logo_geo
როგორ ეხმარება ზღაპარი ბავშვს განვითარებაში და რატომ უყვართ პატარებს ერთი და იმავე ამბის ბევრჯერ მოსმენა
- +

18 მაისი. 2019. 18:56

 

 

ბავშვის გონება და ცნობიერება სუფთა ფურცელივითაა. პატარები სამყაროს შეცნობას პრაქტიკულად, ნულიდან იწყებენ. ამიტომ ჩვენზე, უფროსებზეა დამოკიდებული როგორ მიიღებს და შეიმეცნებს ჩვენი შვილი მის გარემომცველ სამყაროს. ამ ინფორმაციის მიმწოდებლები და მათთვის გზის მაჩვენებელნი ჩვენ ვართ, მშობლები. ამ მისიის შესრულებაში კი საუკუნეებია უფროსებს ზღაპრები გვეხმარება. მსოფლიო ხალხთა ზღაპრები სამყაროს ისტორიის პატარა მოდელებია, რომლებიც ყველაზე ადვილად გასაგებია ბავშვისთვის. მათში თავმოყრილი ამბები ბევრ რამეს ასწავლის პატარა მკითხველს, რადგან ეს მსოფლიოს სიბრძნეა ზღაპრად ნაამბობი.

 

ზღაპრად მიწოდებულ ინფორმაციას ბავშვის გონება გაცილებით უკეთ აღიქვამს, მისი გმირების საქციელით კი სწავლობს კეთილისა და ბოროტის გარჩევას, დასკვნების გაკეთებას, ეს თავგადასავლები ყველაზე ძლიერ ბიძგს აძლევენ მის ფანტაზიას, რომელმაც შემდეგ შემოქმედებით უნარებს უნდა დაუდოს სათავე.

 

ბავშვს არა მარტო უნდა უამბოთ სამყაროზე, პატარამ გონებაში თავისი ადგილიც უნდა წარმოიდგინოს ამ სამყაროში. მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები კი ამ მისიას ყველაზე უკეთ ასრულებენ. რადგან მრავალმხრივ წარმოდგენას გვიქმნიან სამყაროს მრავალფეროვნებაზე, მათში ასახული ხალხთა კულტურა და თავისებურებები კი ყოველთვის დაეხმარება ბავშვს ახლის სწავლაში და გააზრებაში.

 

ხშირად პატარები მშობლებს ერთსა და იმავე ზღაპრის ბევრჯერ წაკითხვას სთხოვენ. ნუ გაგიკვირდებათ ეს სურვილი და ნურც უარს იტყვით მის შესრულებაზე, რადგან თუ თქვენი შვილი გთხოვთ, წაუკითხოთ ერთი ზღაპარი რამდენჯერმე, ე.ი. მოცემულმა წიგნმა პოვა გამოძახილი პატარას სულში და სრულიად შეესაბამება მის ამჟამინდელ ემოციურ მდგომარეობას.

 

ფაქტი, რომ ბავშვმა იცის, თუ რა მოხდება შემდეგში, რითი დასრულდება ისტორია, მის ცნობიერებაში აყალიბებს მომავლის რწმენას, დადებითი შედეგის მოლოდინს. ის დარწმუნებული იქნება, რომ სირთულეების მიუხედავად, ყველაფერი კარგად იქნება.

 

ამით ოპტიმისტური განწყობის ჩამოყალიბებას უწყობთ ხელს, ოპტიმისტები კი ბევრად უფრო მხიარულები და პროდუქტიულები არიან, ვიდრე პესიმისტები! ამგვარად, ერთი და იგივე სცენარის მრავალჯერ გათამაშებით ბავშვი მყარად ითავისებს აზრს, რომ გამოუვალი სიტუაციები არ არსებობს.

 

როდესაც ბავშვს ზღაპარს უკითხავთ, ბავშვი განიცდის გმირთან ერთად, გაითამაშებს ემოციურად მის ყველა თავგადასავალს, ანუ განიცდის ემოციების წყებას და ყოველ ჯერზე ეს ემოციები უფრო და უფრო დახვეწილი და სრულყოფილი ხდება.

 

განმეორებითი კითხვა შეგვიძლია გამოვიყენოთ ბავშვის მეტყველების განვითარებისთვისაც. პირველ რიგში, ერთი და იგივე სიტყვების გამეორება შესანიშნავად ავსებს ლექსიკურ მარაგს, მეორეც, ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირად წაკითხვით თქვენ ხელს შეუწყობთ უფრო ხარისხიანი მეტყველების განვითარებას.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი