logo_geo
როგორ ჩავტიოთ ჩემოდანში ყველაფერი - ბარგის ჩალაგების მთავარი საიდუმლო
- +

18 მაისი. 2019. 15:06

 

 

გამგზავრება და ბარგის ჩალაგება, როგორც წესი, დიდი თავის ტკივილია. მოითხოვს საკმაოდ დიდ დროს, მერე ძალას, რომ გატენილ ჩემოდანს მოერიო და როგორმე შეკრა და ბოლოს აღმოჩნდება, რომ მაინც რაღაც დაგრჩენია.

გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას, როგორ მივედი ჩანთით სახლის ტარების ჩვევიდან სრულიად მშვიდად, ნახევარ საათში ბარგის ჩალაგებამდე. ჩემი სუბიექტური აზრით და გამოცდილებით, ჩემი მეთოდი გამოსადეგია მთაშიც, ბარშიც, საზღვარგარეთაც და შაბათ-კვირას კონფერენციაზე გასაქცევადაც.

 

სინამდვილეში, ბარგის ჩალაგება რამდენიმე დღით ადრე უნდა დაიწყოთ, ოღონდ კარადებიდან პირდაპირ ჩემოდანში კი არა, საკუთარი ტვინიდან - ფურცელზე.

ამისთვის, იღებთ ბლოკნოტს და იწყებთ ჩამოწერას, რისი წაღება გინდათ. შეარჩიეთ მშვიდი დრო, ვთქვათ ძილის წინ ან სამსახურიდან სახლის გზაზე - ტრანსპორტში.

 

ეცადეთ, ყველაფერი დაატიოთ ერთ ფურცელზე, რომ ერთი თვალის შევლებით დაინახოთ მთელი ბარგი. წარმოდგენაში დაყავით ფურცელი რამდენიმე ნაწილად და წასაღები ნივთები დაყავით კატეგორიებად. ასე უფრო გაგიადვილდებათ შემჩნევა, თუ რამე გავიწყდებათ.

 

გარდერობი წარმოიდგინეთ გონებაში, არაა აუცილებელი ყველა კარადის გამოღება და „ბარემ ამასაც წავიღებ“-ით მთელი გარდერობის ჩემოდანში ჩატენვა. არა, თუ პარიზის მოდის კვირეულზე არ მიდიხართ, მთელი გარდერობი არ დაგჭირდებათ. საშუალოდ დაგჭირდებათ იმდენი ხელი ტანსაცმელი, რამდენი დღითაც მიდიხართ.

 

წარმოიდგინეთ თითოეული დღე და გაიაზრეთ, რა გეგმა გაქვთ. ვთქვათ, 5 დღიდან 3 შეხვედრებითაა დაკავებული, 2 კი თავისუფალი. ესე იგი 3 წყვილი ბიზნესტანსაცმელია საჭირო, ოღონდ სამი, მხოლოდ სამი. ჯობია, აქ გადაწყვიტოთ, რას ჩაიცვამთ ბრიტანეთის დედოფალთან შეხვედრისას, ვიდრე ყველაფერი წაიღოთ და იქ მოიფიქროთ. ასე ნერვებსაც დაზოგავთ და დროსაც.

 

თვითმფრინავში ორივე გზაზე შეგიძლიათ ერთი და იგივე ჩაიცვათ, არაფერი დაშავდება, თუ 36 სთ ფრენა ან პირდაპირ „გუგლის“ ჰედოფისში არ გიწევთ მისვლა. ამით კიდევ ერთი ზედმეტი წყვილი ტანსაცმლის ადგილს დაზოგავთ.

 

მას მერე, რაც ფურცელზე ყველაფერი ჩამოწერილია (და შეგახსენებთ, ეს სასურველია, არ გააკეთოთ გამგზავრების დღეს), კარგად გადაავლეთ თვალი, არ გამოგრჩეთ ის ნივთები, რაც საყიდელი გაქვთ, ან ის ტანსაცმელი, რომელიც გასარეცხი ან მოსაწესრიგებელია.

 

მოვიდა გამგზავრების დღე.

 

ვხსნით ჩემოდანს. ვიღებთ ბლოკნოტს, დავდივართ და კარადებიდან ვალაგებთ ყველაფერს, რაც ჩამოვწერეთ. საწოლზე ვიწყებთ ყველაფრის დახვავებას, შემდეგ ეს ყველაფერი დაახლოებით ისე, კატეგორიებად უნდა დავახარისხოთ, როგორც ფურცელზე. ზედმიწევნით მიყოლა, რასაკვირველია, აუცილებელი არ არის. უბრალოდ, ასე გამოვრიცხავთ რაიმეს გამორჩენას.

 

 

ყველაფერი ადგილზეა. ახლა ჩემოდანში უნდა ჩავალაგოთ.

 

პირველ რიგში, ვიღებთ ყველაზე სქელი ნაჭრის ტანსაცმელს, ვშლით საწოლზე და ვახვევთ. მაგალითად, შარვალს ვკეცავთ ორად და შემდეგ ვახვევთ. მაისურს ვკეცავთ სიგრძეზე, შევუკეცავთ სახელოებს, კარგად ვასწორებთ და მერე ვახვევთ. „დუტის“ პალტოს ვჩუტავთ, ვკეცავთ და ამასაც ვახვევთ. „დუტის“ მსგავსი ფუმფულა მატერიები დახვევის მერე შეიძლება ისევ ამოფუვდეს. შეგვიძლია შემოვუჭიროთ ქამარი ან ფეხსაცმლის თასმა და ჭკვიანად იქნება.

 

გაითვალისწინეთ მთავარი: ვცდილობთ, დავახვიოთ რაც შეიძლება მჭიდროდ, არა ფუმფულად. არ შეგეშინდეთ, არ დაიკუჭება, პირიქით, რაც უფრო მჭიდროდ დაახვევთ, უფრო კარგად შეინარჩუნებს ჩვენს მიერ მიცემულ ფორმას, თან დახვეულს გადაკეცილის ზოლები ვეღარ დარჩება და დაუკუჭავს ჩაიტანთ.

 

ყველაფერს მძიმეს და სქელს რომ დავახვევთ, ჩავალაგებთ ჩემოდანში და ვიწყებთ თხელი ნაჭრის ტანსაცმლის წვრილად დახვევას. საცვლები, კოლგოტკები და ფარფატა ზედები შეგიძლიათ პარკში ერთიანად ჩააწყოთ და პარკიანად დაახვიოთ. პარკს თავი არ მოუკრათ და ჰაერით გაბერილი არ დატოვოთ, მაინც ჩაფუშვა მოგიწევთ, უმჯობესია თავმოუკრავად დააბრტყელოთ და გადაახვიოთ, ბლინივით.

 

თუმცა. უმაგისოდაც გამოვა, არ ინერვიულოთ.

 

ჩემოდანი ცოტა ხანში მჭიდროდ დახვეული ტანსაცმლით გაივსება. ტანსაცმლის რგოლებს შორის კი ჯერ კიდევ ბევრი ადგილია.

 

ეს ადგილები შეგიძლიათ შეავსოთ ღვინის ბოთლებით, ფეხსაცმელით (აჯობებს ცალ-ცალკე, თხელ პარკში გახვეული, უფრო ეკონომიურად თავსდებიან), დამტენებით, ფოტოაპარატით. თან ეს ყველაფერი ტანსაცმელს შორის რბილად და უსაფრთხოდ შესრიალდება.

 

არ დაგავიწყდეთ, ფურცელზე ნელ-ნელა გადახაზოთ ყველაფერი, რასაც ჩემოდანში მოათავსებთ.

 

სულ ეს არის.

 

თუ ამ გზას მიყვებით, საეჭვოა, რამე გამოგრჩეთ ან ჩემოდნის დახურვა ვერ მოახერხოთ.

 

მთავარია, დაგეგმვის ეტაპზე კარგად გაიაზროთ თქვენი მგზავრობის/მოგზაურობის შინაარსი, გაითვალისწინოთ ამინდი და გაუმკლავდეთ ზურგზე სახლის მოკიდების ჩვეულებას.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი