logo_geo
„ნახეთ, ილია როგორ ჩავალბო და გავჭიმო საქალამნე ტყავივით“ - ვინ და რატომ ემუქრებოდა ილია ჭავჭავაძეს
- +

23 მაისი. 2019. 15:35

 

ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის ცნობილი დავა საადგილმამულო ბანკის თაობაზე დიდხანს გრძელდებოდა. მაინც რა იყო მთავარი საგანი ჭავჭავაძისა და მაჩაბლის უთანხმოებისა, რომ ასე გამწვავდა საქმე?- კითხულოს იაკობ მანსვეტაშვილი და პასუხსაც არ აყოვნებს. საქმე ისაა, რომ იმჟამად, ბანკის მოქმედების მთავარ ძარღვს ქალაქისა თუ სოფლის მემამულეებზე სესხის გაცემა შეადგენდა. აქ კი, ცხადია, დიდი სიფრთხილე და თავდაჭერა იყო საჭირო.

 

მანსვეტაშვილი წერს: „მაჩაბელს ხელგაშლილობა უყვარდა, ილიას კი დიდი რაოდენობის სესხის გაცემა არ უნდოდა... ახლა კეთილგონიერება იქნებოდა მაჩაბლის მხრივ, ან სრულიად გასცლოდა ბანკს, ან ქედი მოეხარა და ჭავჭავაძეს დამორჩილებოდა. არც ერთს გზას დაადგა, არც მეორეს, მესამე ირჩია, გადაწყვიტა, განეგრძო ისევ ბროლა“. მანსვეტაშვილისვე მოგონებებში ვკითხულობთ, რომ მაჩაბელს იმ დროს ბევრი მომხრე აღმოუჩნდა, რომლებიც მას აქეზებდნენ და აღიზიანებდნენ. მომხრეებს შორის იყო კოლა ორბელიანი- პოეტ ვახტანგ ორბელიანის შვილი, „ნიჭს არ მოკლებული, მაგრამ ფუჭი ცხოვრების ამყოლი“.

 

მანსვეტაშვილი იხსენებს: „ამ ორბელიანმა ერთხელ თავისი შვილი გამაცნო და ასე დამიხასიათა: „გთხოვთ, იცნობდეთ, ხოლო სიყვარულით კი ნუ შეიყვარებთ. ჩემზე ხომ ამბობენ, წამხდარია, წრეს გარდასულიაო, ჩემმა შვილმა მე გადამაჭარბა, მე თუ თოთხმეტი ძაღლი მყავს და დღეში ოცდა რვა გირვანქა ხორცს ვაჭმევ, ეს თვრამეტ ძაღლს ინახავს და დღეში ოცდა თექვსმეტ გირვანქა ხორცს აჭმევს. მაშ: კარგია მამულისთვის, რომ შვილი სჯობდეს მამასაო?“.

 

აი, სწორედ ეს ორბელიანი გამოუჩნდა მომხრედ და თანამებრძოლად მაჩაბელს, რომელმაც მისი ტრაბახი და ბაქი-ბუქი „ხალას ოქროდ მიიღო“. თურმე „ორბელიანი ასე იქადდა: - მოიცადეთ, მე გიჩვენებთ ილიას სეირს! ნახეთ, თქვენი ილია როგორ ჩავალბო და გავჭიმო საქალამნო ტყავივითო“.

 

1883 წელს მაჩაბელი საბოლოოდ ჩამოშორდა ბანკს. ხოლო 1898 წლის 26 ივნისს იგი მოულოდნელად გაუჩინარდა. ბევრი ეძებეს, მაგრამ კვალს ვერსად მიაგნეს. ასე დაიღუპა ნიჭიერი, ჭკვიანი, ბევრი ღირსებით შემკული ადამიანი, რომელზედაც თავად ილია წერდა, „ჩვენთვის ვანო დიდი ნუგეში იქნებაო“ და იყო კიდეც.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი