logo_geo
ქართული ხელნაკეთი მაჯის საათები, რომლებსაც ამერიკელი სენატორები ატარებენ
- +

8 თებერვალი. 2017. 17:00




ქართველი ახალგაზრდა წყვილის მიერ შექმნილ ხელნაკეთ ხის მაჯის საათებს უკვე სამი ამერიკელი სენატორი ატარებს. 23 წლის სოფი გურასაშვილი და ნიკა გიგაია ერთი წელია ამ ბიზნესით არიან დაკავებულნი. ხის საათების შექმნის, წარმატებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ბიზნესპრესნიუსს" სოფი გურასაშვილი ესაუბრა.


წყვილი, რომელმაც ორი პროფესია, ბიზნესის ადმინისტრირება და ინფორმაციული ტექნოლოგიები, ერთმანეთს დაუკავშირა, ამ ბიზნესის წამოწყების იდეამდე მაჯის საათების სიყვარულმა მიიყვანა.


„ჩემს ბიზნეს პარტნიორს, ნიკა გიგაიას სკოლის ასაკიდან ვიცნობ. დაახლოებით ერთი წლის წინ გადავწყვიტეთ ერთად შეგვექმნა ქართული ბაზრისთვის განსხვავებული და საინტერესო პროდუქცია. იქიდან გამომდინარე, რომ ორივეს ძალიან გვიყვარს მაჯის საათები, გადავწყვიტეთ, თავად გვეცადა და დაგვემზადებინა ხელნაკეთი, ხის მაჯის საათი. საათების დამზადება იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგვედგინა, თუმცა დიდი შრომის შედეგად, მაინც შევძელით რამდენიმე მოდელის დამზადება. პირველი გამოფენა დაახლოებით 1 წლის წინ თბილისი მოლში" გვქონდა, სადაც ჩვენმა საათებმა დიდი მოწონება დაიმსახურა", - ამბობს სოფი გურასაშვილი.


ხელნაკეთი ხის მაჯის საათები „Handy"-ის სახელითაა ცნობილი. როგორც სოფი გურასაშვილი ამბობს, სახელის შერჩევისას „Handy"-ზე შეჩერდნენ, რაც მოხერხებულს, მარჯვეს ნიშნავს და ხელით მუშაობასთან ასოცირდება. „Handy"-ის ხის, მაჯის საათები ამ ეტაპზე „ტექნოპარკში" მზადდება და მხოლოდ „ფეისბუქით" იყიდება. საათებზე დიდი მოთხოვნაა საზღვარგარეთიდან.


„ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ვთანამშრომლობთ, თუმცა მალე საკუთარი დანადგარი გვექნება. მასალად 5-6 სახეობის ხეს ვიყენებთ, უახლოეს მომავალში მასალისა და ფერების დიდი არჩევანი გვექნება. საათების დამზადებაზე ერთი მკერავი და ორი მესაათე მუშაობს. ჩვენი საათები ძირითადად საშუალო და მაღალ სამომხმარებლო სეგმენტზეა გათვლილი. პროდუქტზე მოთხოვნა საზღვარგარეთიდან ბევრად დიდია, ვიდრე საქართველოდან. შემოთავაზებები გვაქვს ევროპის ქვეყნებიდან. ქართველებთან ერთად ჩვენი მომხმარებლები არიან რუსები, სომხები და უკრაინელები", - აღნიშნავს გურასაშვილი.


ახალგაზრდა წყვილის ხელნაკეთ საათებს სამი ამერიკელი სენატორი  -ჯონ მაკ-კეინი, ლინდსი გრემი და ემი კლობუჩარი ატარებენ. როგორც ბიზნესმენი ამბობს, პირველ იანვარს საქართველოს ტექნოლოგიურ პარკში გამოფენა მოეწყო, რომელსაც სენატორები ესწრებოდნენ, მათ „Handy"-ის მაჯის საათები მოეწონათ, ამიტომაც საათები საჩუქრად გადაეცათ.


„გამოფენაზე ჩვენი ნამუშევრებით ვიყავით მიწვეული. სენატორებს იმდენად მოეწონათ ჩვენი საათები, რომ საქართველოს სახელით, სამივე მათგანს საჩუქრად გადაეცათ. ეს ძალიან დიდი სტიმული და მეტი პასუხისმგებლობა იყო. ამ ფაქტმა ჩვენი გაყიდვები და ცნობადობა ნამდვილად გაზარდა", - ამბობს სოფი გურასაშვილი.


მისივე თქმით ხელნაკეთი ხის საათების ბიზნესის დასაწყებად მათი საწყისი კაპიტალი მხოლოდ 300 ლარს შეადგენდა. როგორც გურასაშვილი ამბობს, ყველანაირი ბარიერის მიუხედავად, მან და ნიკა გიგაიამ შეძლეს საკუთარი ოცნების რეალობად ქცევა.


ჩვენ 2 უმთავრესი რამ გვქონდა: იდეა და ენთუზიაზმი. იდეის განხორციელებისთვის, საწყისი კაპიტალი დაახლოებით 300 ლარს შეადგენდა, მაგრამ ეს თანხა სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, წარმატებული სტარტაპი შეგვექმნა. ორწლიანი გამოცდილება დაგვეხმარა, „Handy" წარმატებულ ბიზნესად გვექცია. ხის მაჯის საათების შექმნის პარალელურად ორ წელზე მეტია მცირე ბიზნესი გვაქვს, ხისა და ტყავის წიგნაკებს ვამზადებთ, რომელიც ასევე წარმატებულია.

 

პირველ და მთავარ წარმატებად „Handy"-ის დაარსებას ვთვლი, რადგან ხის საათების დამზადება საკმაოდ რთული და წარმოუდგენელი იყო. ყველანაირი ბარიერისა და სირთულის მიუხედავ, შევძელით, ჩვენი ოცნება რეალობად გვექცია. მთავარია გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ და გჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების. საქმეში არ არსებობს გადაულახავი ბარიერი. დაუღალავი შრომით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი", - ამბობს ბიზნესმენი.


„Handy"-ის შემქმნელები სამომავლოდ საერთაშორისო ბაზარზე გასვლას, პროდუქციის გამრავალფეროვნებასა და საკუთარი მაღაზიის გახსნას გეგმავენ.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი