logo_geo
ბორის პაიჭაძე - „ქართული ფეხბურთის რაინდი, მისი სინდისი და სიმბოლო!“
- +

22 მაისი. 2019. 16:20

 

 

„ქართული ფეხბურთის რაინდი, მისი სინდისი და სიმბოლო!“-ასე აფასებს საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი გულბათ ტორაძე ლეგენდარულ ფეხბურთელს ბორის პაიჭაძეს. იგივე ტორაძე, რომელსაც ფეხბურთის გულშემატკივრობის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი სტაჟი ჰქონდა, პაიჭაძის შესახებ წერს: „მე ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, რომელსაც უნახავს მოედანზე ბ. პაიჭაძე მისი გაფურჩქვნის წლებში და მას პაიჭაძეზე მაღლა რომელიმე სხვა ფეხბურთელი - ჩვენი თუ უცხოელი - დაეყენებინოს. ბორის პაიჭაძეს საბჭოთა ფეხბურთის სპეციალისტები დიდი პატივისცემით იხსენებენ. მაგ., ლ. კასილს უთქვამს: „თუ კაცს ფეხბურთი უყვარს და მწვანე მოედანზე ერთხელ მაინც ჰყავს ნანახი ბორის პაიჭაძე, იგი ვეღარ დაივიწყებს ამ ფეხბურთელსო“, მ. ბერჟანოვი: „პაიჭაძე ბუნების ისეთივე იშვიათობა გახლდათ, როგორიც თვითნაბადი ოქროა“.

გ. ტორაძე თავის მოგონებებში ბორისისათვის საბედისწერო მატჩს იხსენებს: „1947 წლის ივლისში მოსკოვის „ტორპედოსთან“ თამაშით დასრულდა მისი საფეხბურთო „ოქროს ხანა“. მძიმედ დაშავებული პაიჭაძე იდგა მოედნის ცენტრში. ვ. სინიავსკი გადმოსცემდა, პაიჭაძე გედივით ცალ ფეხზე დგას, მას კი მაინც დარაჯობენო“.

ბორისი ძალიან სწრაფად და მოხდენილად დარბოდა, საოცრად ღონიერი მხარი ჰქონია. მისი წაქცევა ძალიან ძნელი ყოფილა, მინდორზე დავარდნილს მას ვერავინ ნახავდა. როგორც გ. ტორაძე იხსენებს, ბორისი მუდამ შეტევის მწვერვალზე იყო. შეტევა და მხოლოდ შეტევა გახლდათ მისი სტიქია. არასდროს დაუგვიანებდა ზუსტ პასს ხელსაყრელ მდგომარეობაში მყოფ პარტნიორს. ბ. პაიჭაძის უნიკალურობა იმაშიც გამოვლინდა, რომ მთელი თავისი საფეხბურთო კარიერის მანძილზე არც ერთი გაფრთხილება არ მიუღია მსაჯისგან.

დიდი ფეხბურთიდან მისი წასვლის შემდეგ ნოსტალგია საყვარელ ფეხბურთელზე დიდხანს წაჰყვა მის თაყვანისმცემელს. სამწუხაროდ, დღემდე მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტია შემორჩენილი, სადაც კინოფირზე ფეხბურთის ლეგენდის, ბ. პაიჭაძის თამაშია აღბეჭდილი.

ბ. პაიჭაძე 20 წლის მანძილზე სათავეში ედგა სპორტკომბინატ „დინამოს“. იგი დაჯილდოებულია 4 ორდენით და 3 მედლით. „დადგამს საქართველო სალოცავი ბორის პაიჭაძის ქანდაკებას“,- ასე გამოხატა პოეტმა ო. ჭილაძემ თავის ლექსში ქართველი ხალხის სიყვარული ლეგენდარული ბორის პაიჭაძის მიმართ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი