logo_geo
„მრისხანებისას მიღებული გადაწყვეტილება არასოდეს არაა გონივრული“
- +

21 მაისი. 2019. 15:27

 

ბერი იოსებ ათონელის წერილები სულიერი შვილებისადმი მართლაც დიდი სულიერი საკვებია როგორც მონაზვნებისთვის, ისე ერისკაცებისთვისაც. ისიქასტი ბერი იოსები მრისხანების შესახებ სულიერ შვილებს წერს: „ნურასოდეს ეძიებ სიმართლეს, რადგან მაშინ არ იქნები მართალი. როგორი განსაცდელიც უნდა დაუშვას ღმერთმა, ისწავლე ცდუნებების მხნედ მოთმენა. თავის მართლების გარეშე თქვი: „შემინდეთ!“ - და მაშინაც, როცა არ შემცდარხარ, შეინანე, როგორც შემცდარმა, სულიერი შეგნებით და არა გარეგნულად, თავის საქებად და სხვების შინაგანი განკითხვით... თუ ლაპარაკისას სიმართლეს ეძიებ, ნურც კი იფიქრებ სიმშვიდეზე. სიმართლე - ეს არის მოსულ განსაცდელთა მხნედ მოთმენა, რომ გამარჯვებული გამოხვიდე, იქნები დამნაშავე თუ არა. ხოლო თუკი ამბობ: მაგრამ რატომ? - ებრძვი ღმერთს, რომელიც ამ სიმწარეს გიგზავნის შენი ვნებიანი მდგომარეობის გამო.

 

შენ მწერ მრისხანების შესახებ უგუნურის გულში. მრისხანება თავისთავად ბუნებრივია. როგორც სხეულში არის ნერვები, ასევე ის სულის ნერვია და ყველამ უნდა გამოიყენოს დემონების, ერეტიკოსებისა და ყოველივე იმის წინააღმდეგ, რაც უფლისკენ მიმავალ გზაზე ეღობება. ხოლო თუ თანამოაზრე ძმებზე განრისხებული და წყობიდან გამოსული აფუჭებ შენი ხელით გაკეთებულ საქმეს, იცოდე, პატივმოყვარეობით ხარ ავად და ბოროტად იყენებ სულის ნერვს. ამისგან ყველას მიმართ სიყვარულითა და ჭეშმარიტი სიმდაბლით გათავისუფლდები.

 

ამიტომ, როცა მრისხანება მოგიცავს, მაგრად მოკუმე პირი და ნუ დაელაპარაკები იმას, ვინც გაწყენინებს ან შეგარცხვენს, გამხელს ან უმიზეზოდ განგცდის სხვადასხვა გზით.

 

და ეს გველი დაბრუნდება გულში, მოგებჯინება ყელში და რადგან გამოსვლის საშუალებას არ მისცემ, გაიგუდება და გასკდება. და როცა ეს რამდენჯერმე განმეორდება, შემცირდება და ბოლოს სულ გაქრება.

 

რადგან უფალმა ადამიანი გონიერი და უწყინარი შექმნა, ამიტომ ის სიყვარულითა და სათნო მოპყრობით უფრო ადვილად გამოსწორდება, ვიდრე მრისხანებითა და უხეშობით. ნურასოდეს ეცდებით ერთმანეთის გამოსწორებას მრისხანებით, რადგან განსაცდელი განსაცდელს ვერ განდევნის, ის სიმდაბლითა და გულწრფელი სიყვარულით მარცხდება. თუ ხედავ, რომ მრისხანება წინ უსწრებს, მაშინ დროებით გადადე გამოსწორება და როცა მრისხანება გაივლის, სიმშვიდე დაისადგურებს და ვნების გარეშე მუშაობს გონება, მაშინ თქვი ის, რაც სასარგებლოა.

 

მრისხანებით გამოსწორებული არავინ მინახავს, ამისთვის საჭიროა სიყვარული... შენი თავისგან აიღე მაგალითი: როდის ხდები უწყინარი? შეურაცხყოფით თუ სიყვარულით?

 

და აღარ გიკვირს ერთი წმინდანის სიტყვები: „მრისხანე და გაშმაგებულ ადამიანს, მკვდარიც რომ აღადგინოს, არ შეუშვებენ ცათა სასუფეველში!“

 

ამბობ, რომ აფასებ ჩემს სიტყვას. იმით, რასაც გწერ, გამოცადე, მართალია თუ არა ის, დაახრჩვე ვნება, როცა ის მოვა შენს დასახრჩობად. ჩაკეტე შენ შიგნით გველი - ერთხელ, ორჯერ, მრავალგზის და მაშინვე იპოვი სიხარულსა და გამარჯვების გზას, მაშინვე ამოქმედდება ლოცვა, რომელსაც შენთვის ვამბობ. და როცა დედა დამარცხდება, დაგნებდება შვილების ამალა, რომლებსაც მრისხანება ბადებს.

 

ასე რომ, მთელი ძალით ჩაიხშე მრისხანება, ყოველ წამს, როცა კი ამოქმედდება და ნახავ, რომ თანდათან შესუსტდება. გააგრძელე მისი განადგურება და მალე მიიღებ სულგრძელობის ნაყოფს - უშფოთველობას. ეს მოგიტანს მშვიდობასა და მადლს, რასაც მოჰყვება ყველა სიკეთე“.

 

მრისხანება ცოდვის ერთ-ერთი ნაყოფი რომ არის, ეს თითქმის ყველა ჭეშმარიტ მართლმორწმუნეს უნდა ჰქონდეს გათავისებული, მაგრამ ადამიანური სისუსტეებიდან გამომდინარე, მრისხანებას მაინც მყარად აქვს ფესვები გადგმული საზოგადოებასთან თუ ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას. ჩვენი დროის ადამიანები ხშირად ვარდებიან მრისხანებაში, უფრო მეტიც, იმდენად ახლობელი გახდა ამ ცოდვისკენ მიდრეკილება, რომ ბევრმა ცხოვრების წესადაც აქცია. არადა ეს წუთისოფელი, ამქვეყნიური, მიწიერი ცხოვრება ხომ გამოცდაა და შემდეგში უფალთან წარდგომა გველის... ზოგი ფიქრობს, განრისხების შემდეგ სულიერი მოძღვარი აღსარების გზით მიუტევებს მრისხანებას, მაგრამ საკუთარი თავის გამოსწორებას და მოყვასის ნატკენი გულის მოშუშებას ნაკლებად ცდილობს. ადამიანები ვართ და ყველას გვაქვს მრისხანებაში მყოფ მტერ-მოყვარესთან ურთიერთობა, ხშირად თავადაც ვატარებთ ამ მძიმე ცოდვას და ალბათ არ გვიფიქრია, სინანულით, გულწრფელად აღმოგვეთქვა სიტყვა „შემინდე“.

 

„შენდობას გთხოვ“ - მონასტრის წევრები ერთმანეთს ხშირად ეუბნებიან სინანულით და თავმდაბლობით. უფალს შენდობას სთხოვენ, რადგან მეტი მზრუნველობა ვერ გამოიჩინა საყვარელი დისა თუ ძმის მიმართ. მრისხანებისგან თავშეკავება ერსაც და ბერსაც ღვთის წინაშე ერთნაირად მოეთხოვება, მაგრამ როგორც მონასტერში ამბობენ, ეს ცოდვა ყველაფერთან ერთად განსაკუთრებით მონასტრის წევრებს ებრძვის. მასთან დასაპირისპირებლად კი საუკეთესო იარაღი ლოცვაა.

 

ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის კეთილმოწესე დედა იოანა (კვირკველია) ამბობს: „მრისხანების ჟამს მოყვასისათვის ილოცე; გულის სიღრმიდან ამოთქვი: „უფალო, შეუნდე ცოდვა მას, ვინც მაწყენინა, ჩემსავით ისიც ადამიანია. დამერწმუნეთ, ლოცვა სულს სიმშვიდეს მიანიჭებს“.

 

- დედაო, როდესაც მოყვასისგან შეურაცხმყოფელ სიტყვას ვიგებთ, ასეთ დროს როგორ უნდა მოვიქცეთ?

 

- უნდა იფრთხილო, რომ არ განრისხდე, რათა „გულის წყრომამან კაცისამან სიმართლე ღმრთისაი არა ქმნის“ (იაკ. 1,20). უმჯობესია, საკუთარ თავს უთხრა: „აი, შემთხვევა, რომელმაც მოთმინება და თავმდაბლობა უნდა მასწავლოს“ და მას, ვინც გაწყენინა და დაგამცირა, ან მდუმარებით უპასუხე, ანდა, თუ აუცილებელია, მოკრძალებული მართალი სიტყვით. მრისხანება ცოდვის ერთ-ერთი სახეა და ბოროტისაგან მოდის.

 

როცა შეურაცხმყოფელ და მრისხანე სიტყვებს ვისმენთ, ძალიან კარგია, თუ მოვერევით საკუთარ თავს და გულში იესოს ლოცვას ვიტყვით. წმინდა მამები გვმოძღვრავენ, რომ მრისხანებას იესოს ლოცვით უნდა განვერიდოთ. მრისხანების შედეგად ადამიანებს შორის მწვავდება ურთიერთობა, მატულობს შეურაცხყოფა. ერთი მეორეს აგდებს მრისხანებაში და ამით ცოდვა მატულობს. კარგი იქნება, თუ მრისხანების ობიექტს განვეშორებით უჩუმრად, უპასუხოდ და თავის მართლებას არ დავიწყებთ, რადგან თავის მართლების დროს კიდევ წარმოიშობა უსიამოვნებები.

 

- დედაო, ამბობენ, ყველა ცოდვა მონასტერში უფრო მძაფრდებაო. მრისხანება თუ იგრძნობა მონასტერში?

 

- მრისხანება ყველგან სუფევს, მით უმეტეს მონასტერში, რადგან ყველანაირი ცოდვა აქ უფრო გამძაფრებულია. მონასტრის წინამძღვარზე ბევრია დამოკიდებული. ჩვენი მონასტრის წინამძღვარი მამა რევაზ სიხარულიძე ყოველთვის გვარიგებს, რომ პასუხის გაცემამდე იესოს ლოცვა მოვიშველიოთ. ერში ყოფნის დროსაც ასე გვმოძღვრავდა: შეეცადე, იესოს ლოცვა თქვა და მრისხანება გაგივლისო. ჩვენც ძალიან გვშველის წინამძღვრის დარიგება და დედები ცდილობენ, ამ დროს ერთმანეთის მიმართ მორიდებით იყვნენ. ჯვარი გვწერია და ჩვენი მონასტრის წევრებს შორის ასეთი დამოკიდებულება ნაკლებად შეიმჩნევა.

 

- დედაო, მონასტერში თითოეული წევრი თავის მორჩილებას ასრულებს. მისი შესრულების დროს ხომ შეიძლება მრისხანებამ დაგძლიოს?

 

- მონასტერში ადამიანი მორჩილებით მოდის. რასაც წინამძღვარი დაგავალებს, ის უნდა გააკეთო. თუ მორჩილება არ გაქვს, ვერც ერთ მონასტერში ვერ შეძლებ მოღვაწეობას. ისე, ყველა ქრისტიანი ასე უნდა ცხოვრობდეს. ლოცვით, შრომით და მორჩილებით უფალი შეგვაძლებინებს განვერიდოთ მრისხანებას.

 

გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს: მრისხანება ყველასთვის სახიფათო მრჩეველია, მრისხანებისას მიღებული გადაწყვეტილება არასოდეს არაა გონივრული... ცხელ გულზე სწორი გადაწყვეტილების მიღება ცოტა რთულია. უმჯობესია გადაწყვეტილება სულიერი აღშფოთების დაცხრომის შემდეგ, დამშვიდებულმა მივიღოთ. მოყვასის განრისხებისთვის თუ საკუთარ თავს დავადანაშაულებთ და მას პატიებას ვთხოვთ, მაშინ ყველაფერი კარგად დამთავრდება. ისე, იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი გულით მიხვალ პატიების სათხოვნელად. მრისხანებაში ჩავარდნილი ორი წმინდა მამის ცხოვრებას გავიხსენებ: წინამძღვარმა ერთს კურთხევა მისცა, პატიება ეთხოვა მეორისგან. ბოდიშის მოსახდელად მიმავალი მამა გულში თავს იმართლებდა და თავს დამნაშავედ არ მიიჩნევდა. ეს ყველაფერი გულისხმაყო მეორე ბერმა და პატიების სათხოვნელად მისულ ძმას სენაკის კარი არ გაუღო. უკან დაბრუნებულს წინამძღვარმა ჰკითხა, - შენ როგორი გულით წახვედიო. თუ თავს დამნაშავედ ჩათვლი, ყველაფერი მოგვარდებაო. ბერი ასეც მოიქცა. მართლაც, სენაკის კარი ღია დახვდა და მოხდა საოცრება - ის ბერი თვითონ ჩაუვარდა ფეხებში სინანულით მისულ ძმას.

 

ღმერთმა მოგცეთ „განცდა თვისთა ცოდვათა“, მოთმინება და უფლის დიდი სიყვარული. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.

 

 

სტატიის ავტორი: თეა ცაგურიშვილი

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი