logo_geo
„ცისფერყანწელთა“ ახალი მისამართი ინტერნეტში და მიმოწერა ორ ტომად
- +

24 მაისი. 2019. 18:23

 

 

თუ აქამდე „ცისფერყანწელების“ შესახებ ამბები სხვადასხვა ვებსაიტებზე, ბიბლიოთეკებში, არქივებსა და თითოეული მათგანის შესახებ გამოცემულ წიგნებში უნდა გეძებნათ - ახლა საქმე გაცილებით გაგიადვილდებათ:

 

ლიტერატურის მუზეუმმა თითქმის დაასრულა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერილი პროექტი, რომელიც „ცისფერყანწელთა“ თავგადასავალს ამ ვებსაიტებზე მოუყრის თავს: www.niamorebi.ge  www.bluehorns.ge

 

14 „ცისფერყანწელის“ მიმოწერა ერთმანეთში და სხვათა მიმართ, ორ ტომში მოექცა და წიგნად გამოვიდა.

 

ამ მიმოწერის ერთი მეოთხედი პირველად ქვეყნდება.

 

 

 

„ცისფერი ყანწები“ პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი მხატვარი: კირილ ზდანევიჩი ჟურნალი „გრდემლი“, 1923, №7

 

პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, შალვა კარმელი, სანდრო ცირეკიძე, ლელი ჯაფარიძე, სერგო კლდიაშვილი, რაჟდენ გვეტაძე, ნიკოლო მიწიშვილი, გიორგი ლეონიძე, შალვა აფხაიძე, ივანე ყიფიანი, ალი არსებიშვილი - ამ 14-ში არ შედის გრიგოლ რობაქიძე, რომელიც, როგორც ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე ამბობს, მათი უფროსი მეგობარი იყო და „ცისფერყანწელად“ არ უნდა ჩავთვალოთ.

 

ბიოგრაფია, შემოქმედება, მიმოწერა, დღიურები, გამოსვლები, თარგმანები, ფოტოები, ნახატები და ნივთები - ამ ყველაფერს „ცისფერყანწელთა“ ახალ ვებსაიტზე მალე ნახავთ.

 

დეკლარაცია „ცისფერი ყანწების“

 

„არავის იმდენი არ უბრძოლია პოეზიის ემანსიპაციისთვის, არავის იმდენი არ უბრძოლია მაღალი პატრიოტიზმისთვის, რამდენიც ყანწელებს, ჩვენ ბრძოლას ჰქონდა ლიტერატურული ხასიათი და ამ წრიდან გამოვიდა პირველად იდეა ირრედანტიზმის, რომლისთვისაც ამდენი დევნა გადვიტანეთ კიდეც საქართველოში. მეორე მხრივ, პოეზიით შემორკალვა ვერ უძლებს იმ ატმოსფერულ გავლენას, რომელსაც ახდენს რევოლუცია. ჩვენ აგრეთვე აშკარათ ვამბობთ, რომ ჩვენ ვიყავით და ვიქნებით რევოლუციის მხარეზე, ამ შემთხვევაშიც აქვს ამას ეროვნული გამართლება, რადგან ქართველი ხალხი ბუნებით არის რევოლუციის მხარეზე“...

 

ტიციან ტაბიძე, გაზეთი „ბარრიკადი“,1922, 7 იანვარი, №4

 

....

 

ეს კი ნაწყვეტია შსს-ს არქივში დაცული, ნიკოლო მიწიშვილის მიერ ლევან ღოღობერიძისადმი, 1923 წლის 22 მაისს მიწერილი წერილიდან, რომელიც ორტომეულშია შესული:

 

„...შენც კარგად იცი, რომ ქართული მწერლობის თქვენთან მუშაობას აქვს დიდი მორალური მნიშვნელობა და ისიც კარგად იცი, რომ დღემდე არც ერთი ქართველი მწერალი კომუნისტში არ დაბეჭდილა. შენ იცი, რომ დაწყებული „ც. ყ.“ და გათავებული გამსახურდიათი-ქართული ლიტერატურა „бойкотирует вашу прессу“... მიუხედავათ იმისა, რომ მატერიალურ გარანტიებს მთავრობისაგან ის ღებულობს... მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ უფსკრული თქვენსა და ჩვენ მწერლობის შორის არ ამოივსება და მეთოდი „პასიური წინააღმდეგობის“ საქართველოში იარსებებს დიდხანს, მიუხედავად მატერიალური დაპირებისა და უზრუნველყოფისა და თუ მე დავთანხმდები თქვენს პრესაში მუშაობაზე, რასაკვირველია, არა იმიტომ, რომ აქედან მივიღო რაიმე მატერიალური სარგებლობა და კმაყოფილება. შენ დამეთანხმები, რომ თქვენს პრესაში წერა იმ დროს და იმ დღეებში, როცა კ. აბხაზის სისხლი ჯერ არ გაცივებულა არაკომუნისტი მწერლისთვის ძნელია და მე დარწმუნებული ვარ - ასეთ პირობებში არც ერთი ქართველი მწერალი და პოეტი თქვენთან არ დაბეჭდავს რამეს... და როგორი უარყოფითაც არ უნდა ვექცეოდეთ ქართული მწერლობის დღევანდელ წონას - სულ ერთია - მის ბოიკოტს აქვს და მუდამ ექნება წონა და დიდი მნიშვნელობა თუკი მაინც, მიუხედავათ ამ საშინელი საშუალებისა და მოსაზრებისა, მე მაინც შესაძლებლათ ვსთვლი ჩემთვის - ვიმუშაო თქვენს პრესაში, არა იმიტომ, რომ მე დაინტერესებული ვიყო მატერიალურად. მე მაქვს ჩემი აზრი ამის შესახებ, ჩემი შეხედულება და ამ ნაბიჯისათვის პასუხს მე ვაგებ, სადაც ჯერ არს..."

 

ამ ნაწყვეტს facebook-ის პირად გვერდზე ლაშა ბაქრაძე აქვეყნებს და წერს, რომ მორიგი საბჭოური ტყუილია ხშირად გაგონილი ფრაზა, თითქოს ქართველი მწერლები, პირველ რიგში კი, სწორედ „ცისფერყანწელები“, 1921 წელს საბჭოთა ხელისუფლებას მიესალმნენ.

 

„1924 წლამდე კომუნისტურ პრესას ქართული მწერლობა ბოიკოტს უცხადებდა“, - წერს ლაშა ბაქრაძე.

 

https://www.facebook.com/lasha.bakradze.1/posts/10156980287779882

 

„ცისფერი ყანწების“ განცხადება

 

„...ჩვენ კიდევ ერთხელ უცხადებთ ბრძოლას ყოველივე მოძველებულს, დაობებულს, ჩამორჩენილს.

 

ვდგევართ რა რეალურ ნიადაგზე, ჩვენ მემარცხენე სკოლის ენერგიით ვაგრძელებთ ჩვენ მიმართულებას ქართულს ლიტერატურაში და აქტიურად ვითანამშრომლებთ ქართულ კულტურის განვითარებისათვის საბჭოთა ხელისუფლებასთან, რომელიც თავგამეტებით ეპატრონება ხელოვნების ყველა დარგებს. ჩვენ გვწამს, რომ ამ მიზნის განხორციელებისათვის ჩვენთან ერთად იქნებიან ქართული ხელოვნების ყველა ახალი ძალები“...

 

„ცისფერი ყანწები“

 

გრიგოლ რობაქიძე, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, გიორგი ლეონიძე, შალვა აფხაიძე, კოლაუ ნადირაძე, ალი არსენიშვილი, რაჟდენ გვეტაძე, სერგო კლდიაშვილი, ივანე ყიფიანი

 

„ცისფერი ყანწების“ განცხადებას სავსებით ვიზიარებ.

 

სანდრო შანშიაშვილი

 

ჟურნალი „ხელოვნების დროშა“, 1924, ივლისი, №2

 

.

 

გილიოტინისთვის გამზადებულნი ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე. ქუთაისი, 1916

 

„ცისფერყანწელთა“ მიმოწერის ორტომეულში წაიკითხავთ როგორც ერთმანეთის მიმართ მიწერილ, ისე ოჯახის წევრების, მეგობრების, სხვა მწერლებისა თუ საზოგადო მოღვაწეების და პოლიტიკოსების მიმართ მიწერილ წერილებს.

 

ეს წერილები წიგნში ქრონოლოგიურად არის დალაგებული და მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი უპასუხოა, მიმოწერა იმ ეპოქის სურათებს მაინც აცოცხლებს. როგორი იყო განწყობები, როგორ აღიქვამდნენ ამათუ იმ მოვლენას და ა.შ.

 

...

 

....2 აპრილს იუბილე ტიციან ტაბიძის. საფრანგეთის პოეტებმა, ამ დღისათვის ჩამოსულებმა მიართვეს პოეტს თასი: სავსე ნაღველით და მორიელის მანეკენი:

 

იუბილარმა სთქვა საპასუხოთ: მადლობელი ვარ გაგებისთვის - და შეისვა მხარზე ცოცხალი მორიელი.

 

ხალხი დაიშალა და ამბობდა: ტაბიძე მიუხედავად ჭაღარისა, მაინც საოცარია.

 

პოეტის პატივსაცემად გამართულ ბანკეტზე ნინო მაყაშვილმა სთქვა თავის სიტყვაში:

 

თქვენისა და ჩემი პოეტის სიცოცხლე ბრწყინავს ისე როგორც გედი ძველ მალარმის. მოხარული ვარ, რომ მე ტიციან ტაბიძესთან ვიყავი თქვენთან ერთად.

 

ბანკეტი ამით დასრულდა.

 

პაოლო იაშვილი

 

გაზეთი „ბარრიკადი“, 1922, №5

 

 

 

ლეო ქიაჩელი, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, მოსე თოიძე, ვარლამ რუხაძე, კოტე მაყაშვილი თბილისი, მწერალთა სასახლე, 1923

 

ერთად თავმოყრილ ამბებს „ცისფერყანწელებზე, როგორც ჯგუფზე, სწორედ ლიტერატურის მუზეუმის მიერ გაკეთებულ ვებსაიტზე ნახავს მათი პოეზიის გულშემატკივარიც და ყველა სხვა დაინტერესებული ადამიანიც.

 

„საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია ჩვენი ვებსაიტი http://galaktion.ge, სადაც ერთი პოეტის შემოქმედებაა თავმოყრილი, „ცისფერყანწელთა“ შესახებ ვებსაიტზე კი ნახავთ 14 მწერლის შესახებ მოგროვილ ამბებს და მასალებს მათი ცისფერყანწელობის პერიოდიდან 1915 წლიდან 1937 წლამდე“, - გვითხრა ლაშა ბაქრაძემ.

 

 

 

ლაშა ბაქრაძე

 

„ცისფერი ყანწები“

 

ყანწები. ცისფერი.

  1. ყანწებით ღვინოსა სვამენ და არა წყალს.
  2. ყანწებით ღვინოსა სვამენ არა ყოველთვის: ქელეხში ყანწებს არავინ არა სვამს, ქორწილში - კი.
  3. მხოლოდ მაშინ, როდესაც დიდი სუფრაა - გაჩნდება ყანწიც.
  4. როდესაც სუფრაზე სხედან არანაკლებ 12 კაცისა - ყანწი მისწრებაა.
  5. პირველად ყანწს მოითხოვს თამადა - ასეთი წესია.
  6. ადღეგრძელებს მას, რაიც ღირსია ყანწით დღეგრძელობის, რაიმე გან­სა­­კუთ­რებულს.
  7. ის სულმოუთქმელად დალევს, იტყვის, როდესაც დასცლის: ასე მტერი და­გე­ცალოს. ულვაშებზე ხელს გადისობს. გადადის ალავერდს. ასე რიგრიგო­ბით ად­ღეგრძელებენ, სცლიან ყანწს და გადადიან.
  8. ინტერვალებში „მრავალჟამიერი“ გაისმის.
  9. ყანწი იტევს არანაკლებ ერთი ლიტრისა ღვინოს, ჩვეულებრივად [ერთი] და სა­მი ლიტრიცაა.
  10. ყანწი კეთდება ბუღა ხარის რქებისაგან.
  11. „ყანწივით ფეხები აქვსო“, იტყვიან ლამაზად მოყვანილ ფეხებზე.
  12. ყანწის პირი და ბოლო ხშირად მოსავადებულია ოქროთი ან ვერცხლით.
  13. ყანწს ხშირად აქვს ძეწკვი - ჩამოსაკიდებლად - ვერცხლისა.
  14. დაცლილ ყანწს ხშირად კი არ გადადიან, პირდაპირ ესვრიან და როდე­საც მეო­რე მარჯვედ დაიჭერს მას, ეს სიყოჩაღეთ ითვლება.
  15. „შეიქნება ყანწების ტრიალი“ - გაჩაღდება მხიარულება.
  16. ხშირად, როდესაც ყანწს გადადის ვინმე ვინმესთან, გადაეხვევიან და გა­დაჰ­კოცნიან ხოლმე ერთმანეთს: ნიშანია უსაზღვრო მეგობრობის.
  17. როდესაც ვინმეს გაუჭირდება ყანწის დაცლა, მთელი სუფრა გრი­ა­ლებს სიმ­ღერას: „დალიე და დაგვილიე, ჰე, დალიე, დალიე... დალიე და შე­გერ­გე­ბა, ჰე, და­ლიე, დალიე, დალიე!“ - და ეს მანამდე, სანამ არ დაცლის ყანწს ის კა­ცი.
  18. ყანწის მიმღები იძულებულია, დასცალოს ყანწი, ვინაიდან ის სუფრაზე არ და­იდგმება ისე, როგორც თასი, ჭიქა, ჯამი; ყანწი მხოლოდ ხელიდან ხელში გა­­და­დის. ამ მხრით ყანწი განირჩევა ყველა სასმისებისაგან (ჯიხვის რქა - იგი­ვე ყანწია).
  19. არიან ლეგენდარული მსმელები ყანწით. შესვამენ რამდენიმე დიდ ყანწს და სრულებით არა თვრებიან. მაგრამ არიან ისეთნიც, რომელთაც ერთი ყან­წი კუპ­რიელივით გააგორებს.
  20. ყანწის კარგად გაკეთებას სპეციალური ოსტატობა უნდა. „ლამაზი ყან­წის ხელ­ში დაჭერას რა სჯობია“-ო, იტყვიან.
  21. ყანწები მხოლოდ საქართველოშია გავრცელებული... შეიძლება სხვა­გა­ნაც იყოს, მაგრამ ის სხვა ყანწები იქნება!
  22. ძმ. ჯაფარიძეებმა დახატეს ყდა - „ცისფერი ყანწები“...
  23. წინასწარ დიდხანს ჰქონდათ მსჯელობა, თუ რა დაერქმიათ ალმანა­ხის­თვის.
  24. ეძებდნენ ისეთ სახელს, რომელიც უნდა ყოფილიყო: 1. სრულიად ახალი მი­მართულების გამომხატველი, 2. ეროვნული კოლორიტის მატარებელი და 3. რო­მე­ლიც გამოდგებოდა ჯგუფის სახელწოდებისთვისაც. პაოლომ სთქვა: „ცის­ფერი ყან­წები“ და გაიტანა კიდეც, ვინაიდან მის მეტს ფული არავი­სა ჰქონ­­და ალმანახის გა­მოსაცემად. ამგვარად დაიბადა ჯგუფი „ყანწელების“ სახელ­წო­დებით. როგორც მახ­სოვს, სხვა წინადადება არც ყოფილა წამოყენე­ბული. „ცის­ფერი“ რომანტიულია, „ყან­წები“ ორმაგად, ჯერ როგორც თვით საგა­ნი და ან­ბანთა რიგით „ყ, წ“ - ეროვ­ნუ­ლიაო, ამბობდენ. ჯგუფს თავიდანვე ახასია­თებ­და უაღრესი აპოლიტიკურობა, მაგ­რამ უფრო სოციალ-ფედერალის­ტებ­თან მეგობრობდენ. ამ პარტიაში თავ­მოყ­რი­ლი იყო ქუთაისის „ინტელიგენ­ცია“.
  25. ამის შემდეგ შეუდგნენ სატარებელი ნიშნის ძებნას. ვინაიდან ქუთაის­ში არ იმ­ყოფებოდა შესაფერი გრავიორი, რომ „ყანწები“ გაეკეთებინა გულზე სა­ტარებელ ნიშ­ნად, ხოლო ნამდვილი, ვეებერთელა ყანწის მკერდზე ტარება დიდ უხერხულობას წარ­მოადგენდა, აფრინეს კაცი არგვეთაში, იქ ექვსი მამა­ლი დაჰკლეს, დეზები მდუ­ღა­რე წყალის საშუალებით ააცალეს. მამლის დეზე­ბი (თუ ყვერულის?) ძალიანა ჰგა­ვან ყანწებს. მხოლოდ მინიატურულებია. და, აი, - თორმეტი ცალი „ყანწი“, არგ­ვეთადან ჩამოტანილი, დაურიგა პაოლომ და­ნარჩენებს. და ერთ მშვენიერ დღეს (ის­ტორიულ დღედ უნდა ჩაითვალოს!) ქუ­თაისის მზიან ბულვარზე დე­მონსტ­რა­ტიუ­ლათ გამოვიდა თორმეტი ახალ­­გაზ­რდა, მკერდზე „ყანწის“ ნიშნით.. ძალიან გულ­მოსული სახით კი და­დი­ოდენ, ეტყობოდათ „ჩხუბის ხასიათზე“ იდგენ. და ეს გა­რემოება, რა თქმა უნდა, კო­მი­­კურ შთაბეჭდილებას სტოვებდა. უადგილო „სე­რიო­ზულობა“ აქ რა მოსა­ტა­ნიაო - იტყვით. მკერდზე ყვერულის ყანწები და სე­რიო­ზული სახე. მოდი და ნუ გაიცინებს იმერელი.
  26. როდესაც მეორე ნომერს ყანწებისას დააგვიანდა გამოსვლა, პაოლოს ხუმ­რო­ბით ერთმა ვაჭარმა უთხრა:

 

„პაოლო, რას დაიყლანწები,

სადაა შენი ყანწები?“

 

პაოლოს გული მოუვიდა. მიიწია.

- აბა, შემომკარი, - უთხრა ვაჭარმა. პაოლომ ვერა გაუბედა რა. მხდალი იყო.

 

გალაკტიონ ტაბიძე, 1940.

 

 

ეკა ქევანიშვილი

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი