logo_geo
„აქეთ მზე, იქით მთავრე“- ანუ რა ესიზმრებოდათ საბჭოთა კავშირში
- +

25 მაისი. 2019. 11:56

 

1986 წელს კინოსტუდია „ქართულმა ფილმმა“ მულტფილმი გამოუშვა, სახელად „სიზმარა“. სიუჟეტი ძალიან მარტივია: კოშმარებისგან გატანჯული მეფე ყველაზე კარგ სიზმარს ეძებს, რომ მშვიდად ძილი მოახერხოს, რადგან მისი ყველა დაძინება ვირთხების ცეკვას უკავშირდება, რომელთა ხელშიც ის ძალიან პატარა და დაუცველია. ეს მულტფილმი ბავშვობაში ათასჯერ მაინც მაქვს ნანახი, მაგრამ მაშინ სიმბოლოებზე არც მიფიქრია. არც მთავარი პერსონაჟის ვიზუალზე, მისი მთავარი მინისტრის შესახედაობაზე რომ არაფერი ვთქვათ... დღეს შემთხვევით გადავაწყდი და როცა ყურება დავიწყე, სმენას შესავალშივე მოხვდა ფრაზა: „ამას სიკვდილი, იმას ჩამოხრჩობა“ და სულ შემთხვევით გონებაში ამომიტივტივდა საფირმო სიტყვა: „расстрелять!“. სიტყვის ავტორი თვლიდა, რომ ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, ხოლო მილიონის - სტატისტიკა. ის ულვაშს ატარებდა და სასახლეში ცხოვრობდა, ოღონდ მოსკოვში. ჭამის, სმის, სამხედრო და პირველი მინისტრები, რომელთა სიზმრებიც მთავარმა მინისტრმა კოშმარის ჩასანაცვლებლად შესთავაზა, მეფობაზე ოცნებობდნენ და ამიტომ, ისინი დილეგში ჩაყარა მეფემ, ხოლო შემდეგ კი ხელები ოქროს თასში დაიბანა. ფრაზა: „ხელებიც დამიბანია“, -ამ შემთხვევაში იმაზე სიმბოლურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მეფეს არ უნდა მინისტრების სიზმრები. მას მშვიდი ძილი და მოსვენება ენატრება, ამიტომ მთავარი მინისტრი, რომელიც, რატომღაც ლავრენტი ბერიას ჩამოჰგავს, გლეხის სიზმარს სთავაზობს. თან აყოლებს, რომ მას ეს-ესაა დაესიზმრა... ძალიან კარგი მინიშნებაა სრული ინფორმირებულობის და კონტროლის აღსანიშნავად. თუ იმაზე აქვთ ინფორმაცია, რასაც ფიქრობ, წარმოიდგინეთ, რა ინფორმაციაა იმაზე, რასაც რეალურად აკეთებ.

 

1986 წელს სტალინის სიკვდილიდან 30 წელზე ოდნავ მეტია გასული, მაგრამ საბჭოთა ცენზურა ისევ მოქმედებს და მხოლოდ ქარაგმებით შეიძლება იმაზე ლაპარაკი, რაც იყო, რაც ხდება და რაც სურთ, რომ მოხდეს: მეფეს თავისი კოშმარი რეალურად უხდება, ვირთხების ხროვა მას გაიტაცებს და სამეფო გლეხს, უბოროტო სიზმარას რჩება, რომელსაც მხოლოდ ის უნდა, რომ საყვარელი ქალი და დედა გვერდით ჰყავდეს და გამრავლდეს თავის ოჯახთან ერთად.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი