logo_geo
რა სახის კატასტროფები ემუქრება კაცობრიობას?
- +

1 მაისი. 2019. 16:49

 

ისეთ გლობალურ კატასტროფებს, როგორიცაა ბირთვული ომი ან პანდემია, კაცობრიობის განვითარებაზე სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია. BBC იმის გარკვევასაც შეეცადა, თუ როგორი იქნებოდა თანამედროვე სამყარო, ჰოლოკოსტი და მეორე მსოფლიო ომი რომ არ ყოფილიყო.

 

როდის დაიწყო კატასტროფები?

66 მილიონი წლის წინ ცარცულ-პალეოგენური გადაშენების პროცესს დინოზავრები ემსხვერპლნენ და დარჩა ადგილი ისეთი პატარა ძუძუმწოვრისთვის, როგორიც ადამიანია. ამ მოვლენამდე დიდი ხნით ადრე კი, 2.5 მილიარდი წლის წინ, ატმოსფეროში ჟანგბადის კატასტროფამ ანაერობული სიცოცხლის არსებობა დაასრულა და დასაბამი დაუდო ჟანგბადის მსუნთქავი არსებების გაჩენას. მეცნიერთა თქმით, რომ არა ეს კატასტროფები, ადამიანები და სხვა თანამედროვე არსებები, სავარაუდოდ, არას ოდეს წარმოიშობოდნენ.

 

მეორე მსოფლიო ომში დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა, პირველ მსოფლიო ომს 15 მილიონამდე სიცოცხლე ემსხვერპლა, 2010 წელს ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად კი დაახლოებით 160 000 ადამიანი დაიღუპა.

 

თუ ამგვარ მოვლენებს უფრო შორიდან შევხედავთ, აღმოჩნდება, რომ ყველაზე მასშტაბური კატასტროფები კაცობრიობის ისტორიაში ამავდროულად, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენებია. სპეციალისტთა ნაწილი, რომელიც გლობალურ კატასტროფებს შეისწავლის, ფიქრობს, რომ ამ მოვლენების შეჩერება 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს.

 

კაცობრიობის მთავარი მტერი თავად ადამიანია?

ადამიანის საქმიანობამ დედამიწის ისტორიის ეს ეპოქა ყველაზე საშიში გახადა. ამიტომაც მეცნიერები ფიქრობენ, რომ გლობალური კატასტროფის შეჩერება აუცილებელია არამხოლოდ თანამედროვე ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებლად, არამედ მომავალი თაობების დასაცავად, რომელთა ცხოვრებაც, შესაძლოა, სამუდამოდ შეიცვალოს.

 

სპეციალისტების შეფასებით, გარკვეულ კონტექსტში ადამიანის გავლენა პლანეტაზე ჰგავს ორგანიზმის სწრაფ ზრდას, რამაც ჟანგბადის კატასტროფამდე მიგვიყვანა. ეს მოვლენა გამოიწვია ციანობაქტერიების ზრდამ (ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები) - პირველი ორგანიზმები, რომლებიც ფოტოსინთეზისთვის წყალს იყენებდნენ. ამ პროცესის დროს წყალი იყოფა წყალბადისა და ჟანგბადის მოლეკულებად. ციანობაქტერიები კი ამას ისეთი ინტენსივობით აკეთებდნენ, რომ ატმოსფეროში ძალიან დიდი რაოდენობის ჟანგბადი დაგროვდა, რამაც სიცოცხლის ის სახეობები გაანადგურა, რომლებსაც მასთან გამკლავება არ შეეძლოთ. ანალოგიურად, ადამიანი არის პირველი ცოცხალი ორგანიზმი, რომელმაც გამოიყენა მოწინავე მეცნიერება, ტექნოლოგიები, სოფლის მეურნეობა და მრეწველობა. ამ პროცესს უკვე ისეთი მასშტაბები მიეცა, რომ გარესამყაროსა და სხვა ცოცხალ ორგანიზმებს ანადგურებს. მეცნიერები იმაზეც საუბრობენ, რომ თუ თანამედროვე ადამიანი სიფრთხილეს არ გამოიჩენს, შეიძლება თავი გაინადგუროს.

 

რა სახის კატასტროფები ემუქრება კაცობრიობას?

ტექნოგენური კატასტროფების რისკები დღეისათვის საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული. ეს არის ბირთვული იარაღი, გლობალური დათბობა და სხვა ეკოლოგიური დარღვევები, ბიოტექნოლოგიებით გამოწვეული პათოგენების პანდემია, უკონტროლო ხელოვნური ინტელექტი და ა.შ. სინამდვილეში ეს მხოლოდ ჩამონათვალი კი არა, მიზეზშედეგობრივად დაკავშირებული საფრთხეების ქსელია. მაგალითისთვის, გლობალურ დათბობას შეუძლია ცივილიზაციის დესტაბილიზაცია, რაც გულისხმობს იმას, ადამიანს ექნება ნაკლები უნარი და შესაძლებლობა იმისა, რომ სხვა კატასტროფებს გაუმკლავდეს.

 

როგორ აისახება კაცობრიობაზე ესა თუ ის კატასტროფა ან მათი გარკვეული კომბინაცია, ამის ზუსტი პროგნოზირება მეცნიერებსაც უჭირთ. გლობალური კატასტროფის რისკის ინსტიტუტის მეკვლევართა განმარტებით, ამ დროისთვის მთელ მსოფლიოში 7.6 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს და თანამედროვე კაცობრიობა ადაპტაციის საოცარ უნარს ბევრი მიმართულებით ავლენს. ეს კი მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ გადარჩენის შანსი მაღალია. თუმცა რამდენად სრულფასოვანი იქნება  საზოგადოების ადაპტირებული და გადარჩენილი ნაწილი, ეს მკვლევართათვის ჯერ კიდევ ამოცანად რჩება.

 

სპეციალისტები ცდილობენ განსაზღვრონ, როგორი იქნება ადამიანური ცივილიზაცია მილიონი, მილიარდი და ტრილიონი წლის შემდეგაც კი. ზუსტი ფორმის განსაზღვრა ასეთ შორეულ მომავალში რომ შეუძლებელია, ამაზე მეცნიერები თანხმდებიან, თუმცა საერთო დასკვნის გამოტანის აუცილებლობაზეც საუბრობენ. გლობალური კატასტროფის რისკის ინსტიტუტის წარმომადგენელთა თქმით, თუ კაცობრიობა მოსალოდნელი კატასტროფების თავიდან არიდებას ან მათთან გამკლავებას შეძლებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მომავალი იქნება ტრანსინფორმაციული ტექნოლოგიებითა და კოსმოსში ექსპანსიით დატვირთული. წარუმატებლობის შემთხვევაში კი შედეგი იქნება სავალალო და მასშტაბური.

 

მეცნიერთა განმარტებით, კატასტროფა, რომელსაც შეუძლია ადამიანის სიცოცხლის მოსწრაფვა, ჩვენს ცივილიზაციასაც გაანადგურებს. ადამიანთა გარკვეული კატეგორია რომც გადარჩეს, კაცობრიობა იმ ცივილიზაციას, რომელიც დღეს გვაქვს, ვეღარ დაიბრუნებს.

 

რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ბირთვულ ომს?

იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს კატასტროფას კაცობრიობის მომავალზე, გლობალური კატასტროფის რისკის ინსტიტუტის მეცნიერები ერთ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს განიხილავენ. ეს არის საყოველთაო ბირთვული ომი, რომელშიც მსოფლიოს ყველა ბირთვული ქვეყანა მიიღებდა მონაწილეობას: ჩინეთი, საფრანგეთი, ინდოეთი, ისრაელი, ჩრდილოეთ კორეა, პაკისტანი, რუსეთი, გაერთიანებული სამეფო და აშშ-ი. მკვლევართა შეფასებით, შედარებით უფრო რეალური სცენარია ომი რუსეთსა და აშშ-ს შორის. ეს ქვეყნები მსოფლიოს ბირთვული არსენალის 90%-ს ფლობენ.

 

მეცნიერთა თქმით, ერთი მხრივ, ყველაზე ცუდ შემთხვევაშიც კი, მსოფლიოს დიდ ნაწილს სწრაფი განადგურება არ ელის. კერძოდ, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებს, რომლებიც არ არიან ბირთვული იარაღის მქონე რომელიმე ქვეყნის ახლო მოკავშირეები ან მოწინააღმდეგეები. მათი მოქალაქეები პირველ ბირთვულ აფეთქებებს გადაიტანენ, ისევე როგორც ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ სამიზნე ქვეყნებში, მაგრამ - სამხედრო ობიექტებიდან და ქალაქებიდან შორს. თუმცა გადარჩენილთა სამყარო რადიკალურად შეიცვლება. სოციალურ და პოლიტიკურ არეულობასთან ერთად ისინი დაკარგავენ მნიშვნელოვან ეკონომიკურ კავშირებს. საბოლოო ჯამში ეს გამოიწვევს საკვები და საყოფაცხოვრებო პროდუქტების კრიზისს, დააზიანებს ინფრასტრუქტურას, არნახულ ზიანს მიაყენებს გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობას, გამოიწვევს გლობალურ შიმშილს და ა.შ.

 

რომელი საფრთხეა ყველაზე საშიში?

გლობალური კატასტროფის რისკის ინსტიტუტის მეცნიერთა განმარტებით, საკითხის ასე დასმა სწორი არ არის, რადგან ყველა მოვლენა ერთმანეთთან მჭიდროდ ან გაკვრით მაინც არის დაკავშირებული. ბირთვული ომი, მხოლოდ ბირთვული ომი არ არის, ეს ასევე ნიშნავს სულ ცოტა, ეკონომიკურ კრიზისსა და სოფლის მეურნეობის განადგურებას, რომ აღარაფერი ვთქვათ ისეთ უმნიშვნელოვანეს ფენომენზე, როგორიც არის ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

 

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ კაცობრიობის გადარჩენა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად არის ის დასუსტებული გლობალური დათბობით ან გარემო პირობების დეგრადაციის სხვა ფორმით. ბირთვულ ომს შეუძლია დამატებითი კატასტროფების გამოწვევა, ისეთის, როგორიცაა პანდემია. მსგავს კავშირს მეცნიერები „ორმაგ კატასტროფას“ უწოდებენ. სწორედ ამ მიზეზშედეგობრივი კავშირის გამო კატასტროფები უნდა განიხილებოდეს საერთო კონტექსტში და არა ცალ-ცალკე.

 

როგორ შეიძლება კატასტროფის საფრთხეების თავიდან არიდება?

მოსალოდნელ კატასტროფებზე მსჯელობა, ერთი შეხედვით, აბსტრაქტული და დღეისათვის აქტუალური პრობლემებისგან ცოტა განყენებულიც ჩანს. თუმცა მეცნიერთა მტკიცებით, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ გარემოზე ჩვენი ზემოქმედება კაცობრიობის განვითარების კურსს უახლოეს მომავალში შეცვლის. გლობალური კატასტროფის რისკის ინსტიტუტის მკვლევართა განმარტებით, საკითხი ასე დგას: ვის ექნება შანსი, რომ გადარჩეს, ვის - არა და როგორი იქნება მათი ცხოვრება. ამის გასააზრებლად კი მეცნიერები გვთავაზობენ, წარმოვიდგინოთ, როგორი იქნებოდა სამყარო ჰოლოკოსტისა და მეორე მსოფლიო ომის გარეშე. პასუხსაც თავად სცემენ: ეს იქნებოდა საზოგადოება, რომელშიც მეტი ჯანმრთელი და ბედნიერი ადამიანი, ნაკლები ტკივილი, სევდა და მძიმე ისტორიული მეხსიერება იქნებოდა.

 

რაც მოხდა, იმის შეცვლა შეუძლებელია, თუმცა, მეცნიერთა მტკიცებით, შეგვიძლია შეცვალოთ ის, რასაც ახლა ვაკეთებთ. აუცილებელია, თავიდან ავირიდოთ ახალი კატასტროფები, განსაკუთრებით კი ისეთი, რომლებსაც კაცობრიობის განვითარებაზე გრძელვადიანი გავლენის მოხდენა შეუძლია.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი