logo_geo
ბილეთი მარსისკენ - გაგზავნეთ თქვენი სახელი წითელ პლანეტაზე
- +

22 მაისი. 2019. 15:45

 

 

მართალია, ჯერ წლები გვაშორებს იმ სასწაულებრივ დღეს, როცა ადამიანები პირველად დაადგამენ ფეხს მარსზე, მაგრამ მანამდე, NASA გვაძლევს შანსს, წითელ პლანეტაზე ჩვენი სახელები გავგზავნოთ. გვარ-სახელები ჩიპზე ჩაიწერება, რომელსაც მარსზე NASA-ს ახალი მავალი „მარს 2020“ წაიღებს. მარსმავალს 2020 წლის ივლისში გაუშვებენ და წითელი პლანეტის ზედაპირზე ის 2021 წლის თებერვალში დაჯდება.

 

1000-კილოგრამიანი რობოტული მავალი მოძებნის წარსულში სავარაუდოდ არსებული მიკრობული სიცოცხლის კვალს, შეისწავლის პლანეტის კლიმატსა და გეოლოგიას, შეაგროვებს სხვადასხვა ნიმუშს და მოამზადებს გზას წითელ პლანეტაზე ადამიანთა გამგზავრებისათვის.

 

NASA-ს სამეცნიერო დირექტორატის ასოცირებული ადმინისტრატორის, თომას ზურბუკენის განცხადებით, მარსის ეს მისია ისტორიულია და სურთ, ამ ტურნეში მონაწილეობა ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს. მისი თქმით, ეს მისია პასუხს გასცემს საკვანძო კითხვებს ჩვენი მეზობელი პლანეტისა და თავად სიცოცხლის წარმოშობის შესახებ.

 

თქვენი გვარ-სახელის ჩაწერა 30 სექტემბრამდე შეგეძლებათ სპეციალურ გვერდზე, აღნიშნულ ბმულზე. https://mars.nasa.gov/participate/send-your-name/mars2020/

ფორმის შევსების შემდეგ მიიღებთ სამახსოვრო ბილეთს.

 

პროცესის დასრულების შემდეგ, NASA-ს რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიის (JPL) მიკრომოწყობილობათა ლაბორატორია მიღებულ გვარ-სახელებს ელექტრონულად, სილიციუმის ჩიპზე ჩაწერს. თქვენი სახელი ჩიპზე ადამიანის თმის ღერზე ათასჯერ წვრილი შრიფტით ჩაიწერება. შედეგად, 10-ცენტიანის ზომის ჩიპი მილიონზე მეტი ადამიანის სახელს ჩაიტევს. მიკროჩიპი მავალის მინის საფარის ქვეშ მოთავსდება.

 

აღსანიშნავია, რომ ასევე მიკროჩიპით, 2 მილიონზე მეტი ადამიანის სახელი მარსზე უკვე ჩაიტანა NASA-ს ხომალდმა „ინსაითმა“, რომელიც წითელ პლანეტაზე გასული წლის ნოემბერში დაჯდა.

 

მრავალი ადამიანის სახელი ასევე წაიღო NASA-ს ხომალდმა „პარკერმა“, ოღონდ არა მარსზე, არამედ ჩვენი დედავარსკვლავის — მზისკენ. „პარკერი“ NASA-ს კიდევ ერთი ისტორიული მისიაა, რომლის ფარგლებშიც, ხომალდი მზის ატმოსფეროში შევა და ვარსკვლავის ზედაპირს 6 მილიონი კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდება.

 

 

big_banner
არქივი