logo_geo
ფრედი მერკური: სამოთხეში მოხვედრა არ მინდა, ჯოჯოხეთი უკეთესია
- +

9 მაისი. 2019. 18:21

 

9 აპრილს ტელეკომპანია „ABC“-ის ეთერში ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, „Queen“-ის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის„ The Show Must Go On: The Queen + Adam Lambert Story“ პრემიერა შედგა. ორსაათიანი კინოსურათი საარქივო კადრებსა და ინტერვიუებს მოიცავს.

 

ნამუშევრის ერთ-ერთ ეპიზოდში ფრედი მერკურის ინტერვიუს ნაწყვეტია ნაჩვენები. მუსიკოსი პასუხობს კითხვას, სამოთხეში ურჩევნია მოხვედრა თუ ჯოჯოხეთში.

 

„სამოთხეში არ მინდა, ჯოჯოხეთში უკეთესია. ყველა საინტერესო ადამიანს იქ შეხვდები. ისე, საერთოდ არ ვფიქრობ, ვემახსოვრები თუ არა ვინმეს სიკვდილის შემდეგ. მათი გადასაწყვეტია. არ დამაინტერესებს ეს საკითხი, როდესაც მკვდარი ვიქნები“,- ამბობს ფრედი გერმანიაში ჩაწერილ ინტერვიუში.

ფრედი მერკურის გარდაცვალებით გამოწვეულ განცდებზე ფილმში ბრაიან მეი საუბრობს:

 

„თავიდანვე შევთანხმდით, რომ, თუ რომელიმე ჩვენგანი გარდაიცვლებოდა, ჯგუფი მოღვაწეობას შეწყვეტდა. ფრედის სიკვდილის შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში არაფერი გაგვიკეთებია. არ გვქონდა სურვილი, მის გარეშე გვემუშავა. ეს იყო გლოვის პერიოდი, არ გვსურდა „Queen“-ზე საუბარი, არ გვინდოდა ამ ბენდის წევრობა. საშინლად მენატრებოდა ფრედი. ვიცოდი, რომ მისი დღეები დათვლილი იყო, მაგრამ გარდაცვალება მაინც საშინლად განვიცადე“.

 

ფრედი მერკურის, ბრაიან მეის, როჯერ ტეილორისა და ჯონ დიკონის ლეგენდარული კოლექტივი „Queen“ ლონდონში 1970 წელს შეიქმნა. არსებობის განმავლობაში ბენდმა 150-ზე მეტი სიმღერა და 15 სტუდიური ალბომი გამოუშვა, რომელთაგანაც შვიდს სხვადასხვა დროს ბრიტანულ ჩარტებში პირველი პოზიცია ეკავა. ჯგუფის ფრონტმენი ფრედი მერკური შიდსის ფონზე განვითარებული ბრონქიალური პნევმონიით 1991 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა. 2004 წლიდან ბრაიან მეიმ და როჯერ ტეილორმა პროექტით „Queen“ + საკონცერტო მოღვაწეობა განაახლეს. მათ ტურნეებში ვოკალისტების როლში პოლ როჯერსი, 2011 წლიდან კი ადამ ლამბერტი მოგვევლინენ.

 

 

 

 

big_banner
არქივი