logo_geo
რა უნდა მისცეთ კაცებს, რომ იგრძნონ „კაცური ბედნიერება“
- +

7 თებერვალი. 2017. 16:07


 

გახსოვთ, ერთ-ერთ ბლოგში ე.წ. ქალურ ბედნიერებაზე გიყვებოდით და კომენტარში ერთმა მამაკაცმა აზრი გამოთქვა: ნეტა ვინმე ასე დალაგებულად ჩვენზეც დაწერდეს, - ეჭვი მაქვს, კაცური ბედნიერებაც უნდა არსებობდესო.


დიახ, „კაცური ბედნიერებაც" არსებობს და ეს სწორედ ისაა, რასაც ქალების მთელი მოდგმა ლამის კაცობრიობის დასაბამიდან „ებრძვის" და ვერ ამარცხებს.


დავიწყოთ ყველაზე პრმიტიულითა და ყველაზე გავრცელებულით: წინდები! დიახ, არც მეტი, არც ნაკლები - მამაკაცის წინდები, რომლებსაც ასე გულმოდგინედ ვაგროვებთ და ბუზღუნით ვყრით სარეცხის კალათებში. არადა, კაცები რა ნეტარებით იხდიან და უდარდელად ყრიან, სადაც მოუნდებათ - მათთვის ეს თავისუფლების ისეთივე ატრიბუტია, როგორც საღამოობით ტელევიზორის პულტის ფლობა. ამიტომ ნუ დაუშლით მათ ამ უმტკივნეულო ანცობას, ყარონ ეს ოხერი წინდები, სადაც მოეხასიათებათ. ამით ხომ არაფერი შავდება! შეხედეთ ამას რბილად და იუმორით და ნერვებიც აღარ მოგეშლებათ.


მაგრამ უფრო რთულადაა საქმე, როცა საუბარი ფეხბურთს ეხება. ქალების აბსოლუტური უმრავლესობა სპორტის ამ სახეობას ვერ იტანს. ამიტომ მჟავე და უკმაყოფილო გამომეტყველებით ადევნებს თვალს საყვარელი ადამიანის აღტყინებულ სახეს, როცა ის საფეხბურთო მატჩით ტკბება, განიცდის, ბოლო ხმაზე ღრიალებს, იგინება და ხმაურით შეწუხებული მეზობლები ამ დროს სულ ფეხზე ჰკიდია!


არადა, განა რთულია იმის გაგება, რომ ეს უაზრობა, როცა თერთმეტი გადარეული კაცი გიჟივით დასდევს ბურთს, ძალიან აზარტული, მამაკაცური თამაშია! ასეც რომ არ იყოს, მოსწონთ და რა ვქნათ! კარგი იქნებოდა, ამ დროს გაგვეხსენებინა, როგორი მორჩილებით ითმენს მამაკაცი ჩვენს საყვარელ სერიალებს, მეზობლებთან ჩვენს ჭორაობას, კაცებისგან იმედგაცრუებული ჩვენი დაქალების წუწუნს, როცა ისინი თავიანთ უბედობაზე შემოგვჩივიან და არცთუ იშვიათად ჩვენი მეორე ნახევრების თვალწინ მთელ საკაცეთს ლანძღავენ! ამიტომ მოვითმინოთ ჩვენც!


მოდი, კიდევ უფრო გავართულოთ და გადავიდეთ მის მეგობრებზე: ო, ეს აუღებელი ციხესიმაგრეა! და რამდენნი არიან!.. ყველა ერთნაირი როგორაა! ღმერთო ჩემო! ან ამდენ სმას როგორ იტანენ?! ყოველ ნაბახუსევზე, როცა ჩვენს საყვარელ მამაკაცს თავი უსკდება, ჩვარივით მოწყვეტილია და ავადმყოფი კნუტივით მიგდებული კვნესის, ჩვენ კარგი საშუალება გვეძლევა, გავლანძღოთ არა მარტო ის, არამედ მთელი მისი საძმო, რადგან რომ არა ისინი, ჩვენი ბიჭი ხომ არ დაიტანჯებოდა?! ისე, მართლა მიკვირს: როგორ უძლებთ ნაბახუსევს?! თქვენ ხომ ნემსის გაკეთებისაც კი გეშინიათ და ამ საშინელ მდგომარეობას როგორ უმკლავდებით?! მაგრამ ესეც ხომ თქვენი „კაცური ბედნიერების" განუყოფელი ნაწილია! ძირს კაცი, რომელიც ერთხელ მაინც უგონოდ არ დამთვრალა და მერე, მეორე დღეს ტახტზე საცოდავად არ უკრუსუნია! ამიტომ შეეშვით, ძვირფასო ქალებო, მგლის თავზე სახარების კითხვას. რა აზრი აქვს?! ანდა, რით ვერ გაიგეთ, რომ ეს მათ ჰაერივით, წყალივით, ქალივით სჭირდებათ! წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ ყავის სმა და ცალი თვალით ჭიქაში ჭყეტა ან მრავალმნიშვნელოვანი გამომეტყველებით დაქალის ახლობლის შეყვარებულზე ჭორაობა აგვიკრძალონ! წარმოგიდგენიათ?!

 

 

ახლა კი ისეთ რთულსა და მძიმე საფეხურზე გადავდივარ, არც კი ვიცი, როგორ შემოგაპაროთ, მაგრამ რა ვქნა, უამისობა, მგონი, შეუძლებელია! ეს არის „ქალები"!

ახლა არ დამიწყოთ:

„ჩემი ქმარი ერთგულია", „ქალები საერთოდ არ აინტერესებს", "აი, დედას გეფიცები, არასდროს მიგრძვნია, რომ „ბაბნიკია", „მე ვერ გამომაპარებდა", „არ არსებოოობს!" და მისთანები. დამიჯერეთ, არსებობს! ოღონდ ესეც დოზირებულად და სხვადასხვანაირად. ზოგისთვის ეს ჰობია, გატაცება, გართობა (ე.წ. გულაობა), ფლირტი, სიამოვნება, მხოლოდ სექსი და ა. შ. მოიცა, ჯერ ნუ მითრევთ, ბოლომდე მათქმევინეთ...სავალდებულო არ არის, ყველა მამაკაცი სხვა ქალთან აღვირახსნილი სექსით იყო დაკავებული და თქვენთან უწყინარი კრავის გამომეტყველებით ან „სამსახურიდან გადაღლილი" და „ახეული სიფათით" ბრუნდებოდეს! ყველა კაცი მოღალატე კი არ არის! არსებობენ ერთგული კაცებიც, მაგრამ მათი დიდი ნაწილისთვის უმტკივნეულო და უწყინარი ფლირტი აუცილებელიც კია. ეს მათ ბედნიერებისა და თავისუფლების სრული შეგრძნებისთვის სჭირდებათ! ისინი ამ დროს თავს ნამდვილ „მაჩოებად", სამყაროს მფლობელებად და ჭეშმარიტ მამაკაცებად გრძნობენ. მერწმუნეთ, ამის განცდა მათთვის ისევე აუცილებელია, როგორც ჩვენთვის კომპლიმენტები.


ერთჯერადი ფლირტი სხვა ქალთან, რომელსაც სერიოზული გაგრძელება და მით უმეტეს, სასიყვარულო სამკუთხედი არ მოჰყვება, მათ ერთგვარად ამშვიდებს, თავდაჯერებულს და გაწონასწორებულს ხდის. ისინი თითქოს, რწმუნდებიან იმაში, რომ შეუძლიათ მოხიბლონ არა მარტო ქალი, რომელიც მათზე ისედაც ყურებამდე შეყვარებულია, არამედ სხვაც, უცხო, რომელმაც მათი ყველა ღირსება არ იცის. პარადოქსია, მაგრამ ამის შეგრძნება მამაკაცს საყვარელი ქალის, ანუ თქვენ მიმართ უფრო მოსიყვარულესა და ყურადღებიანს ხდის. და ნურასდროს იფიქრებთ, რომ ამით მის თქვენ მიმართ სიყვარულს რამე აკლდება! სიგიჟეს ჰგავს, არა?! - მერწმუნეთ, ამის დაჯერება თავის დროზე მეც ძალიან გამიჭირდა! :) არ იფიქროთ, რომ მამაკაცების ღალატს ვამართლებდე! ღმერთმა დამიფაროს! მე მხოლოდ ამ ოხერი „მამაკაცური ბედნიერების" ამოხსნას ვლამობ და ვფიქრობ, რომ მინიმალური თავისუფლების მინიჭებით ჩვენ მივიღებთ მაქსიმალურ სიყვარულსა და პატივისცემას, ოღონდ ერთი პირობით: ეს ბეწვის ხიდზე სიარულის ტოლფასია და ყველას არ შეუძლია!


შევეცდები, მაგალითზე უფრო ნათლად აგიხსნათ: სამსახურიდან სახლში დაბრუნდა თქვენი საყვარელი მამაკაცი, ოდნავ აჟიტირებული, ეტყობა, რაღაცით აშკარად ნასიამოვნებია... თქვენ არ იმჩნევთ. კარგად დაიმახსოვრეთ: მომაბეზრებელი შეკითხვებით მას არათუ ხასიათს გაუფუჭებთ, არამედ დააფრთხობთ კიდეც და დიდი შანსია, მისი გადასარევი განწყობის მიზეზიც ვერასდროს გაიგოთ. ამიტომ თქვენც ცდილობთ, შესაბამისი განცდები გაუძლიეროთ, მსუბუქად ეხუმრებით და აი, საუბარში იგი ახსენებს რომელიმე ნაცნობის ან თანამშრომლის სახელს, ან ჰყვება სასიამოვნო სიტუაციის შესახებ... ეს არ არის კატასტროფა! ნუ დაიბოღმებით. მით უმეტეს, ნუ განრისხდებით და ნუ მოჰყვებით მის დადანაშაულებას და ლანძღვას იმის გამო, რომ თქვენ ასე იღლებით: სახლი-სამსახური-ბავშვები... ის კი, ნახეთ, როგორ ერთობა?! არც ერთი სიტყვა ამის მსგავსი! მაგრამ გაითავალისწინეთ: ეს სიგნალია! შესაძლოა, თქვენს საყვარელ მამაკაცს ახალი განცდები მოენატრა! ამიტომ მეორე დღეს ან შესაძლო უახლოეს მომავალში დაგეგმეთ ქალაქგარეთ გასეირნება, პიკნიკი ან რომანტიკული ვახშამი, დაჯავშნეთ სასტუმროს ნომერიც, თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ. გალამაზდით მისთვის, შეიცვალეთ ვარცხნილობა, ჩაიცვით მისი გემოვნებით და ... დანარჩენსაც მე ხომ არ გასწავლით?!

 

 

ამიტომ მიეცით მას საშუალება, თავისუფლად ისუნთქოს, ფრთები გაშალოს, იფრინოს ოცნებებში, ოღონდ მხოლოდ ოცნებებში და ამისთვის თქვენ უფრო მეტად ყურადღებიანი, თბილი და დამოუკიდებელი გახდით, რომ, საშიშროების შემთხვევაში, მან კარგად იგრძნოს, რა განძს გკარგავთ!..


ზუსტად ვიცი, რომ ოჯახი „მამაკაცური ბედნიერების" ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, აუცილებელი და მყარი ატრიბუტია. სწორედ ამიტომ ეშინიათ ხოლმე მისი დანგრევის და ბოლო წუთამდე კბილებით იცავენ მის მთლიანობას. ამის გამო შეძლებისდაგვარად დიდხანს ნიღბავენ სასიყვარულო გატაცებებსა და გართობებს, ხშირად პარალელურად ამყარებენ სერიოზულ ურთიერთობებს, მაგრამ ოჯახიდან მაინც არ მიდიან... ჰოდა, გაითვალისწინეთ, ნუ გადაამლაშებთ! მიეცით თქვენს მამაკაცებს ზომიერი თავისუფლება, რომელიც თქვენი ყურადღებითა და გონიერებით იქნება შემოზღუდული. მიეცით პირადი სივრცე და ნუ შეეჩხირებით თვალში და პირში მაშინ, როცა ძალიან ცუდ ხასიათზეა და პრობლემაზე ფიქრობს; ნუ შეიკლავთ ხელში გაუთავებელი პრეტენზიებითა და კაპრიზებით.


ხომ იცით, კაცებს ქალის ხასიათში „ტვინის ბურღვაზე" მეტად არაფერი ეჯავრებათ. ერთხელ ერთმა უცხოელმა ჭკვიანმა ქალმა მითხრა: იცით, ქართველ ცოლებს ყველაზე მეტად რა გეშლებათო? - ერთსა და იმავეს გაუთავებლად უმეორებთ ქმრებსო. ერთხელ წყნარად, მაგრამ კატეგორიულად თქვით და ეგრევე გაეცალეთ, ეს უფრო ეფექტური ხერხიაო. თქვენ წარმოიდგინეთ, ვეთანხმები და რატომღაც მგონია, კაცებიც დაეთანხმებიან. და რაც მთავარზე მთავარია: ნუ გადააყოლებთ თქვენს სიყვარულს ოჯახისთვის ბრძოლას, თქვენ ერთად ყოფნა ბუნებრივად უნდა გინდოდეთ, თორემ ოჯახისგან მხოლოდ ფერფლი შეგრჩებათ. ფერფლიდან კი, მოგეხსენებათ, არაფერი აღსდგება!

მგონი, სულ ეს არის, რაც ვიცი „კაცური ბედნიერების" შესახებ, მაგრამ დიდად ნურც მე დამეყრდნობით, მე ქალებში ვარ „პროფესორი", თორემ მამაკაცებს დღემდე ვერაფერი გავუგე! 

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი