logo_geo
ადამიანის განვითარების ოთხი საფეხური – კარლ იუნგის არქეტიპები
- +

25 მაისი. 2019. 17:25

 

„ჩვენ ჩვენი ცხოვრების შუადღეში სრულიად მოუმზადებლები ვაბიჯებთ. კიდევ უარესი, ამ ნაბიჯს ვდგამთ ყალბი ვარაუდით, რომ ჩვენი ჭეშმარიტება და იდეალები ჩვენვე გვემსახურებიან მომავალშიც, როგორც აქამდე. არადა, შუადღის ცხოვრებას დილის პროგრამით ვერ გავართმევთ თავს, რადგან ის, რაც განთიადისას კარგი იყო, შებინდებისას აღარ გვეყოფა და ის, რაც დილით ჭეშმარიტებას წარმოადგენდა, ღამით ტყუილი აღმოჩნდება“, - კარლ იუნგი

 

ცნობილი ფსიქოლოგის აზრით, ჩვენ, ყველანი ცხოვრების ოთხ ეტაპს გავდივართ:

 

 

 

ათლეტის ეტაპი

ათლეტის ეტაპზე საკუთარი გარეგნული მხარით ვართ დაინტერესებული, იმით, თუ როგორ გამოვიყურებით, როგორ გამოიყურება ჩვენი სხეული. შეგვიძლია სარკის წინ ვიტრიალოთ და საკუთარი გამოსახულებით დავტკბეთ. ჩვენი მატერიალური ფორმები ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

 

მეომრის ეტაპი

ამ პერიოდში ჩვენი საფიქრალი მსოფლიოს დაპყრობაა, ვცდილობთ, ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ, ვიყოთ საუკეთესო – ვიბრძოლოთ და ვიმოქმედოთ ისე, როგორც მეომარს შეშვენის. ეს შეჯიბრის ეტაპია, სხვებზე გამარჯვების ეტაპი, სხვებზე მეტის მიღწევის ეტაპი, რადგან მამაცები ვართ და ვიბრძვით.

 

შეჯამების ეტაპი

ჩვენ უკვე ვხვდებით, რომ რასაც აქამდე მივაღწიეთ, საკმარისი არ არის იმისთვის, რომ თავი კმაყოფილად და ბედნიერად ვიგრძნოთ. ვაცნობიერებთ, რომ ფული, ძალაუფლება, საკუთრება და ა.შ. ის, რისთვისაც ვიბრძოდით ამ ეტაპამდე, მნიშვნელოვანია, მაგრამ არც ისეთი ღირებულება აქვს, როგორც აქამდე ჰქონდა. ჩვენ უკვე დამოკიდებული აღარ ვართ ამ ყველაფერზე, რადგან ვხვდებით, რომ სხვა უფრო მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობს ამქვეყნად. იღებთ, მადლობელი ხართ, თუმცა მათი დაკარგვა იმხელა ტკივილს აღარ გაყენებთ.

 

ჩვენ ნელ-ნელა ვთავისუფლდებით ეგოსგან, ეგოცენტრიზმისგან, აღარ ვფიქრობთ მხოლოდ საკუთარ თავზე, უფრო მეტ ყურადღებას სხვის სამსახურში დგომას ვაქცევთ. ვგრძნობთ გაცემა-მიღების ერთიანობას (რასაცა გასცემ, შენია). გსურთ, რომ სხვებს დაეხმაროთ. გსურთ, რომ იპოვოთ გზა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, იმაზე უკეთესი დატოვოთ სამყარო, ვიდრე თქვენს მოსვლამდე იყო.

 

სულიერების ეტაპი

იუნგი ფიქრობდა, რომ ეს არის ადამიანის განვითარების უმაღლესი საფეხური. ეტაპი, როცა ვაცნობიერებთ, რომ სხვა წინამორბედ ეტაპებზე ჩვენ არ ვყოფილვართ ის, რაც და ვინც რეალურად ვართ. ვხვდებით, რომ სხეულზე მეტნი ვართ, მეტნი ვართ იმაზე, რასაც ვფლობთ, სახლზე, ფულზე, მეგობრებზე, სამშობლოზე და ა.შ. ყოველივე მატერიალურზე მეტი. ჩვენ არ ვართ მატერიალური არსებები სულით, ჩვენ სულიერი არსებები ვართ ფიზიკური ფორმებით მოსულნი. ეს ჩვენი სახლი არ არის, ჩვენ არ ვართ ის, ვინც გვგონია, რომ ვართ. ჩვენ ამ სამყაროში ვართ, მაგრამ ეს სამყარო არ ვართ. ვახერხებთ გამოვიდეთ საკუთარი გონებიდან, საკუთარი სხეულიდან და სხვანაირად დავინახოთ ყველაფერი. ჩვენ დამკვირვებლები ვხდებით. საკუთარ ცხოვრებაზე დამკვირვებლები, საკუთარ თავზე დამკვირვებლები. ვხვდებით, რომ არ ვართ ის, რასაც ვხედავთ, მაგრამ დამკვირვებლები ვართ იმის, რასაც ვხედავთ.

 

ჯერ კიდევ 2 500 წლის წინ ცდილობდა ლაო ძი ამის სწავლებას და რეცეპტსაც გვთავაზობდა განვითარების ამ ეტაპამდე მიღწევის: შეგიძლია უარი თქვა აზროვნების იმ სისტემაზე, რომლითაც ამ სამყაროს აღიქვამ და სხვანაირად შეხედო ყველაფერს? გააჩინო და გამოკვებო, გქონდეს ისე, რომ არ ფლობდე, მოქმედებდე მოლოდინების გარეშე, მართავდე ისე, რომ არ ცდილობდე გაკონტროლებას: აი, უმაღლესი სათნოება.

 

 

 

 

წყარო: mental.ge

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი