logo_geo
როგორ შევუხამოთ ერთმანეთს ხილი და ღვინო
- +

21 მაისი. 2019. 12:25

 

ზაფხულში ხილის და ღვინის შეხამებაზე ჩვენ ადრეც ვისაუბრეთ და ზოგადად ცნობილი ამბავია, რომ წელიწადის ამ დროს გრილი ღვინის ჩაციებულ ხილთან შეხამება საშური საქმეა და ამ სიამოვნებაზე უარს ისინიც კი არ ამბობენ, რომლებიც ღვინოს მაინცდამაინც არ ეტანებიან. ხილთან არყის მიყოლებაც ძველი ტრადიცია, თუმცა ზაფხულის სიცხეში არყის სმა, ვერ ვიტყვით, რომ მთლად სწორი გადაწყვეტილება იქნება.

 

საქართველოში, უმეტესად კი დასავლეთ საქართველოში, ზაფხულის ხილთან რამდენიმე ჭიქა მსუბუქი თეთრი ღვინოების მირთმევა ერთგვარი ტრადიციაა და არაფერი სჯობს მაგალითად შეგრილებულ „კრახუნას“, რომელსაც ატამიც, ადრეული თეთრი ქლიავიც, საზამთროც და ნესვიც ერთნაირად მოუხდება. ნესვი მაინც ცალკე თემაა, რადგან არიან ადამიანები, რომლებიც ნესვის დაჭრილ ნაჭრებს კუთხეებზე მარილს უსვამენ და ისე მიირთმევენ. თუმცა, როდესაც ხილის ღვინოსთან მიყოლებაზე ვსაუბრობთ, მარილწასმული ნესვის მსუბუქ ღვინოსთან მიყოლება მაინცდამაინც სასურველი არაა, რადგან ზოგადად მარილი ღვინის მტერია და მლაშე კერძებს ღვინოს (მით უმეტეს მსუბუქ ღვინოს) არასოდეს უხამებენ.

 

ზაფხულის ხილს ცხადია ყველანაირი ცქრიალა ღვინო შეეწყვილება გარდა იმ კონკრეტული ნიმუშებისა, რომლებსაც საფრანგეთში, პორტუგალიასა და ესპანეთში შემაგრებული სახით ამზადებენ. შემაგრებული ცქრიალა ღვინის ფასი ზოგადად ძვირია და ჩვენი ინტერესის საგანს ამჯერად ფრანგული შამპანურების ლეგენდარულ ბრენდებზე მეტად, მარტივი, მსუბუქი ცქრიალა ღვინოები წარმოადგენენ, რომელთა ფასიც ევროპაში 2-3 ევროდან იწყება, საქართველოში კი 9-10 ლარია.

 

მშრალი, ნახევრადმშრალი, ტკბილი, ნახევრადტკბილი, ვარდისფერი - თითქმის ყველა სტილის ცქრიალა ღვინო ზაფხულში შეუცვლელ სასმელებად ითვლება და ცხადია, მათი ხილთან შეხამებაც ლოგიკურია და გასაგები. მთავარი და ძირეული პრინციპი ყველა შემთხვევაში ერთია - ღვინო სუფრაზე შეგრილებული სახით უნდა გავიდეს და არაა აუცილებელი, მაინცდამაინც ისე გავაციოთ და გავყინოთ, რომ სასმელის გემო და არომატი მთლიანად დაიკარგოს.

 

დაბოლოს, სანამ ზაფხულის ხილთან ღვინის შეხამებას გადაწყვეტთ, წინასწარ გაითვალისწინეთ ის, რომ სიცხეში ბევრი ღვინის სმა  მაინცდამაინც კარგი არაა და შესაძლებელია ზომაზე მეტად დათრობამ დადებითი განწყობა სულაც არ შეგიქმნათ. ამ პერიოდში 3-4 ჭიქა გემრიელი მსუბუქი ღვინო ნებისმიერ ადამიანს მიანიჭებს სიამოვნებას და გამოაცოცხლებს. განსაკუთრებით მაშინ, თუკი შესახამებლად შერჩეული ხილიც ხარისხოვანი და გემრიელი იქნება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი