logo_geo
საბჭოთა ყოფის განმარტებითი ლექსიკონი
- +

24 მაისი. 2019. 19:17

 

დიდი ხანია, ისეთი წიგნის დაწერაზე ვფიქრობ, რომელიც თანამედროვე მკითხველს ემოციებისა და პათეტიკის გარეშე მოუყვება საბჭოთა პერიოდის (1921-1990 წწ.) პარადოქსებსა და თავისებურებებზე. 1986 წელს დაბადებული ადამიანისთვის ეს ერთდროულად რთულიცაა და მარტივიც. რთული იმიტომ, რომ იმ ეპოქაში თითქმის არ მიცხოვრია, მარტივიც იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირში მხოლოდ ოთხი წელი დავყავი.

 

ფორმა თითქმის მოძებნილი მაქვს. პავიჩის „ხაზარული სიტყვისკონის“, ამბროზ ბირსის „სატანის ლექსიკონის“, ბორხესის „წარმოსახვით არსებათა წიგნის“, ფლობერის „საყოველთაოდ მიღებული აზრების ლექსიკონის“ და მათი ქართველი კოლეგების – სულხან-საბას, თედო სახოკიას, გიორგი შატბერაშვილის, ლევან ბრეგაძისა და სხვათა გამოცდილება დიდად წამადგება ამ საქმეში. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ვინმე სხვას ჩემზე ადრე გასჩენოდა ეს აზრი და მომავალში აპირებდეს გახმაურებას. სულერთია, ადრე თუ გვიან უნდა გაკეთდეს ეს საქმე, რადგან, რაც დრო გადის, უფრო და უფრო იბურება მითებით საბჭოთა პერიოდი და ცოტა ხანში ან ნოსტალგიით გაიხსენებენ, ან კიდევ სიძულვილით. ობიექტურობას და რეალური სურათის დანახვას კი ერთიც მოკლებული იქნება და მეორეც.

 

ასე რომ, ცდას წინ არაფერი უდგას. მოკლედ, თავიდან ნებისმიერ ასო-ბგერაზე ვცადოთ, რაც სახელდახელოდ მოგვაფიქრდება. განვმარტავთ ცნებებს – ეპოქაც განიმარტება.

 

ბაზა – ცენტრალიზებული საწყობი, სადაც თავს იყრიდა შეზღუდული რაოდენობის დეფიციტური საქონელი, რომელთა უმეტესი ნაწილი ფართო ბაზარზე ვერ ხვდებოდა და ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყო. გელა ჩარკვიანი ავტობიოგრაფიულ წიგნში „ნაცნობ ქიმერათა ფერხული“ გვიყვება, თუ როგორ გაუშვა მეუღლე 1969 წლის ზაფხულში წყნეთიდან თბილისში სამზარეულოს ავეჯის შესაძენად. ავტორი საგანგებოდ აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ „დაუხმარებლად რაიმეს შოვნა იმ დროში შეუძლებელი იყო და ეს კომპლექტი – მაგიდა, კარადა და რამდენიმე სკამი წყნეთში გაცნობილმა მეზობელმა, ბორის ბარსუკოვმა გვაშოვნინა. კიროვის რაიკომის მდივანი იყო და ბაზაში დარეკა. ბაზა მაშინ მაგიური სიტყვა იყო. საბჭოთა ადამიანის წარმოდგენაში ეს იყო ადგილი, სადაც ვინმეს თუ შეუშვებდნენ, თავის ყველა ოცნებას აისრულებდა“.

 

მთავლიტი – ოფიციალური ორგანო, რომელიც 20-იანი წლებიდანვე აქტიურად ამუშავდა და ჯერ ბეჭდურ სიტყვაზე (ლიტერატურა და საგამომცემლო საქმე) დააწესა კონტროლი, შემდგომ კი სანახაობებსა და ნებისმიერი სახის საჯარო ღონისძიებაზე (ლექციები, მოხსენებები, საესტრადო და საცეკვაო ღონისძიებები). ბესიკ ხარანაული გადაცემა „წითელ ზონაში“ ამბობს, რომ „მთავლიტის“ შენობაში, ადამიანური თვალსაზრისით, უწყინარი ხალხი მუშაობდა, ტარიელ ჭანტურია კი ჩანაწერების წიგნში „დინოზავრიდან დიზაინამდე“ ერთ შემთხვევას იხსენებს, როცა 90-იან წლებში გამოქვეყნებული ერთი ცნობილი ექსცენზორის ნეკროლოგში აღმოაჩინა, რომ მისი ცენზორობის ამბავი საერთოდ ნახსენები არ იყო და საქმეში გარკვევა სცადა: „რატომ-მეთქი, რომ ვკითხე რედაქციას, ოჯახს ასე ურჩევნიაო, მიპასუხეს! რა კარგია, არა? თავის დროზე ოჯახს ცენზორობა ერჩია – მანქანა, პრივილეგიები, ხელისუფლება! ახლა „უცენზურო“ დასასრული ურჩევნია!“

 

კუპიურები (კუპიურებით ბეჭდვა) – ცენზურის მიერ იდეოლოგიური თვალსაზრისით სახიფათოდ მიჩნეული ფრაგმენტებისგან სტერილიზებული გამოცემა. „მავნე ზეგავლენისგან“ დაზღვეული მკითხველი ხშირად კინო- და ლიტერატურული ნაწარმოების სრულიად განსხვავებულ, ორიგინალური ვერსიისგან დაშორებულ ვარიანტს იღებდა. მახსოვს, 2013 წელს გრიგოლ რობაქიძის „პირად მიმოწერას“ ვამზადებდით და წიგნის შემდგენელ-რედაქტორმა ეთერ ქავთარაძემ მკითხა, – ერთი-ორი მძაფრი, ცოტა სკანდალური ბარათია და როგორ ფიქრობთ, კუპიურებით გამოცემა ხომ არ გახდება საჭიროო. მხოლოდ გავიღიმეთ, ცხადია, თავდაპირველ ტექსტში არაფერი შეცვლილა.

 

პარავოზი – პარტიული კონიუნქტურისთვის საჭირო იდეოლოგიური ლექსი/ლექსები, რომელიც გზას უხსნიდა პოეტს პრესის ფურცლებზე და წიგნის გამოსაცემად. ეს თითქმის ჩვეულებრივი და ლამის აუცილებელი პროცედურა იყო ავტორისა და რედაქციის თანამშრომლობისას. თუმცა ისეთი განსაკუთრებული შემთხვევებიც ყოფილა, რომელსაც ბესიკ ხარანაული იხსენებს გოგი გვახარიასთან საუბარში (გადაცემა „წითელი ზონა“, 10 ოქტომბერი, 2015 წ.). 1960 წელს, ანა კალანდაძის ახალი კრებულის მომზადების დროს, წიგნის რედაქტორმა ვახტანგ ჯავახაძემ ჯერ პირველი, შემდგომ მეორე, მერე მესამე – ერთი სიტყვით, იდეოლოგიური ლექსების მთელი წყება (აქედან სამი ლექსი ლენინს ეძღვნებოდა) მოაშორა დედანს, თან ყოველი მათგანის ამოღებისას ავტორს გახედავდა მოკრძალებით, – მგონი, ესენი აღარაა აუცილებელიო. თვითონ ვახტანგ ჯავახაძეც იგონებს ამ ამბავს და ანა კალანდაძის რეაქციასაც მის საქციელზე ჩანაწერების წიგნში („ლექსიდან – ლექსამდე“): „გაოცებულ ანას არაფერი უთქვამს. უსიტყვოდ დამეთანხმა. დიდიხნის შემდეგ კი, როცა დავმეგობრდით, ის დღე გაიხსენა: ასე მეგონა, მცდიდი და ისეთი შეგრძნება მქონდა, სიკვდილმისჯილ პატიმარს რომ ეუბნებიან, ადექი და სახლში წადიო, ის კი არ იძვრის, არ სჯერა, ჰგონია დასცინიანო“.  

 

გეგმიური ეკონომიკა – ეკონომიკური სისტემა, რომელშიც პროდუქციისა და მომსახურების წარმოებასა და განაწილებაზე გადაწყვეტილებებს ერთი პირი (ორგანიზაცია), ძირითადად მთავრობა (სახელმწიფო ბიუროკრატია) იღებს. საბჭოთა კავშირის დაარსების პირველივე წლებიდან ხორცშესხმულ ამ ცენტრალიზებულ ეკონომიკურ მოდელში საქონლის წარმოება ექვემდებარებოდა მკაცრ ხუთწლედიან დაგეგვმას. ლევან ბრეგაძემ 1989 წელს უბის წიგნაკში ჩაიწერა საბჭოური ანეკდოტი: „ერთი ნატრობდა, ნეტავი 2000 წლის 20 დეკემბერს მომასწროო. რატომ მაინცდამაინც 20 დეკემბერსო, – ჰკითხეს. რატომ და – თვის ბოლო ხომ იქნება, კვარტლის ბოლო ხომ იქნება, წლის ბოლო ხომ იქნება, საუკუნის ბოლო ხომ იქნება და ათასწლეულის ბოლოც ხომ იქნება... ჰოდა, რამდენ რამეს გამოიტანენ მაღაზიებში!!“ ვისაც „გეგმიური“ საბჭოთა ეკონომიკის პირობებში ხანგრძლივად უცხოვრია, ვისაც ახსოვს, რომ მაღაზიებში თვის, კვარტლისა და წლის ბოლოს ჩნდებოდა საქონელი გეგმის შესასრულებლად, დღეს მხოლოდ ისინი თუ მიხვდებიან, რაში მდგომარეობდა მილენიუმის (ათასწლეულის) დასასრულისადმი მიძღვნილი ამ მშვენიერი სატირული მინიატურის „მარილი“ (ლევან ბრეგაძე, „მარგინალიები“, 2011).

 

ჰოდა, გამოტანილია და ეგაა, ლექსიკონია თუ რაც გინდა დაარქვი – ასე თამაშ-თამაშ, ლაპარაკ-ლაპარაკში კიდეც შევიხედავთ (მხოლოდ ცოტა ხნით) რკინის ფარდის მიღმა, ავ-კარგსაც შევიტყობთ, გაცინებაზეც არავინ დაგვიჭერს და უჯერო სიტყვის თქმაზეც აღარ წამოიმართება ციმბირის სტეპები. თან, ბოლოს და ბოლოს, ისიც ხომ უნდა ვიცოდეთ გახსნილად, „რა ქვეყანა დაანგრიენ“.

 

ზვიად კვარაცხელია

 

წყარო: saba.com.ge

 

 

big_banner
არქივი