logo_geo
წერილი, რომელიც კლასიკად იქცა - გამოსამშვიდობებელი სიტყვები რომი შნაიდერს ალენ დელონისგან
- +

15 მაისი. 2019. 21:04

 

„რომი იყო პირველი და ყველაზე მთავარი ქალი ჩემს ცხოვრებაში, მე მას ვეტყოდი, რომ ის ყოველთვის ჩემს გულსა და მოგონებებშია“ - განუცხადა თბილისში მყოფმა ალენ დელონმა ჟურნალისტებს.

 

ცნობილი ფრანგი მსახიობის, ალენ დელონის და ავსტრიელი წარმოშობის რომი შნაიდერის ურთიერთობა საკმაოდ უცნაური იყო.

 

ისინი ხშირად შორდებოდნენ, თუმცა მაინც ახერხებდნენ ერთად ყოფნას.

რომს გაგიჟებით უყვარდა ალენი...

 

წყვილს უამრავი ისტორია გადახდა თავს...

 

რომი 44 წლის ასაკში გარდაიცვალა...

 

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან თავი მოიკლა, თუმცა ექპსერტიზის ჩატარების შემდეგ დადგინდა, რომ მსახიობს გული გაუსკდა.

 

...

 

რომის სიკვდილის შემდეგ დელონისთვის ყველაფერი დაცარიელდა... ალენმა არ იცოდა, სად ეპოვა მისი „გერმანული თოჯინა“... ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შესძლებოდა.... ვინ იცის... რამდენ რამეს შეცვლიდა...

 

მან ფურცელი და კალამი მოიმარჯვა და ...

 

დაგვიანებული აღსარება... უკანასკნელი წერილი რომი შნაიდერს...

 

რას ნიშნავდა ეს წერილი... იქნებ, ის უბრალო თავის მართლება იყო საკუთარი თავის წინაშე... ან საქციელის ახსნა საზოგადოებისათვის... თუ ტკივილი... სულში ვერდატეული...

 

შესაძლოა, სიტყვებს, რომლებიც სიკვდილის მერე დაიწერა, ძალა მხოლოდ სიცოცხლეში ჰქონდათ...

 

....

 

„მშვიდობით, ჩემო თოჯინა!

 

მე შენ მძინარეს გხედავ,

 

მე შენთან ვარ, შენს სასიკვდილო სარეცელთან.

 

 

შენ შავ-წითელი გრძელი ტუნიკა გაცვია ამოქარგული გრძელი ნაწილით. მგონი ყვავილებით ამოქარგული, მაგრამ მე მათ არ ვუყურებ…

 

მე შენ გეუბნები ადიო!

 

მ შ ვ ი დ ო ბ ი თ…

 

ეს ყველაზე ხანგრძლივი გამოთხოვებაა ამქვეყნად, ჩემო თოჯინა.

 

ჩემო თოჯინა – მე ყოველთვის ასე გეძახდი. ყვავილებს კი არა, მხოლოდ შენს სახეს დავცქერი და ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი ხარ… ალბათ, არასდროს ყოფილხარ ასეთი ლამაზი, როგორიც ახლა. კიდევ იმაზე ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში პირველად გხედავ ასეთ მშვიდსა და მხიარულს. ასე მგონია, ვიღაცის ნაზმა ხელებმა ყოველგვარი მღელვარება და შიში წაშალა შენი სახიდან…

 

მე შენ მძინარეს გხედავ.

 

მეუბნებიან, რომ აღარა ხარ.

 

იქნებ შენს სიკვდილში მე მიმიძღვის ბრალი? – ამ შეკითხვას მხოლოდ იმ არსების წინაშე უსვამენ საკუთარ თავს, ვინც უყვარდათ და ისევ უყვართ…

 

თავდაპირველად ამ გრძნობის ტყვეობაში ექცევი, მერე ყველაფერი თავის ადგილზე დგება და აღიარებ, რომ ამ სიკვდილში დამნაშავე არა, მაგრამ პასუხისმგებელი კი ნამვილად ხარ.

 

დიახ, პასუხს ვაგებ შენს სიკვდილზე.

 

ჩემს გამო შეწყდა იმ ღამით შენი გულისცემა,

 

ჩემს გამო, რადგან ამ 25 წლის წინათ იმიტომ მიპოვეს, რომ შენი პარტნიორი ვყოფილიყავი “ქრისტინაში“. შენ ვენიდან უნდა ჩამოსულიყავი, მე კი პარიზის აეროპორტში გელოდი ყვავილებით ხელში, რომლებიც არც კი ვიცოდი როგორ უნდა დამეჭირა. პროდიუსერებმა გამაფრთხილეს, როგორც კი თვითმფრინავის ტრაპზე დაეშვება, გაიქეცი და ყვავილები მიართვიო და მეც გონებაჩლუნგივით ვიდექი ყვავილებით ხელში, ფოტორეპორტიორების ალყაში მოქცეული და შენ გელოდი… თვითმფრინავიდან გამოხვედი, მე შენსკენ გამოვემართე. შენ დედას ჰკითხე:

 

“ვინ არის ეს ყმაწვილი?“

 

მან გიპასუხა: “ალენ დელონი უნდა იყოს, შენი პარტნიორი.“

 

ამის მეტი არაფერი მომხდარა მაშინ, არც სიყვარულის ელდა დაგვცემია, არა… მერე ვენაში ჩამოვედი, სადაც ფილმის გადაღებას აპირებდნენ. ჩამოვედი და გაგიჟებით შემიყვარდი, შენც შეგიყვარდი...

 

მერე ხშირად გვიკითხავს ერთმანეთისთვის, მე უფრო ადრე შემიყვარდი თუ შენ…

 

ჩვენ დავითვლიდით 1, 2, 3 და ერთდროულად ვპასუხობდით, არც მე და არც შენ – ორივეს!

 

ღმერთო ჩემო, როგორი ახალგაზრდები და ბედნიერები ვიყავით მაშინ… გადაღებები დამთავრდა.

 

მე გითხარი:

 

- „წამოდი ჩემთან საფრანგეთში და იქ ერთად ვიცხოვროთ“.

 

- მაშინვე მიპასუხე

 

„მე მინდა შენთან ერთად ცხოვრება საფრანგეთში!“

 

გახსოვს? შენი ოჯახი, მშობლები აღშფოთდნენ. მთელი ავსტრია და გერმანია ბობოქრობდა. ისინი უზურპატორს, ბავშვების გამტაცებელს მიწოდებდნენ. მე ხომ მათ დედოფალი მოვტაცე…

 

ფრანგმა, ერთი სიტყვაც რომ არ ვიცოდი გერმანულად, მოგიტაცე შენ, თოჯინა, რომელმაც ასევე ერთი სიტყვაც არ იცოდი ფრანგულად.

 

დასაწყისში უსიტყვოდ გვიყვარდა ერთმანეთი. შევყურებდით ერთმანეთს და ვიცინოდით. შენ ჩემი თოჯინა იყავი, მე კი პეპე მერქვა...

 

რამდენიმე თვის შემდეგ კვლავ არაფერი გამეგებოდა გერმანულის, შენ კი ისე კარგად დაეუფლე ფრანგულს, რომ ერთად ვითამაშეთ ლუკინო ვისკონტის სპექტაკლში საფრანგეთის თეატრის სცენაზე. ვისკონტი ამბობდა, რომ ჩვენ ერთმანეთს ვგავდით, რომ ორივეს ერთნაირი V გვქონდა წარბებს შორის, ამიტომაც შიშსა და გაბრაზებას ერთნაირად გამოვხატავდით... ვისკონტი ამას რემბრანტის V-ს უწოდებდა, რადგან, როგორც იგი ამბობდა, ამგვარი V მხატვრის ავტოპორტრეტებზე აშკარად იყო გამოსახული.

 

მე შენ მძინარეს გხედავ. რემბრანტის V სრულიად წაშლილა… ახლა არავისი გეშინია, არავის ელი დაძაბული მოლოდინით, აღარც არავინ მოგდევს. ნადირობა დამთავრდა. ახლა შეგიძლია დაისვენო…

 

ისევ და ისევ გიყურებ...

 

მე ხომ ზედმიწევნით კარგად გიცნობ. ვიცი ვინ ხარ, ვიცი რატომ მოკვდი, შენს ხასიათსაც კარგად ვიცნობ…

 

იმათ, სხვებს კი ვპასუხობ, რომის ხასიათი მხოლოდ მისი ხასიათი იყო, ეს არის და ეს, თავი დამანებეთ!…

 

სულ ადვილი იყო შენი გულისტკენა. შენ ხომ ბავშვი იყავი, ნამდვილი ბავშვი, რომელიც სწრაფად, ძალიან სწრაფად გახდა ვარსკვლავი.

 

სწორედ ამით შეიძლებოდა ერთი მხრივ შენი კაპრიზების, წინასწარ გაუთვალისწინებელი ქცევების ყოველთვის სამართლიანი, საიმედო, მაგრამ მაინც ბავშვური ხასიათის, ხოლო მეორე მხრივ, შენი პროფესიული ავტორიტეტის ახსნა.

 

შენ ის ბავშვი იყავი, რომელმაც არ იცოდა ვის ეთამაშებოდა, რას ეთამაშებოდა და რატომ ეთამაშებოდა.

 

ამ წინააღმდეგობებში შენი დაფარული შიში და უბედურებაც მჟღავნდებოდა. მით უფრო, რომ რომი შნაიდერი იყავი, გაფურჩქნის ხანაში მყოფი მგრძნობიარე და ტემპერამენტიანი რომი შნაიდერი…

 

როგორ ავუხსნა მათ ვინ იყავი შენ და ვინ ვართ ჩვენ, მსახიობები…როგორ უნდა გააგებინო მათ, რომ ჩვენ ჩვენი თამაშით, ინტერპრეტაციებით, სხვად გარდასახვით ხშირად თვითონაც შეშლილებს ვემსგავსებით… როგორ ავუხსნა მათ, როგორი ძნელია სანახევროდ გავლილ გზაზე წონასწორობისა და ხასიათის სიმტკიცის შენარჩუნება.

 

ოჰ, ეს წონასწორობა! როგორ უნდა მივაღწიოთ მას ჩვენ ჟონგლიორებმა, კლოუნებმა, ტრაპეციაზე მომუშავე ცირკის მსახიობებმა, რომელთა დიდება პროჟექტორების შუქით არის გაცისკროვნებული…

 

შენ ამბობდი: „არ ვიცი როგორ მოვიქცე ცხოვრებაში, ფილმში კი ყოვლისშემძლე ვარ!“…

 

არა, სხვები ნამდვილად ვერ გაიგებენ იმას, რომ რაც უფრო მოუმზადებელი ხარ ცხოვრებისთვის, მით უფრო დიდი მსახიობი შეიძლება იყო.

 

ახლა, როცა შენ ისვენებ, მე კი შენს შორიახლოს ვტირი!..

 

მინდა ხმამაღლა ვიყვირო: არა, არა, ეს საშინელი პროფესია ქალისთვის არ არის მოგონილი, მე ეს ვიცი, რადგან კაცი ვარ, რადგან მე ის ვარ, ვინც შენ ძალიან კარგად გიცნობდა, შენი ყველაზე უკეთ ესმოდა, რადგან მეც მსახიობი ვარ. ჩვენ, ორივენი ერთ რასას ვეკუთვნოდით, ჩემო თოჯინა. მათ, სხვებს, არ შეუძლიათ ჩვენი, მსახიობების გაგება. დიახ, ვერასოდეს გაიგებენ, რომ შენნაირი ქალი ამის გამო შეიძლებოდა მომკვდარიყო.

 

ამბობენ, რომ შენ მითი იყავი. დიახ, ჭეშმარიტად ასეა, მაგრამ მითი ხომ მხოლოდ ფასადია, ანარეკლი, გარეგნული მხარე…

 

საღამოობით მითიც შინ ბრუნდება. შინ ის კი მხოლოდ რომია. ქალი, ვისი ცხოვრებისაც არაფერი გაეგებათ, ვისაც ცუდად ექცევიან, ვისზეც გაზეთები ცუდად წერენ, ვისაც გამუდმებით დევნიან და მარტოობაში მითი თანდათან შიშად იქცევა. რაც უფრო ღრმად იჭრება ეს გონებაში, მით უფრო ცდილობენ ალკოჰოლსა და ნარკოტიკებში ეძიონ შვება. თანდათან ყველაფერი ეს ჩვეულებად იქცევა, მერე ცხოვრების წესად, ბოლოს კი გარდაუვალ აუცილებლობად ყალიბდება. შენ უკვე ვეღარ აღწევ თავს მის ტყვეობას და...

 

ერთ მშვენიერ დღეს განაწამები, გაცვეთილი გული ჩერდება, რადგან იგი დაიღალა და მეტი აღარ შეუძლია მუშაობა...

 

მას უმოწყალოდ ექცეოდნენ, ის კი გული იყო, ერთი პატარა ქალის გული…

 

 

ამბობენ, რომ შენ იმ სასოწარკვეთილებას ემსხვერპლე, რაც დევიდის სიკვდილმა მოგიტანა. არა, ადამიანები ცდებიან. შენ ამას არ მოუკლიხარ!… დევიდის სიკვდილმა მხოლოდ ბოლო მოგიღო. ლორანისთვის, შენი ცხოვრების ბოლო და საოცარი თანამგზავრისთვის გითქვამს, ასე მგონია გვირაბი დამთავრდა და გასასვლელს მივაღწიეო. ეს მართალია…

 

შენ ცხოვრება გინდოდა, სიცოცხლე გიყვარდა. ისიც მართალია, რომ შაბათს გარიჟრაჟზე, შენი გვირაბის დასასრულიც გამოჩნდა. შენ ხომ ერთადერთმა იცოდი, რომ ეს ნამდვილი გვირაბის დასასრული იყო…

 

რა აბდაუბდად გწერ, უწესრიგოდ…

 

ჩემო თოჯინა, შენ ასე აგრესიულსა და ტკივილით სავსეს. შენ არ გესმოდა და არ ეთანხმებოდი თამაშის იმ წესს, რომ შენი ცხოვრებაც იმ საზოგადოების კუთვნილება იყო, ვინც სხვებში გამოგარჩია და კუმირად გაქცია. შენ უარყოფდი ამ თამაშს და, საერთოდ, ყოველგვარ თამაშს, რაც ჩვენს პროფესიას მუდამ თან ახლავს. თავს იწამებდი, პირადი ცხოვრება ძალმომრეობის მსხვერპლად მიგაჩნდა… მუდამ იმ ნადირივით იყავი შემართული, რომელსაც მონადირეები მისდევენ… იცოდი, კარგად იცოდი, რომ რასაც ბედისწერა ერთი ხელით გაძლევდა, მეორეთი უკან გართმევდა…

 

5 წელზე მეტი ვიცხოვრეთ ერთად.

 

– მე შენთან ერთად, შენ ჩემთან ერთად.

 

შემდეგ ცხოვრებამ, ჩვენმა ცხოვრებამ გაგვყარა, მაგრამ ხშირად ვურეკავდით ერთმანეთს. ბოლოს 1968 წელს იყო ფილმი „აუზი“. კვლავ მოვძებნეთ ერთმანეთი, რომ ერთად გვემუშავა. გერმანიაში ჩამოგაკითხე გადაღებებზე წამოსაყვანად. იქ შენი ვაჟი, დევიდი გავიცანი…

 

სხვები იტყვიან, რა დიდებული მსახიობია, რა ტრაგიკოსიო. მათ არ იციან, რომ თავად შენ ხარ ტრაგიკული ქალი, ვისაც ეს ცხოვრება ძალიან ძვირად უღირს… არ ესმით, რომ შენს ეკრანულ როლებში, შენი პირადი დრამებია ასახული… და თუ ანათებ, მხოლოდ იმიტომ, რომ თავად იწვი…

 

დევიდის სიკვდილამდე არსებობდა პროფესია, რომელიც გაიძულებდა მუდამ ფორმაში ყოფილიყავი. შემდეგ დევიდი წავიდა და უკვე პროფესიაც ვეღარ გშველოდა. მე არც შენი წასვლა გამკვირვებია.

 

იცი, რამ გამაოცა? იმან, რომ თავი არ მოგიკლავს, რომ გული გაგისკდა… მე ვთქვი, რომ სწორედ ესაა გვირაბის დასასრული…

 

მე შენ მძინარეს გხედავ…

 

მე ისევ მარტო ვარ საკუთარ თავთან…

 

მე შენ მიყვარდი.

 

შენ მე გიყვარდი.

 

მე გაქციე შენ ფრანგ ქალად, ფრანგ კინოვარსკვლავად. დიახ, ეს ჩემი დამსახურებაა… და ეს ქვეყანაც, საფრანგეთი, რომელიც შენ ჩემს გამო შეიყვარე, შენი სამშობლო გახდა… ვოლფმა გადაწყვიტა და მას ლორანმაც უთხრა, რომ ეს შენი სურვილიც იყო, რომ აქ დარჩები და სამუდამო სასუფეველს საფრანგეთის მიწაში ჰპოვებ. ორიოდ დღეში შენი შვილი დევიდიც აქ იქნება, იმ პატარა სოფელში, სადაც სახლი შეიძინე. აქ აპირებდი ცხოვრებას ლორანთან და პატარა სარასთან ერთად.

 

აქ დაიძინებ სამუდამოდ, საფრანგეთში… ჩვენთან ახლოს, ჩემთან ახლოს…

 

ჩემო თოჯინა,

 

ისევ და ისევ გიყურებ…

 

მინდა ჩემმა მზერამ გშთანთქოს…

 

ისევ მინდა გაგიმეორო, რომ არასოდეს ყოფილხარ ასეთი ლამაზი და მშვიდი.

 

მე შენთან ვარ…

 

შენგან ცოტაოდენი გერმანულიც ვისწავლე…

 

ახლა გეუბნები ich liebe dich ... JE T’aime...

 

ჩემო თოჯინა“.

 

ალენ დელონი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი