logo_geo
დიქტატორთა სურათები ღვინის ბოთლების ეტიკეტებზე – რა ფენომენთან გვაქვს საქმე?
- +

16 მაისი. 2019. 18:47

 

 

ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეამჩნევდით სადმე, ბათუმში, თბილისსა თუ ქუთაისში მოქმედ ღვინის მაღაზიას, სადაც დახლებზე დევს ღვინის ბოთლები, რომლებზეც სხვადასხვა პოზაში გამოსახულია იოსებ სტალინი – დიქტატორი, რომელმაც მისი მმართველობის პერიოდში მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და საკუთარ სამშობლოს, საქართველოს წაართვა უძვირფასესი, რაც კი შეიძლება რომელიმე ქვეყანას გააჩნდეს – სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.

 

თუმცა, როგორც ირკვევა, საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ღვინოები ბოთლებზე მიწებებული დიქტატორების გამოსახულებების მქონე ეტიკეტებით იყიდება. იტალიაშიც თურმე იგივე ხდება. თურმე ღვინის იტალიურ მაღაზიებშიც აღმოაჩენთ ბოთლებს, რომელთა ეტიკეტებზე დუჩეს, სოსელოს, ადოლფ ჰიტლერის, ლენინის და ერნესტო ჩე გევარას კუშტი და ქედმაღლური მზერით აღსავსე სახეებს შეეფეთებით.

მსგავს ბოთლებს იტალიაში მხოლოდ პატარა მაღაზიებში როდი შეხვდებით; თქვენ წარმოიდგინეთ, აპენინის ნახევარკუნძულზე უზარმაზარი სუპერმარკეტებიც სავსეა სხვადასხვა პოზაში მდგარი დიქტატორების ფოტოებით „დამშვენებული“ ღვინოებით.

 

თუნდაც, მაგალითად, ჯესოლოში, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე.

 

აქ რას აღარ შეხვდებით დახლებზე.

 

სვასტიკებიანი ფიალებიც კი აქვთ, ცალი 5 ევროდ.

 

სუპერმარკეტის მეპატრონე აცხადებს, რომ მისთვის ეს მხოლოდ ბიზნესია და ის ფაშისტი, ნაცისტი ან კომუნისტი არ არის და მსგავს ღვინოებს მანამდე გაყიდის, სანამ კლიენტები ეყოლება.

 

როგორც სუპერმარკეტის მეპატრონე განმარტავს, გასულ წელს მან ზაფხულის ტურისტულ სეზონზე 1500-მდე ბოთლი ღვინო გაყიდა დიქტატორების გამოსახულებებით.

 

მდგომარეობამ იმდენად სერიოზული ხასიათი შეიძინა, რომ 2017 წლის შემოდგომით იტალიის მაშინდელმა პრემიერმა პაოლო ჯენტილონიმ იტალიის პარლამენტს კანონპროექტიც კი წარუდგინა, რომლის ძალით ტოტალიტარული სიმბოლიკის მქონე ღვინოების გაყიდვა დასჯადი გახდებოდა. წარმომადგენელთა პალატამ კანონს მხარი დაუჭირა, თუმცა ჯენტილონის მთავრობა მალე გადადგა, ხოლო ახალმა პრემიერმა ჯუზეპე კონტემ, რომელიც ისეთი პოპულისტური და ანტიდემოკრატიული ჯგუფების მიერ არის მხარდაჭერილი, როგორებიცაა მაგ. „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“ და იტალიელი ულტრამემარჯვენეები, სენატში კანონპროექტის დამტკიცების პროცესი დააყოვნა.

 

როგორც ავსტრიული „კურიერი“ წერს, „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“ კატეგორიული წინააღმდეგია დიქტატორების გამოსახულებიანი ღვინოების გაყიდვის კრიმინალიზების. ამიტომ ეს პროცესი შეჩერებულია.

 

მაგრამ საინტერესოა, რატომ არ ახდენს საქართველოს ხელისუფლება სტალინის გამოსახულებიანი ბოთლებით ღვინოების გაყიდვის აკრძალვას? მართლა ძალიან სამარცხვინო და მიუღებელია, როცა დასავლური ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები ხედავენ დიქტატორ სტალინის გამოსახულებებს ქართული ღვინის სავაჭრო ობიექტებში. არაერთი მათგანი გამოთქვამს უკმაყოფილებას ამის გამო და საქართველოს იმიჯი ცივილიზებული საზოგადოების თვალში ძალიან ილახება.

 

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ მდგომარეობა არც წინა ხელისუფლების დროს ყოფილა უკეთესი და სტალინით ქართული ღვინის ბევრ ობიექტში მაშინაც ამაყობდნენ, როცა ქვეყანას მიხეილ სააკაშვილი მართავდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი