logo_geo
გრეის კელი - ნამდვილი ამბავი ზღაპრის მიღმა…
- +

5 თებერვალი. 2017. 21:27



1955 წელს მონაკოში სამი ისტორიული პერსონის გზა გადაიკვეთა. პირველი - პრინცი რენიე, პატარა სამეფოს მმართველი, რომელიც საკუთარი ქვეყნის წინაშე ვალდებულებების გამო იძულებული გახდა, პირად ბედნიერებაზე და სიყვარულზე უარი ეთქვა, მეორე - მონაკოში „საგადასახადო სამოთხის" შენარჩუნებაში დაინტერესებული მილიარდერი ონასისი, და მესამე - გრეის კელი, ჰოლივუდის ვარსკვლავი და ჩვეულებრივი ქალი, რომელიც ქალურ ბედნიერებაზე ოცნებობდა... რა მიიღო საბოლოო ჯამში თითოეულმა?


რენიე შეყვარებული იყო. მისი რჩეული - ჟიზელ პასკალი, მსახიობი, ქალი მშვენიერი სევდიანი თვალებით. ისინი უკვე 6 წელია ერთად არიან. ბედნიერები, განუყრელები, ერთმანეთს შესანიშნავად ავსებენ. მაგრამ... წყვილი უნდა დაშორდეს. ჟიზელს არასოდეს ეყოლება შვილები, რენიეს კი არ აქვს უფლება, მემკვიდრის გარეშე დარჩეს.



მოვლენების მსგავსი განვითარება არ აწყობდა ონასისს. 1949 წელს რენიემ, რომელსაც მემკვიდრეობად გაპარტახებული სამეფო ერგო, ბერძენ მილიონერს Societe des Bains de Mer-ის, მონაკოს საუკეთესო უძრავი ქონების მფლობელი კომპანიის საკონტროლო პაკეტი მიჰყიდა. ონასისმა სამეფოს წესრიგში მოიყვანა დაიწყო: აღადგინა კაზინოები, სასტუმროები, ააშენა ახალი იპოდრომი, მოაწყო ნავმისადგომები. ის, რა თქმა უნდა, დაინტერესებული იყო თავისი ინვესტიციების მომგებიანობაში, ამიტომაც, პრინცისთვის საცოლის შერჩევა მოინდომა. მისი საქმიანი ინტერესები ახალ მსოფლიოს უკავშირდებოდა, ამიტომ გადაწყვიტა, რომ საცოლე ამერიკელი კინოვარსკვლავი უნდა გამხდარიყო.


არისტოტელე ონასისი: „რენიე, ნუ ფიქრობთ, რომ თქვენი მტერი ვარ. ჩვენ პარტნიორები ვართ: მე 52%-ს ვფლობ, თქვენ - 48%-ს. მე ფულს ვაბანდებ,თქვენ - სახელს, წოდებასა და რეპუტაციას. ომის დროს თქვენი სამეფო ნაცისტების დასასვენებელ სახლს ჰგავდა, სადაც გერმანელი გენერლები ფარშევანგებივით დაგოგმანებდნენ. ამიტომაც არ სურს ხალხს აქ ჩამოსვლა. უნდა დავუბრუნოთ მონაკოს დადებითი იმიჯი, მივიქციოთ პუბლიკის ყურადღება, თქვენი სახელმწიფო მსოფლიოს ახალი ამბების ცენტრად უნდა ვაქციოთ! ნება მიბოძეთ, მიკიბ-მოკიბვის გარეშე გესაუბროთ. უნდა დაქორწინდეთ და მემკვიდრე გააჩინოთ. ცოლად კი ძალიან ცნობილი ქალი უნდა მოიყვანოთ, პლანეტის ყველაზე ცნობილი ქალი... მერილინ მონროზე რას ფიქრობთ? ახლახან გავიცანი, ის თავის ბეისბოლისტს, დი მაჯიოს დაშორდა.

 

მთავარია, დრო არ დავკარგოთ. ის ხომ მერილინ მონროა! დამთქნარებასაც ვერ მოასწრებ და ცხვირწინ აგწაპნიან! ელვის სისწრაფით უნდა ვიმოქმედოთ. ერთი სიტყვით, მე უკვე დავიწყე მოლაპარაკებები. პირდაპირ ვკითხე მას: სურს თუ არა თქვენი გაცნობა. იცით რა მიპასუხა? "დამტოვეთ მასთან უდაბნოში ორი დღით და პრინცი ცოლად მომიყვანს". რენიეს გაუკვირდა: - ღმერთო, რატომ მაინც და მაინც უდაბნოში? - აღმოჩნდა, რომ მერილინს მონაკო და მაროკო აერია ერთმანეთში. არ არის გოგონა გეოგრაფიაში ძლიერი, ამას რა მნიშვნელობა აქვს? - განაგრძო ონასისმა - მთავარია, ის ყველაფრისთვის მზად არის, კინოდან სამუდამოდ წამოსვლაზეც კი. ერთ კვირაში კანის კინოფესტივალი იწყება, პირადად გაგაცნობთ მას..."



მერილინი კანის კინოფესტივალზე არ ჩავიდა, პრინც რენიეს ამერიკელი დრამატურგი ართურ მილერი ამჯობინა. ფესტივალის მთავარი ვარსკვლავი კი ქერა, მწვანეთვალება გრეის კელი გახდა, რომელიც ალფრედ ჰიჩკოკის ბოლო ფილმებში ბრწყინავდა.


გრეის პატრისია კელი, ვინ არის ის?... ერთნი მასში ანგარებიან კინოდივას ხედავდნენ, რომელიც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში საკმაოდ წარმატებულად ასრულებდა პატარა სახელმწიფოს პრინცესის როლს. სხვები მას გამოცდილ კახპად მიიჩნევდნენ, რომელიც უსირცხვილოდ იცვლიდა საყვარლებს... მაგრამ ამ ბრწყინვალებისა და სკანდალური სენსაციების მიღმა მარტოხელა, მოაზროვნე სული იმალებოდა. ქალის სული, რომელიც ბედნიერებაზე ოცნებობდა, და რომელიც ამ ბედნიერების მახეში გაება.



გრეისი შესანიშნავად იყო აღზრდილი, თავაზიანი და კეთილმოსურნე, სხვების ყურადღებით მოსმენა შეეძლო, ბრწყინვალედ ფლობდა წერისა და საუბრის კულტურას, ულამაზესი ხმა ჰქონდა. კარგად აწონ-დაწონილი გადაწყვეტილებების მიღება ეხერხებოდა, მუდამ აღწევდა დასახულ მიზანს. მისი კერპი ინგრიდ ბერგმანი გახლდათ. 18 წლიდან საკუთარი ძალებით ირჩენდა თავს და იხდიდა სწავლის საფასურს. მასში წარმოუდგენლად ერწყმოდა მანკიერება და სინაზე, პრაქტიკული და მეოცნებე ქალი. გარეგნულად „ცივი ლედი", რომელშიც პატარა ეშმაკი ბუდობდა. შესაძლოა, სწორედ ეს იდუმალი გაორება მოსწონდა მასში გენიალურ ჰიჩკოკს. "ის არის ვულკანი თოვლის ქვეშ, - ამბობდა რეჟისორი საყვარელ მსახიობზე, „მისი ცივი, ხაზგასმულად რესპექტაბელური გარეგნობის მიღმა წარმოუდგენელი ვნება იმალება".


გრეის კელის საყვარელი მამაკაცები


19 წლის გრეისს სამსახიობო ხელოვნების პედაგოგი დონ რიჩარდსონი შეუყვარდა. ეს მისი პირველი და დიდი რომანტიკული სიყვარული გახლდათ. წყვილი მალულად ხვდებოდა ერთმანეთს. გრეისის მშობლებთან რიჩარდსონის გაცნობა კრახით დასრულდა. მამამ იეჭვა, რომ ის ებრაელი იყო, და როგორც მორწმუნე კათოლიკემ, კატეგორიული უარი განაცხადა სხვა რელიგიის წარმომადგენლებთან დამოყვრებაზე.



ალექს, დ'არსი. იმ მომენტისთვის სახელგანთქმული ფრანგი მსახიობი, რომელიც უკვე 20-ზე მეტ ფილმში გადაიღეს. ბოჰემის ნებიერა, რომელიც გრეისზე თითქმის ორჯერ უფროსი იყო. ალექსი იხსენებდა, რომ გრეისი ძალიან „სექსუალური, ნაზი და ვნებიანი იყო".



კლარკ გეიბლი. ფილმმა "მოგამბო" გრეისს ოსკარის ნომინაცია და... მთავარი როლის შემსრულებელ კლარკ გეიბლთან რომანი მოუტანა. კელის მუდამ იზიდავდა შუა ხნის მამაკაცები, რაღაცით მამამისის მსგავსი. გადაღებების დასრულების შემდეგ გეიბლმა ურთიერთობას წერტილი დაუსვა. გრეისი აეროპორტში ყველას დასანახად ატირდა...


რეი მილანდი. პარტნიორი ჰიჩკოკის ფილმში „აკრიფეთ მკვლელის ნომერი". მათ რომანს სკანდალი მოჰყვა - მილანდი დაქორწინებული იყო, მის მეუღლეს კი გავლენიანი მეგობრები ჰყავდა.


უილიამ ჰოლდენი. პარტნიორი ფილმში „ტოკო-რი". გათხოვების მორიგი მცდელობა, და გრეისის მამისგან მორიგი სასიძოს დაწუნება...



ოლეგ კასინი. გრეისს ბოლო რომანი იტალიელ მოდელიერთან და დიზაინერთან, ოლეგ კასინისთან ჰქონდა - რუსი დიდგვაროვანი ემიგრანტების შთამომავალთან. ეს ურთიერთობა ყველაზე ხანგრძლივი და სერიოზული გამოდგა. გრეისმა სიხარულით მიიღო კასინის წინადადება, მაგრამ ოჯახმა კვლავ უარყო ქალიშვილის არჩევანი. თავად ოლეგმაც არ დაიჟინა - მისი წინა ორი ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა და კასინი არ იყო დარწმუნებული, შეძლებდა თუ არა გრეისის გაბედნიერებას.



პრინცთან გაცნობა. 1955 წელი. გრეისს, რომელიც უკვე 11 ფილმში გადაიღეს, რომელსაც ორი „ოქროს გლობუსი" და „ოსკარი" ჰქონდა მიღებული, შესთავაზეს ამერიკული დელეგაციის ხელმძღვანელობა კანის კინოფესტივალზე. ჟურნალმა Paris Match ამერიკის ერთ-ერთი ულამაზესი ქალისა და ევროპელი მონარქის ერთობლივი ფოტოსესია მოაწყო.


შეხვედრა შედგა. მის კელიმ და მონაკოს პრინცმა რენიე III-მ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, ფოტოგრაფებმა კი ეს მომენტი ფირზე აღბეჭდეს. პრინცმა გრეისს სასახლე დაათვალიერებინა, ბაღში გაასეირნა. როდესაც კელის ჰკითხეს, თუ როგორ მოეწონა პრინცი, მან უპასუხა: „მომხიბვლელია, ჩემი აზრით, ძალიან მომხიბვლელია". შემდეგ პრინცს მოკლე, თავაზიანი ბარათი გაუგზავნა, სადაც მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. ასე დაიწყო მათი მიმოწერა, რომელიც ნახევარ წელიწადს გაგრძელდა. სავარაუდოდ, მერილინის გრეის კელით ჩანაცვლებაში ონასისის ხელი ერია: კანის კინოფესტივალში მისი ჩამოსვლის ორგანიზება მოაწყო, შემდეგ კი დაარწმუნა, გაეგზავნა პრინცისთვის ბარათი.


 

ნიშნობა. რენიემ დაქორწინება მას შემდეგ გადაწყვიტა, როდესაც შეიტყო, რომ მის საცოლეს შვილის გაჩენა შეუძლია. ნიშნობა 1955 წლის დეკემბერში, გრეისის სამშობლოში, ფილადელფიაში შედგა. გრეისი სიხარულისგან ცაში დაფრინავდა - ოჯახის შექმნის სურვილი, მიმზიდველი სოციალური სტატუსი, ზღაპარში აღმოჩენა - ყველა ოცნება უსრულდებოდა. ალფრედ ჰიჩკოკს კი ეს ამბავი არ მოეწონა: ქორწილის შემდეგ, ქმრის ბრძანებით, კელიმ კინოში გადაღებას თავი დაანება. მეტიც, რენიემ აკრძალა მონაკოს ტერიტორიაზე გრეისის მონაწილეობით ფილმების ჩვენება.


საუკუნის ქორწილი. 1956 წლის აპრილში ჯვრისწერის ცერემონიალი გაიმართა. გრეის კელისა და პრინც რენიეს ქორწილი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე გრანდიოზულ მოვლენად მიიჩნევა. ამბობენ, ამ დღეს შეიძლება თანამედროვე შოუ ბიზნესის დაბადების დღე ეწოდოს. დღეს, შორიდან, შეგვიძლია ონასისის "პიარის" გენიალური ნიჭის სათანადოდ შეფასება. ძველი ევროპის მთელმა სილამაზემ და ფუფუნებამ მოიყარა იმ დღეს თავი მონაკოს კათედრალურ ტაძარში, რომელიც იასამნითა და თეთრი ლილიებით იყო მორთული. რენიეს ნაპოლეონის ეპოქის სტილიზებული მუნდირი ემოსა, პატარძალს კი სპილოს ძვლისფერი კაბა-შედევრი, რომელიც ჰოლივუდის კოსტიუმერმა, ელენ როუზმა შეკერა. კაბის შესაქმნელად 25 მეტრი საუკეთესო აბრეშუმი და 100 მეტრი აბრეშუმის მაქმანი გამოიყენეს, რომელიც ქორწილამდე 125 წლით ადრე დაამზადეს ფრანგმა მემაქმანეებმა. თავსაბურავისთვის კი ათასობით მარგალიტი. გრეის კელის საპატარძლო კაბა ფილადელფიის ხელოვნების მუზეუმში ინახება.



600 მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ დიპლომატები, ქვეყნის მეთაურები, კინოვარსკვლავები, ცნობილი ბიზნესმენები. ამბობენ, რომ ოსკარის დაჯილდოვების დროსაც კი არ მოუყრია თავი ერთად ამდენ ვარსკვლავს. ქორწილის პირდაპირი ტრანსლაცია ევროპის 9 ქვეყანაში მიმდინარეობდა, მას 33 მილიონი ადევნებდა თვალს.



შედეგი. მრავალი წლის განმავლობაში მონაკო მაღალი საზოგადოების ახალი ამბების მიმწოდებელი გახდა მოდური ჟურნალებისათვის, რომელთაც იგი საკულტო დასასვენებელ ადგილად აქციეს. ონასისის იდეამ გაჭრა. მონაკო ნატიფ პუბლიკას იზიდავდა, ნავსადგომებში ძვირად ღირებული იახტები იწონებდნენ თავს, კაზინო სრული დატვირთვით ამუშავდა. ყოველწლიყრად მონაკოს 4 მილიონი ტურისტი სტუმრობს. "მონაკოს გრან პრი" "ფორმულა 1"-ის ყველაზე პრესტიჟული რბოლა გახლავთ. რენიეს მემკვიდრეები გაუჩნდა - ის ორი პრინცესასა და პრინცის მამა გახდა (პრინცესა კაროლინა (1957), მემკვიდრე პრინცი ალბერტ II (1958), პრინცესა სტეფანია (1965).


XX საუკუნის დასასრულისთვის რენიეს პირადი ქონება მილიარდნახევარ დოლარს აჭარბებდა. კანონების მანიპულაციის გზით, მან მოახერხა ონასისისთვის საკონტროლო პაკეტის წართმევა. მას შემდეგ, დღემდე, კაზინოდან მიღებული შემოსავალი მონაკოს სახელმწიფო ხაზინაში შედის.



პრინცესა გრეისი. მთელი თავისი ელეგანტურობა და მომხიბვლელობა მსახიობმა თავისი ცხოვრების უმთავრეს როლში - პრინცესას, მეუღლისა და დედის როლში ჩააქსოვა. გრეისი გათხოვებიდან პირველივე წელს ქველმოქმედებით დაკავდა - 1956 წელს საშობაო ნაძვის ხე მოაწყო სასახლეში სამეფოს ბავშვებისთვის. ეს ყოველწლიური ტრადიცია გახდა, ისევე როგორც ხანდაზმულებისა და შშმ პირების ჩაიზე დაპატიჯება, რომელთაც გრეისი პირადად ასაჩუქრებდა. გრეისმა მონაკოში საავადმყოფო და საბავშვო ბაღი გახსნა, ინახულებდა მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლს. გრეისის შემოქმედებით ნატურას სამეფო სასახლეში დიდი გასაქანი არ ჰქონდა. კინოში დაბრუნებაზე საუბარიც ზედმეტი იყო, მაგრამ მან მოახერხა კომპრომისული ვარიანტის პოვნა - პოეზიის საღამოებს მართავდა. ბილეთები ელვის სისწრაფით იყიდებოდა, დარბაზი ბოლომდე ივსებოდა. მან კონცერტებით მთელი ევროპა მოიარა. ემზადებოდა ამერიკის ტურნესთვის. შინ მას არაფერი აჩერებდა. შვილები გაიზარდნენ და დედის მზრუნველობა უკვე საჭირო აღარ იყო. ქმართან ურთიერთობა გაცივდა. გრეისს უამრავი ერთგული თაყვანისმცემელი ჰყავდა, ხშირად, მასზე უმცროსი. ყვითელი პრესა მათ „სათამაშო ბიჭებს" უწოდებდა.



ზღაპარს მიღმა. ქალი-გრეისი კი ქორწინებაში ბედნიერი არ ყოფილა, განსაკუთრებით, ცხოვრების უკანასკნელ წლებში. რენიეს უმიზეზო აგრესიის შეტევები ემართებოდა, მას შეეძლო ცოლისთვის ღვინის ბოკალი ესროლა, ხალხის თანდასწრებით დაემცირებინა. გრეისს არასოდეს უტირია, არ გაუმართავს ისტერიკა. რბილი, მშვიდი ხმით უბრძანებდა მოახლეს, შეეცვალათ მისი უდიდებულესობისთვის ბოკალი.



შესაძლოა, რენიე მეუღლის საყოველთაო დიდებას ვერ ეგუებოდა და ეჭვიანობდა. მონაკოს ცხოვრების დონე სულ უფრო მაღლდებოდა, და უამრავი ადამიანი ამას პრინცესა გრეისის გამოჩენას უკავშირებდა. მას მონაკოელების თილისმად და აყვავების სიმბოლოდ მიიჩნევდნენ. შესაძლოა, რენიეს აღონებდა ის ფაქტი, რომ ქვეყნის მოქალაქეებმა დაივიწყეს მისი ამაგი და ძალისხმევა, რაც მან კრიზისის დროს გასწია. ან შესაძლოა, მათ ვერ იპოვეს ერთმანეთში ის, რასაც ეძებდნენ... ან მათ შორის კვლავ ჟიზელი და კასინი იდგნენ... 38 წლის ასაკში გრეისმა სერიოზული ოპერაცია გადაიტანა, რის შემდეგაც შვილების გაჩენა არ შეეძლო. ორგანიზმის ჰორმონალური ფონი დაირღვა. თავი იჩინა ჰიპერტონულმა კრიზმა, უძილობამ. გრეისი ცდილობდა, დეპრესიაში არ ჩავარდნილიყო. რეგულარულად ცურავდა აუზში, დაკავებული იყო აუტოტრენინგით, საღამოობით მღეროდა. მაგრამ ხანდახან წყობილებიდან გამოდიოდა, ტიროდა, უარს ამბობდა საკვებზე, საათობით ჩუმად იყო.


ამბობენ, როდესაც ძალიან ცუდად გრძნობდა თავს, იკეტებოდა თავის ოთახში, სკივრიდან იღებდა ფაიფურის თოჯინას და წარმოთქვამდა ფრაზას, მხოლოდ მისთვის გასაგებ "თოჯინების ენაზე". გრეის-პატრისია კელი - XX საუკუნის საოცარი და ძლიერი პიროვნება. მან მსოფლიო აღიარებას მიაღწია, გახდა კინოვარსკვლავი (გადაღებულია ფილმებიში: "შუადღე", "მოგამბა", "ტოკო-რი", "სოფლელი გოგონა", "გედი", "მაღალი საზოგადოება", და სხვ.) და ნამდვილ პრინცს გაჰყვა ცოლად... 1982 წლის 14 სექტემბერს 53 წლის პრინცესა გრეისი ავტოკატასტროფაში დაიღუპა...


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი