logo_geo
როგორ გადაურჩა გაყინვას პატრიარქის ნათლული
- +

1 მაისი. 2019. 15:09

 

ხევსურეთში გორშეღმის ხეობის 15 სოფლის ერთადერთი მუდმივი მცხოვრები, 77 წლის მიხა არაბული, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მონათლა. ინფორმაციას „მთის ამბები“ ავრცელებს.

 

„მიხა პაპას შესახებ „მთის ამბების“ გვერდიდან გავიგეთ. პატრიარქს შევატყობინეთ, რომ ხევსურეთიდან მისი გადმოყვანა იყო საჭირო. მერე, ვნახეთ, რომ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გადმოიყვანეს. გამოვარკვიეთ, რომ მიხა პაპა მონათლული არ ყოფილა. პატრიარქმა თქვა, რომ თვითონ იქნებოდა ნათლია. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით მიხა პაპა მოვნათლეთ. საავადმყოფოდან გაწერენ თუ არა, მას პატრიარქი შეხვდება და დალოცავს“,-  აღნიშნა საპატრიარქოს წარმომადგენელმა.

 

მიხა პაპას ისტორია ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გასული წლის ზამთარში გახდა.  გორშეღმის ხეობის ერთადერთი მკვიდრის დასახმარებლად კამპანია მოეწყო.

 

კამპანიის მიზანი მიხა პაპასთვის სახლის აშენება იყო და პირველი თოვლის მოსვლამდე გორშეღმის ერთადერთი მკვიდრისთვის თბილი საცხოვრებლის მოწყობაც მოესწრო. მიხა პაპა სოფელ ზეისტეჩოში (ძველად ორბეულთა) წერაქვით გამოთხრილ, უკარფანჯრო მიწურში ცხოვრობდა. როგორც თვითონ ამბობს: „ერთ 20 წელია რო მარტუა ვარ აქ მე. არავინ არის, არავინ. ზაფხულობით ასე მადიან ორ-სამ თვეს. მეოთხე თვეს ვერ ასრულებენ და მიდიან საქონლ-ჯალაფობით. სულ მარტუა ვხეტიალობ“.

 

გასულ ზამთარს, ნოემბრიდან მაისამდე, მიხა პაპა ტელეფონით აღარავის დაკავშირებია. ეგონათ, რომ გაიყინა. გორშეღმის ხეობაში მძიმე ზამთარი იცის. თოვლის სიმაღლე ზოგჯერ ერთ მეტრზე მეტია. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა რამდენჯერმე შემოუფრინა კიდეც მის მიწურს, მაგრამ არავინ გამოხმაურებია. 2-3 კვირის შემდეგ, გვიან გაზაფხულზე ააკითხეს. მიწურში დახვდათ, შეუძლოდ, ფეხზე ვეღარ დგებოდა.

 

„ერთი ქოხი მინდა, ფეჩი დეეტივას, ტელევიზორი დეეტივას, პურის საჭმელი სტოლი დეეტივას, ცეცხლთან თბილად ვიყო და კარი დეეხუროს რა“,- ოცნებობდა მიხა პაპა.

 

მიხა პაპასთვის დასახმარებლად საბანკო ანგარიში გაკეთდა, კამპანიაში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ჩაერთვნენ, მათ შორის ფოტოგრაფები, „მთის ამბის“ ჟურნალისტები, ახალგაზრდები, დუშეთის მერია, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები და ასევე კერძო კომპანიებიც.

 

„ღმერთმა ხელ-მხარ შეგარჩინათ, გულთან ახლოს რომ მიიტანეთ უცხო ხალხმა, მოხვედით და სახლი დადგით. დალოცვილო ღმერთო, ჩემო სალოცავო, ძალიან კარგი სამყოფაი არს, ნეტაი ადრ მოსულიყავით. ქალაქჩი არ იქნების ეგეთ. აღარც შემცივდების, მიწაჩი აღარ ვიცხოვრებ. 20 წელი დათვივით ვიყავ. დათვსაც კი უფრო თბილ სოროი აქვს. მთელ ნაქარს ზედ მაყრიდა. მეც მიკვირს, ჩემი სალოცავის გამარჯვებამ, 20 წელ ამას როგორ გავუძელი, რომ არ მავკვდი. ღმერთმა დაგლოცოთ, მე რაით გადაგიხდით ამ მადლიან საქმეს. 0 790 501474 ჩემ ნომერ არს, დამეხმარეთ. ნოემბრიდან მაისამდინ მარტუაი ვარ, ყვა-ყორან არ დაფრინავს აქ და ხმაი მაინც გავიგებ“,-  ამბობს მიხა პაპა, რომელიც მთის სუსხიან ზამთარს ახლა უკვე თბილ ქოხში გაატარებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი