logo_geo
ლეგენდად ქცეული ოდრი ჰეპბერნი
- +

5 თებერვალი. 2017. 16:50



1929 წლის 4 მაისს ბრიუსელში დაიბადა ოდრი ჰეპბერნი, მისი ნამდვილი სახელი და გვარია ოდრი კეტრინ რასტონია. ის, არისტოკრატების ოჯახში დაიბადა. დედა ძალიან მკაცრი ჰყავდა, მამა კი - თბილი და მოსიყვარულე. ამიტომაც, გოგონას მამა გამორჩეულად უყვარდა და ძალიან განიცადა, როცა მან ოჯახი დატოვა. ამ ფაქტს ოდრი მთელი ცხოვრების განმავლობაში მტკივნეულად აღიქვამდა.


მშობლების განშორების შემდეგ ოდრი დედასთან ერთად ჰოლანდიაში ცხოვრობდა, ქალაქ არმენში. მეორე მსოფლიო ომის წლებში ჰოლანდიელებს ძალიან გაუჭირდათ. ნაცისტებმა ოდრი ჰეპბერნის ბიძა და ბიძაშვილი  დახვრიტეს, მის ძმას კი საკონცენტრაციო ბანაკში უკრეს თავი. უჭმელობის გამო გოგონას ჯანმრთელობა შეერყა. ის საათობით იწვა საწოლში და კითხულობდა, რათა შიმშილის გრძნობას მორეოდა. ვარაუდობენ, რომ დეპრესია, რომლითაც ოდრი მომდევნო წლებში იტანჯებოდა, სწორედ ამ მძიმე წლების შედეგი იყო. ბავშვობაში მომავალ მსახიობს ძალიან უნდოდა ბალერინა გამხდარიყო, მაგრამ საბოლოოდ გულმა მსახიობობისაკენ გაუწია.


1951 წელს შედგა ფილმში „The Secret People". ოდრიმ კრიტიკოსების დადებითი შეფასება დაიმსახურა, თუმცა ამ ფილმის წარმატება ერთიანად დაჩრდილა „რომაულმა არდადეგებმა", სადაც მსახიობმა განუმეორებელი სახე შექმნა და ნამდვილი ფურორი მოახდინა. გრიგორი პეკი, რომელიც ამ ფილმში მასთან ერთად თამაშობს,  დარწმუნებული იყო, რომ ამ როლისათვის ოდრი ჰეპბერნი „ოსკარს" მიიღებდა. მართლაც, 1953 წელს ოდრი ჰეპბერნმა მიიღო ჯილდო ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის.

 

 

წარმოგიდგენთ უცნობ ფაქტებს ოდრი ჰეპბერნის შესახებ


მსოფლიო დარწმუნებული იყო, რომ იგი, მართლაც, მეფის ასულია, რომელიც ერთი ღამით სასახლიდან გაიპარა. წარმოუდგენელია, რომ ასეთი არაამქვეყნიური სილამაზისა და სიწმინდის გოგონა სადმე ჩვეულებრივ ქალაქში ცხოვრობდეს და ჩეულებრივი ყოფით იყოს დაკავებული.


ოჯახში იდილია არ სუფევდა, რადგან ოდრის დედ-მამა გამუდმებით კამათობდნენ, ოდრის ძმები ასევე გამუდმებით ჩხუბობდნენ და დაიკოსაც ჩაგრავდნენ, თავად ოდრის კი სულ შიოდა, ოღონდ არა იმიტომ, რომ საჭმელი აკლდათ, უბრალოდ მის კვებაზე არავინ ზრუნავდა. „მე ჩემს მშობლებს არ ვჭირდებოდი", - ასე ჩაწერა მოგვიანებით ოდრიმ თავის მემუარებში.


დაბადებიდან 21-ე დღეს ოდრის გული მცირე ხნით გაჩერებულა და ჩვილი ყველას მკვდრად ჩაუთვლია, მაგრამ რაღაც სასწაულის წყალობით ბავშვს კვლავ გაუხელია თვალი. ამის გამო, ოდრი ხშირად ამბობდა - „მე სამ კვირაში გარდავიცვალე, რათა ჩემში სხვა არსების სული ჩასახულიყო".

 

1951 წელს ოდრი ფილმ „მონტე-კარლოს" გადაღების დროს რიგით მოცეკვავედ აიყვანეს, მაგრამ რეჟისორმა უყურადღებოდ არ დატოვა ოდრის ნიჭი, სილამაზე და ჰაეროვნება, ამიტომ ერთ-ერთ მთავარ როლზე დაამტკიცა.


ცნობილია ისიც, რომ პირველივე წელს ამერიკაში ოდრის დელიკატურად შესთავაზეს - გვარის გამოცვლას ხომ არ ინებებთ, ჩვენ ერთი ჰეპბერნი უკვე გვყავს კეტრინი და თანაც ძალზედ სახელოვანიო, მაგრამ ჰეპბერნ მეორეს მტკიცედ განუცხადებია - „თუ ჩემი მიღება გსურთ, ჩემი გვარიც უნდა მიიღოთ, სხვაგვარად შეუძლებელია". სხვათაშორის, ოდრისა და კეტრინს ჰყოლიათ ძალზედ შორეული საერთო წინაპარი, სახელად ჯეიმზი, თუმცა არც ერთ მათგანს ეს ფაქტი არასოდეს დაუფიქსირებია ერთმანეთთან ურთიერთობისას


ის ყოველთვის გამოირჩეოდა თავშეკავებულობით, მაგრამ როცა ოსკარის მისაღებად სცენაზე აირბინა ისე დაიბნა რომ ჟან ჰერშოლტს ტუჩებში აკოცა, შემდეგ გაწითლდა, დაიმორცხვა და კულისებისაკენ გაიქცა.


ოდრი ყოველთვის ფრთხილად და გაგებით ეკიდებოდა ოჯახის შექმნას. 50-იან წლების დასაწყისში ოდრი ჰეპბერნი ახალგაზრდა ჯეიმს ჰანსონზე დაინიშნა. ხოლო როცა ქორწილის დღე დადგა საქორწილო კაბა გაიხადა და ერთ გაჭირვებულ წყვილს აჩუქა. ჯეიმს კი უთხრა: „ჩემნაირი რეჟიმის მქონე ადამიანებს ოჯახები მალევე ენგრევათო, ხოლო ვისაც კაბა ვაჩუქე მთელი ცხოვრება ემახსოვრებაო!"


ოდრის პირადი ცხოვრება არც ისე ცნობილი იყო ფართო საზოგადოებისთვის, და ჟურნალისტებისთვის. ოდრის პირველი ქორწინება უილიამ ჰოლდერთან კრახით დასრულდა. ოდრი აღნიშნავდა „ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო, რომელიც როგორც წესი დიდხანს არ გრძელდება."


ჰეპბერნი გამოირჩეოდა თავმდაბლობით, სიკეთითა და ენამახვილობით, რომლის ცხოვრებისეული ფილოსოფია სხვების საკუთარი თავის წინ დაყენება იყო. ხასიათის ეს თვისება მან განსაკუთრებით ცხოვრების მეორე ნახევარში გამოამჟღავნა იუნისეფთან თანამშრომლობის წლებში.

 

 

სტივენ სპილბერგმა 1989 წელს მთავარი როლი შესთავაზა ფილმში „ყოველთვის". ეს ფილმი სამწუხაროდ, მშვენიერი ლედისთვის ბოლო აღმოჩნდა.


ოდრის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მსახიობი დაავადებას ებრძოდა და დანებებას არ აპირებდა. მძიმე დღეების მიუხედავად საქველმოქმედო საქმიანობას არ წყვეტდა. მის გვერდით იყო რობერტი, ყოველ მის სიტყვას ისმენდა და განიცდიდა რომ შეიძლებოდა ნებისმიერი სიტყვა ბოლო ყოფილიყო. სიცოცხლის ბოლო დღეები შვეიცარიის ლამაზ ქალაქში, მე-18 საუკუნის შენობაში გაატარა. ოდრი 1993 წლის 20 იანვარს გარაიცვალა, მან მხოლოდ გარდაცვალების წინ, სათნო ხმით თქვა: „მე მიყვარხარ რობერტ!"


 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი