logo_geo
20 ტიპის მამაკაცი, რომელსაც არასდროს უნდა ენდოთ
- +

30 აპრილი. 2019. 02:17

 

იმ ქალების მარადიული კითხვა, ვინც რჩევის მისაღებად ფსიქოლოგს, ასტროლოგს, მკითხავს მიმართავს, არის, თუ როგორ განვითარდება მისი ურთიერთობა ამა და ამ კაცთან, რომელთანაც, ჩვეულებრივ, იმდენი პრობლემა აქვს, სპეციალისტის გარეშე რთულია, თავი გაართვას. როგორც წესი, დახმარებას მხოლოდ მაშინ ითხოვენ, როდესაც ურთიერთობა დაწყებულია და უკვე გვიანაა, შორს შეტოპეს. გაცილებით ადვილია, შესაძლო პრობლემა წინდაწინვე გამოვიცნოთ და თუ ეს უკვე მოხდა, აუცილებელია, რაც შეიძლება მალე გადახედო სიტუაციის, საკუთარი თავისა და შენი მტანჯველი კაცის მიმართ შენსავე დამოკიდებულებას…

 

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ქალისთვის აუცილებელია, სიყვარულითა და პატივისცემით მოეპყროს საკუთარ თავს. საკუთარი თავის სიყვარულის გარეშე წარმოუდგენელია ჰარმონიული ურთიერთობის აგება, ვინაიდან გარშემომყოფები ისევე გვექცევიან, როგორი დამოკიდებულებაც საკუთარი თავის მიმართ გვაქვს, რის უფლებასაც ვაძლევთ. უფრო მეტიც, ჩვენი შინაგანი დამოკიდებულებიდან გამომდინარეობს, თუ როგორ ადამიანებს ვიზიდავთ.

 

მეორეც, მნიშვნელოვანია, რომ საქმე აქ იმდენად კაცს არ ეხება, რამდენადაც თვითონ ქალს, უფრო ზუსტად კი — იმას, თუ როგორ კაცებს ირჩევს იგი. არსებობს ტიპები მამაკაცებისა, რომელთაც არ შეუძლიათ ხანგრძლივი და ჰარმონიული ურთიერთობა (ასეთი ქალებიც არსებობენ, მაგრამ ამ სტატიაში კაცებზე ვისაუბრებთ) და სანამ ქალი არ გააცნობიერებს, სად უშვებს შეცდომას და საკუთარი თავისა და მსგავსი კაცების მიმართ დამოკიდებულებას შინაგანად არ გადასინჯავს, მუდამ ერთ ადგილას იტრიალებს (როგორც წესი, ყოველი შემდგომი შემთხვევა წინანდელზე მძიმე აღმოჩნდება ხოლმე).

 

ხშირად შეუფერებელ კაცებს იზიდავთ ქალები, რომლებსაც შეიძლება იდეალისტები, მაქსიმალისტები, მეტისმეტად რომანტიკული არსებები — იდეალურ, მგზნებარე, ყოვლისმომცველ სიყვარულზე მეოცნებენი — ვუწოდოთ. როგორც წესი, ეს მამის მხრიდან სიყვარულის ნაკლებობით აიხსნება. როდესაც გაიზრდება, ასეთი გოგო ქვეცნობიერად მიისწრაფვის, ისეთ კაცებს აღუძრას სიყვარული, რომლებიც ამ გრძნობას ვერ მისცემენ და ყველაფერი ხელახლა მეორდება. იშვიათად ხდება ხოლმე საპირისპირო სიტუაცია — მამის გადამეტებული იდეალიზაცია, მისი მხრიდან დიდი სიყვარული.

მამაკაცთა ტიპები, რომლებთანაც ურთიერთობის გაბმა სახიფათოა:

 

  1. ცოლიანი კაცი

სიყვარულს გეფიცება, ახლოს ყოფნისას მზრუნველი და ნაზია, მაგრამ შენთან საუბრისას სულ საათზე იხედება, ყველასგან გმალავს, არ შეუძლია, უქმეებზე და დღესასწაულებზე შეგხვდეს, თანაც გეუბნება, რომ მხოლოდ შენ უყვარხარ. სინამდვილეში ურთიერთობა სამს გაქვთ და არა თქვენ — ორს. ამასთან, კაცი მოძებნის უამრავ მიზეზს, რატომ არ შეუძლია ცოლისგან წამოსვლა, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ შენ უყვარხარ, ის კი არ უყვარს და ცოლსაც არ ესმის მისი; ან მუდმივად რაღაცას დაგპირდება: რომ მალე მოვა, ცოლს გაეყრება და შენ შეგირთავს, მაგრამ ყველაფერი ეს იქნება… მომავალში. ეს მხოლოდ სიტყვებია და არა მოქმედება. თუმცა გამონაკლისებიც არსებობს.

 

  1. მიუწვდომელი კაცი

ასეთი ტიპის კაცი ისევე იქცევა, როგორც დაქორწინებული, მაგრამ, ამასთან, დაოჯახებული არ არის. ის ჰგავს ჩინებულ კაცს, ვისთანაც თავს კარგად გრძნობ, თუ ერთად ერთობით, მაგრამ როგორც კი მისი დახმარება დაგჭირდება… იგი გვერდით არ აღმოჩნდება, მიუწვდომელია. ყოველთვის გააჩნია საქმე, რომელიც შენზე მნიშვნელოვანია. ამასთან, ცოლიანი კაცის მსგავსად, იგი არ გაცნობს საკუთარ მეგობრებს, არ უყვება შენზე თავის მშობლებს (შენთვის მათ გაცნობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ). როდესაც სჭირდები, გეძახის და შენ მის გვერდით ხარ, მაგრამ აზრადაც არ მოსდის, რომ თვითონაც შენ გვერდით იყოს, როდესაც ეს საჭიროა. ამაზე არ ფიქრობს. ისედაც კომფორტულად და კარგადაა და თუ ეს მოგბეზრდება და მისგან წამოხვალ, იგი… კვლავ კარგად იქნება, თუმცა შეიძლება, ცოტა ხანს,იდარდოს კიდეც, ვინაიდან, რაღაც დროის განმავლობაში, მყუდროებას დაკარგავს. შენ ხომ გვერდით არ ეყოლები — რამდენიმე წუთით ან საათით - ყოველთვის, როცა მოისურვებს.

 

  1. ცუდი ბიჭი

იგი ოხუნჯია, სიმპატიური, ცუღლუტი. ასეთი კაცი მომხიბლვლელი, საყვარელი და განუმეორებელია. როდესაც ერთად ხართ, კვარცხლბეკზე აყავხარ, დაპირებებით გავსებს, ხუმრობს. მასთან არადროს მოიწყენ. მაგრამ… მოულოდნელად სადღაც იკარგება, მიუხედავად დაპირებებისა, და შეუძლია, კვირების განმავლობაში არ გამოჩნდეს, სავსებით არ ინაღვლოს შენი განცდების გამო. შემდეგ ისევე მოულოდნელად გამოცხადდება და უცვლელი მომხიბლაობით, შეყვარებული თვალებით შემოგყურებს და პატიებას გთხოვს. მერე რა, რომ პერანგზე პომადის სახით მისი ღალატის სამხილი იპოვე! ის ხომ ასეთი მომხიბვლელია და ასე ერთგულად გპირდება, რომ ეს აღარასდროს განმეორდება! შენ პატიობ, რადგან გინდა, ზღაპრის გჯეროდეს. კაცი ხომ ისე მომხიბლავია, საყვარელი და ისე დახელოვნებულად საუბრობს შენ მიმართ თავის სიყვარულზე, მაგრამ… ის ისევე უპასუხისმგებლოა, როგორც მომაჯადოებელი.

 

  1. სექსუალურად დაუკმაყოფილებელი

ყველა მისი განზრახვა ერთსა და იმავე საგანს უტრიალებს. ყველაფერი, რაც შენგან სჭირდება, სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილებაა. მისთვის სექსი კაცსა და ქალს შორის ურთიერთობის ყოველგვარი მშვენიერების შემცვლელია. მას არ აინტერესებს გულითადი საუბარი, ვერ ახერხებს თავისი გრძნობების გამოხატვას, მხოლოდ ერთი რამ სწყურია და ურთიერთობის ყველა პრობლემის გადაჭრაც მხოლოდ სექსით შეუძლია, მაგრამ… ყოველთვის, როცა გვერდით არ ეყოლები, ან — რაიმე მიზეზით — ვერ დააკმაყოფილებ მის უეცრად გაჩენილ მოთხოვნილებას, შეუძლია ეს ნებისმიერ სხვა ადგილას გააკეთოს, ვინაიდან სექსი ყველაფერია, რაც ქალისგან სჭირდება.

 

  1. არასაიმედო, უპასუხისმგებლო კაცი

ასეთი კაცი საკუთარ თავს თვითკმარსა და დამოუკიდებელს უწოდებს. მას სრულებით არ სჭირდება შენი გვერდით ყოფნა. უფრო სწორად, შენთან ყოფნა მხოლოდ ზოგჯერ სურს და არა ყოველდღე. ის ხომ თვითკმარია, ისედაც კარგად გრძნობს თავს! შენ თავს იმშვიდებ აზრით, რომ გვერდით გყავს და ერთმანეთს ხვდებით და რთულ სიტუაციაში თავის ძლიერ, მამაკაცურ ხელს გამოგიწვდის, მაგრამ… ეს ილუზიაა. ვინაიდან მას ეს არ სჭირდება და ძალიანაც შესაძლებელია, რომ რაღაც წუთში მისი თვითკმარობა შენთან ურთიერთობაში ისეთ ზღვარს მიაღწევს, რომ ზოგჯერაც კი ვერ იგრძნობს საჭიროებას, დრო დაგახარჯოს. მისთვის ხომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა არის მთავარი!

 

  1. საცოდავი

ასეთი კაციც უხვი ყურადღებით დაგასაჩუქრებს, სიყვარულის მგზნებარე ახსნებით აგავსებს, ნებისმიერ შენს ახირებას უყოყმანოდ შეასრულებს, მზად იქნება, შენ გამო ყველაფერზე წავიდეს და უშენოდ ვერ იცოცხლებს და მალე ერთ წუთსაც ვეღარ დარჩები მარტო იმიტომ, რომ სულ შენ გვერდით იქნება. მას უნდა, შეგერწყას, ყოველთვის ერთი მთელი იყოს შენთან და… შენგანაც გამუდმებით ასეთსავე ყურადღებას მოითხოვს. მთელი შენი დრო მხოლოდ მას უნდა დაუთმო. ასე რომ, ბოლოს და ბოლოს, საკუთარ თავს ჰკითხავ, მართლა უყვარხარ თუ რაღაც ავადმყოფური მიჯაჭვულობა აქვს.

 

  1. ადამიანთა სულების ინჟინერი

ეს მეზღაპრე-მახრჩობელაა, რომელიც მშვენივრად იცნობს ქალის ფსიქოლოგიას. ის ლამაზ ფერებში გიხატავს თავის სიყვარულს და შენც ასევე აგღწერს. მისგან მდინარესავით მოედინება ლამაზი სიტყვები. ოჰ, ეს ქალები, ვისაც „ყურებით უყვართ!“ ის ნაზ მზერას გესვრის, სიყვარულზე საუბრობს, ბევრს გპირდება და მუდმივად სულში გიძვრება. იგი ზუსტად ერკვევა ადამიანის სულის უმცირეს მოძრაობებში, მშვენიერი მანიპულატორია, ზემოქმედების ფსიქოლოგიურ მეთოდებს ფლობს. ეს კაცი იცნობს შენს მოტივებსა და მოთხოვნილებას, გეუბნება ყველაფერს, რაც გსურს და ბევრს გპირდება და მალე ხვდები, რომ იმდენად ჩაგიძვრა სულში, უკვე ვეღარ მოიშორებ. ლამაზ სიტყვებზე, როგორც ნარკოტიკზე, ისე შეგსვა. მას აქვს თვისება, ოსტატურად გამოგკითხოს, რამდენად გიყვარს, რამდენად გჭირდება და შენ ეუბნები — დიახ, მიყვარხარ! სწორედ ამას ცდილობდა, მაგრამ… მალე ირკვევა, რომ ვერაფერს, სიტყვების მეტს, ვერ შემოგთავაზებს და არც მიაჩნია საჭიროდ. ის სუსტი და უძლურია, ვერ ასრულებს დაპირებას და ხშირად არც ახსოვს. მოქმედება არ შეუძლია. მთელი მისი ენერგია ლამაზ სიტყვებს ხმარდება. როგორც წესი, მას არასრულფასოვნების კომპლექსი აქვს და ქალებს გულითადი საუბრით აყვარებს თავს — თვითდამკვიდრებისთვის.

 

  1. ეგოისტი

ეს არის კაცი, რომელსაც მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს. სხვისი შეყვარება უბრალოდ არ შეუძლია. თქმული განსაკუთრებით იმ ადამიანს ეხება, ვინც საკუთარ გარეგნობას უზარმაზარ ყურადღებას უთმობს. შენ ფიქრობ, რომ სასიამოვნოა ასეთ ელეგანტურ მაჩოსთან ურთიერთობა?.. ეს მხოლოდ ფასადია. რაც უფრო გულმოდგინედ ირჩევს ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, სუნამოს, ვარცხნილობას, რაც მეტს იყურება სარკეში და თავზარი ეცემა, როცა ზედმეტ კილოგრამს იმატებს, მით უფრო რთული სიტუაციაა — თქვენ წინაშე ნარცისია. ის მართლაც მშვენივრად უვლის საკუთარ თავს, მაგრამ… მხოლოდ საკუთარ თავს.

 

  1. თავგადაკლული მუშაკაცი

კაცი, რომლის ყველა ინტერესი მხოლოდ საკუთარი კარიერით შემოიფარგლება, ქალს ვერასდროს გააბედნიერებს. იგი დღების განმავლობაში იკარგება სამუშაოზე და მეტი არაფერი აინტერესებს. წყვილში „კაცი და სამუშაო“ მესამე ზედმეტია. სავარაუდოდ, ასეთ ადამიანს განვითარებული არ აქვს გრძნობის, სიყვარულის, ზრუნვის უნარი. ზრუნვასა და სიყვარულს სამსახურში გამომუშავებული ფულით ცვლის და თუ ქალი აღშფოთდება მისი უყურადღებობით, კაცი უსაყვედურებს, რომ მის ძალისხმევას, პარტნიორისთვის ტკბილი ცხოვრების შესაქმნელად, არ აფასებენ. იგი უბრალოდ არ მოუსმენს ქალს.

 

  1. ნარკომანი, ლოთი, აზარტული მოთამაშე

კაცს, რომელსაც მავნე მიდრეკილებები აქვს, ნებისმიერი ქალის გაუბედურება შეუძლია და აქ არც ყველაზე საუცხოო შესაბამისობა და არც სიყვარული გიშველის. მასთან ცხოვრება შესაძლებელია, მაგრამ… შეიძლება, რომ ბედნიერად იცხოვრო? ღირს კი ტანჯვად?

 

  1. მაკონტროლებელი

ასეთმა კაცმა, ერთი შეხედვით, შეიძლება მოგაჯადოოს თავისი ძალითა და მამაკაცურობით. მას შეუძლია პრობლემების გადაჭრა, აქტიურია, ძლიერი, გამბედავი. იგი მყარად დგას მიწაზე. როგორც წესი, მაღალი თანამდებობა უკავია და კარგადაც გამოიმუშავებს. მას შეიძლება, როგორც ქვის კედელს, ისე ამოეფარო, მაგრამ, ერთ მშვენიერ დღესაც, აღმოაჩენ რომ ქვის კედელი გალიად იქცა, ვინაიდან ასეთი კაცი ყველაფერში გზღუდავს და დიდი ხნით ადრე გკარნახობს, როგორ იმოქმედო, ყველა ნაბიჯს გიკონტროლებს. იგი ნივთვით, საკუთრებასავით, გიყურებს.

 

  1. აგრესორი

ღირს კი იმის ახსნა, თუ კაცი გამუდმებით სცემს თავის ქალს, რომ გამოთქმით „გცემს, ესე იგი უყვარხარ“ თავის დამშვიდება არცთუ საუკეთესო გამოსავალია. ამასთან, იგი მხოლოდ ცემა-ტყეპით არ იფარგლება — არც შეურაცხყოფისაგან და უხეშობისგან შეიკავებს თავს. თუ იმდენად აგრესიულია, რომ იოლად სწევს შენზე ხელს, სისულელეა გჯეროდეს, რომ გადააკეთებ და ისე იცხოვრებთ, როგორც ზღაპარში, გინდაც გპირდებოდეს, რომ ასე აღარასდროს მოიქცევა. თუ შენზე ხელი ასწია, ეცადე, რაც შეიძლება მალე გაწყვიტო ურთიერთობა.

 

  1. ხარბი

ეს კაცების განსაკუთრებული ტიპია. მას შეიძლება უამრავი ფული ჰქონდეს, მაგრამ სიხარბის დონე იგივე დარჩეს. შეიძლება, სხვადასხვა მიზეზის მოშველიებით, აგიხსნას ყველაფერი და გარწმუნებდეს კიდეც, რომ ხარბი არ არის, მაგრამ გაითვალისწინე — ადამიანებს თავისმართლება ახასიათებთ, შეიძლება, თვითონაც ვერ აცნობიერებენ საკუთარი ქცევის ჭეშმარიტ მოტივებს. კაცი, რომელსაც თავისი ქალისთვის ფული ენანება, კაცი არ არის. ხვალ ბავშვისთვისაც დაინანებს ფულს. მერე რაღა ვქნათ? სასწაულის იმედი გვქონდეს? საკუთარი თავის გარდა ყველასთვის დაენანება ფული, შეიძლება საკუთარ თავსაც მოაკლოს. ეს არც ისე მნიშვნელოვანია. მთავარი ისაა, რომ ვერ გამოასწორებ. კაცი, თავისი ბუნებით, დამცველია, მშოვნელი. თუ შენს რჩეულში ამ თვისებებს სიხარბე ცვლის, საქმე ცუდადაა. გაექეცი და ნურაფერზე დაიწყვეტ გულს!

 

  1. გულგრილი

თავდაპირველად, ისე უბედური შეიძლება მოგეჩვენოს, გულს აგიჩუყებს. მოგინდება, მთელი სინაზე დაახარჯო ამ უბედურ არსებას, გაათბო, მოეფერო, ბოლოს და ბოლოს გააბედნიერო საკუთარი სიყვარულით. ისეთი მოწყენილი თვალები აქვს, ისეთი სერიოზული და თავშეკავებულია. ალბათ, ისეთი მოწყვლადი და მგრძნობიარე სული აქვს, რომ ეშინია გრძნობების გამომზეურება, ტკივილი რომ არ მიაყენონ, არ აწყენინონ, შენ კი ადგები და ყინულს გატეხ, შენი სიყვარული ხომ ორივეს გეყოფათ…. სტოპ! პირველ ყოვლისა, საკუთარ თვითშეფასებას მიაქციე ყურადღება. ორივეს ნაცვლად რატომ უნდა გიყვარდეს? ასეთი ურთიერთობა ბედნიერებას არ მოიტანს იმიტომ, რომ აქ არ არის ჰარმონია და თანაბარუფლებიანობა. არც იქნება. მეორეც, მსგავსი შემთხვევები, როგორც წესი, ურთიერთობის კრახით, უამრავი იმედგაცრუებით, ავადმყოფობითა და სულიერი ტრავმებით მთავრდება, ვინაიდან უგრძნობ, გულგრილ, ცივ ადამიანს, ვისაც სიყვარული არ შეუძლია, მხოლოდ შენი სიყვარული ვერ გაადნობს. ეს არც სჭირდება. თუმცა არის გამონაკლისები, როდესაც კაცი, თავდაპირველად ფრთხილი და თავშეკავებულია, ურთიერთობის განვითარებისას და შენ მიმართ ნდობის ზრდის პირდაპიროპორციულად კი, იხსნება და მოსიყვარულე და ნაზი ხდება. მაგრამ ეს, ჩვეულებრივ, ძალიან მალე ხდება და იშვიათობაა. თუ მისი გულცივობა თვეების განმავლობაში გაგრძელდა, მით უმეტეს — წლების განმავლობაში, უაზრობაა, სასწაულს ელოდო.

 

  1. ალფონსი

ამ ფულზე შეშლილ ტიპს ძნელია, კაცი უწოდო, მაგრამ თავად ასე არ მიაჩნია. იგი მიეჩვია საკუთარი თავი გაყიდოს მომაჯადოებელ ადამიანად (მართლაც, ხშირად, მეტისმეტად მიმზიდველია!). ის მშვენივრად ერკვევა ქალის ფსიქოლოგიის დეტალებში, მოხერხებულად მანიპულირებს და ხიბლავს საპირისპირო სქესს. შეუძლია, კარგი საყვარელი იყოს და თვალებში ნაცარი შემოგაყაროს, თავი რომ დაგაკარგვინოს, როცა წინდაწინ შეიტყობს შენი ბრწყინვალე მატერიალური შესაძლებლობების ყველა თავისებურებას, მაგრამ… ეყვარები კი? მას მხოლოდ თავისი ფული უყვარს. ასეთთან ძალიან ფრთხილად უნდა იყო და თავი შორს დაიჭირო…

 

  1. მექალთანე

ამ კაცს, პრინციპში, სიყვარული არ შეუძლია, თუმცა შეიძლება თვითონ სხვანაირად ფიქრობდეს. იგი სიყვარულს უწოდებს ყველაფერს, ამ გრძნობის გარდა. მას შეუძლია, გულწრფელად აღიაროს, რომ მონოგამიური არ არის, თან წიგნებიდან ლოზუნგები მოიშველიოს, რომ კაცი მთესველია და ასე შემდეგ, ყველაფერი კაცის ბუნების ბრალია, იგი არაფერშია დამნაშავე, თუმცა შესაძლოა, ასე არც ამბობდეს. მნიშვნელოვანია სხვა რამ, თუ კაცს დროსტარება უყვარს, ამაოა, იმედი გქონდეს, რომ აი, ბოლოს და ბოლოს, დადინჯდება და გარე-გარე აღარ ივლის. ივლის, რომც გიმტკიცებდეს, რომ უყვარხარ. თუმცა, თუ ამისთვის მზად ხარ, გააგრძელე მასთან ყოფნა და საკუთარი თავის მოტყუებაც, რომ ბედნიერი ხარ, ექიმებთან არ დადიხარ, არასრულფასოვნების კომპლექსი არ გაწუხებს და ა.შ. მაგრამ ღირს კი?

 

  1. მარტოხელა

ეს ტიპი ძალიან ჰგავს მიუწვდომელსა და დამოუკიდებელს, მაგრამ იგი, ყველაზე ხშირად, ღიად გამოთქვამს თავის მარტოხელურ პრინციპებს. მისთვის მიუღებელია ქორწინების ინსტიტუტი, მოვალეობების ატანა არ შეუძლია, საკუთარ თავზე, ვისიმე გამო, პასუხისმგებლობის აღება, უბრალოდ, სისულელედ ეჩვენება. რისთვის? თუ შეუძლია, მხოლოდ საკუთარი თავისთვისა და პირადი სიამოვნებისთვის იცხოვროს, ხოლო სექსუალური სურვილები იმ ქალებთან დაიკმაყოფილოს, ვისაც არაფერს, სექსის გარდა, არ შესთავაზებს (მას ხომ არავისი არაფერი მართებს!), ასეთებს კი ყოველთვის იპოვის. მისთვის უცნობია ახლო ურთიერთობის, მზრუნველობისა და ოჯახური მყუდროების მშვენიერება. ამას ვერ ხვდება. მისთვის სიტყვა „ჩვენ“ არ არსებობს, ხანდახან, იგი აგიჟებს კიდეც, ხოლო სიტყვებს „ჩვენი, საერთო“ ისე უყურებს, როგორც ხარი — წითელ დროშას. მარტოხელებს შორის ცოლის მოძულეებიც შეიძლება შეგვხვდნენ.

 

  1. პირქუში ფილოსოფოსი

ეს კაცი ტვინის საჭყლეტი იდეებითა და მსჯელობებით არის სავსე. ის მოახდენს კლასიკოსების და ფილოსოფოსების ციტირებას, ნაკითხია, ჭკვიანი და ზემოდან უყურებს მთელ ამ „არასრულყოფილ სამყაროს“, თავისი მეშჩანური ჩვეულებებით. უმეტესწილად, ცხოვრების ასკეტური წესი აქვს, არ შეუძლია ფულის შოვნა (მაღალფარდოვან ლოზუნგებთან ერთად იმის შესახებ, რომ ეს სიმდაბლე და სიბინძურეა). შეიძლება, ზომაზე მეტად გაიტაცოს სულიერმა პრაქტიკებმა, კასტანედამ, იოგამ და ა.შ. (რაც, თავისთავად ცუდი არაა, მაგრამ არა პირქუში ფილოსოფოსის შემთხვევაში). იგნორირებას უკეთებს ფიზიკურ, მატერიალურ სამყაროს. შესაძლოა, თავს არ უვლიდეს, იყოს დაუვარცხნელი და დაუბანელი. დაქვეითებული სენსორული შეგრძნებები აქვს… არაფრად აგდებს საყოველთოდ მიღებულ წესებს. ქორწინებასაც, შესაძლოა, ზემოდან უყურებდეს და ცინიკურად საუბრობდეს ქალის სიყვარულზე, როგორც მინდვრის ყვავილზე: „დაინახა, დასუნა, დატკბა და გზა გააგრძელა“, თავისუფალ ურთიერთობაზე. მისი აზრით, სწორედ ესაა „ამაღლებული ურთიერთობა. რა საჭიროა, იტვირთოს ყოფითი და სერიოზული ურთიერთობები? ის ხომ ამ ყველაფერზე მაღლა დგას ასეთი სულიერი, ჭკვიანი და განვითარებული?

 

  1. ხელმოცარული, წუწუნა

ეს მამაკაცი ტიპიური ხელმოცარულია. არ შეუძლია იშოვოს ღირსეული სამუშაო, მუდმივად უფულოდ ან სხვის კისერზე ზის. ამასთანავე, შესაძლოა თავს თვლიდეს აუღიარებელ გენიოსად, ვისიც არავის ესმის და არავინ აფასებს. საკუთარ წარუმატებლობებში, როგორც წესი, სხვებს ან გარემოებებს ადანაშაულებს. სამსახურში არ აფასებენ, ხელფასს არ უმატებენ, უფროსები საშინელი ხალხია, თანამშრომლები კი — შურიანი. მეგობრები ვერ უგებენ და, უმეტეს შემთხვევაში, არც მეგობრები ჰყავს. აქამდე არცერთი რიგიანი გოგო არ შეხვედრია. გარშემო მხოლოდ ალქაჯები არიან. წუწუნი, ყველას კრიტიკა და თავის შეცოდება — მისი ტიპიური ქცევაა. და თუ, დასაწყისში მაინც, გეტყვით, რომ თქვენ განსაკუთრებული ხართ, და სხვებს არ ჰგავხართ, ალბათობა იმისა, რომ მალე თქვენც სხვა ალქაჯების კოჰორტას შეემატებით, ძალიან მაღალია.

 

  1. ინფანტილური. პატარა ბიჭი

ეს სუსტი, სხვაზე დამოკიდებული ადამიანის ტიპია. როგორც წესი, ძალაუფლების მოყვარე დედა ან ბებია ჰყავს. ხშირად იგი ერთადერთი შვილია თავისი მშობლებისთვის (ან დედისთვის, რომელსაც ქმარი არ ჰყოლია ან ქმარმა მიატოვა) და ახლა იგი ყველაფერში დედას ემორჩილება, ის მართვს მას. თუ მოახერხებს, მის მფარველობას თავს დააღწევს და შენთან ურთიერთობას შეეცდება, დიდი ალბათობაა, რომ დედა მის არჩევანს არ მოიწონებს (რაში სჭირდება კონკურენტები?). ის ან დაუჯერებს, ან შენთანაც ისევე მოიქცევა, როგორც ძლიერ და უფლებისმოყვარე დედასთან. ნაბიჯს არ გადაადგამს შენ გარეშე და მთლიანად შენი გავლენის ქვეშ მოექცევა. მასში საყრდენისა და მხარდამჭერის ძებნა არ გამოგივა. თავისი შენზე დამოკიდებულებით კი მალე მდგომარეობიდან გამოგიყვანს. გჭირდება ასაკოვანი ინფანტილური „შვილი“, თუ მაინც მამაკაცს ამჯობინებ?

 

სია კიდევ შეიძლება გავაგრძელოთ, მაგრამ ტენდენციები ნათელია. რა თქმა უნდა, ეს ტიპები პირობითია და, როგორც წესი, უტრირებული, როგორც ნებისმიერ ტიპოლოგიაში. ამასთანავე, ბუნებაში იშვიათია რომელიმე ტიპის სუფთა წარმომადგენელი. ჩვეულებრივ, ერთ პიროვნებაში შერწყმული რამდენიმე ტიპი გვხვდება… იდეალურიც არავინაა — ესა თუ ის შტრიხი სრულიად ნორმალურ მამაკაცშიც შეიძლება შეგვხვდეს. მთავარია, რამდენად ძლიერადაა იგი განვითარებული. თუ ესა თუ ის აღწერილი თვისება მამაკაცში ძლიერად და სერიოზულადაა გამოხატული, მასთან, თუ ძალიან გინდა, ურთიერთობას კი ააწყობ (ღირს კი?), მაგრამ… სიყვარული იქნება ეს? სიყვარული ხომ ჰარმონიაა… დაიმახსოვრე, რომ ხანგრძლივი და ბედნიერი ურთიერთობის შექმნა ასეთ მამაკაცთან, პრაქტიკულად, არარეალურია და… მამაკაცი, როგორიც არ უნდა იყოს იგი, მხოლოდ საკუთარ თავზე კი არა, შენზე და თქვენს ბავშვებზეც უნდა ზრუნავდეს. ერთ კარში თამაშს კი ბედნიერება არ მოაქვს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი