logo_geo
რამდენი ხანი გვჭირდება ბუნებაში ყოფნა სტრესის მოსახსნელად
- +

26 აპრილი. 2019. 19:34

 

 

როდესაც სტრესს განვიცდით, ბუნებას ნამდვილი სასწაულის მოხდენა შეუძლია. მეცნიერებმა კი გაარკვიეს რამდენი დრო უნდა გავატაროთ ბუნებაში, რომ მოდუნება ნამდვილად შევძლოთ - ამის შესახებ გერმანული გამოცემა Die Welt წერს.

 

ორგანიზმზე ბუნებაში ყოფნის დადებით გავლენას ბევრი სამეცნიერო ნაშრომი ამტკიცებს. „ვიცით, რომ ბუნებაში გატარებული დრო სტრესს ამცირებს, თუმცა აქამდე უცნობი იყო, კონკრეტულად რამდენი ხანი და რამდენად ხშირად უნდა ვიყოთ ჰაერზე", - ამბობს ახალი კვლევის ავტორი, მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორი მერი კეროლ ჰანტერი.

 

8 კვირის განმავლობაში სპეციალისტები ექსპერიმენტის 40 მონაწილეს აკვირდებოდნენ. ისინი კვირაში 3-ჯერ უნდა გასულიყვნენ ქუჩაში მინიმუმ 10 წუთით და დრო ბუნებაში გაეტარებინათ. „ეს დრო აუცილებლად დღის საათებში უნდა გამოეძებნათ. ასევე აკრძალული იყო სოციალურ ქსელებზე, საუბარსა და წიგნებზე ყურადღების გადატანა",- წერს გამოცემა.

 

2 თვის განმავლობაში მეცნიერებმა მონაწილეების ნერწყვის საშუალებით ორგანიზმში სტრესის ჰორმონის კორტიზოლის დონეს აკვირდებოდნენ ბუნებაში ყოფნამდე და შემდეგ.

 

„როგორც გაირკვა, კორტიზოლის დონე ბუნებაში 20-30 წუთი ყოფნის შემდეგ იკლებდა. ამრიგად, სტრესის მოსახსნელად საკმარისია ბუნებაში 20 წუთი გავატაროთ", - წერია სტატიაში.

 

ამასთან, კვლევის ავტორების თქმით, სავალდებულო არ არის მოსადუნებლად უღრან ტყეში წავიდეთ: ამისთვის საკმარისია პარკში ან ბაღში გასეირნება.

 

 

big_banner
არქივი