იაკობი დაასაფლავეს და მისი ქონების განაწილებაზე მიდგა საქმე, მის ნათესავთა და მეგობართა შორის, კუთხეში იდგა ცრემლმორეული პედაგოგი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე ლუარსაბ ბოცვაძე. როდესაც ჰკითხეს, შენ რაღას წაიღებო, ის შეირხა, თვალი მიაშტერა კუთხეში მიგდებულ ჯოხს, რომელზეც არავინ არა სდავობდა და წყნარად სთქვა: მე კიდევ აგერ ეს ჯოხი მომეცით სახსოვრადო“.

 

იაკობ გოგებაშილი დიდუბის ეკლესიასთან დაკრძალეს.

1940 წელს, დაბადების 100 წლისთავზე, დიდი ქართველის ნეშტი დიდუბიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი