logo_geo
რას მოგვითხრობს „და ვინჩის კოდი“ ქრისტეზე
- +

25 მაისი. 2019. 21:03

 

ამერიკელი მწერალი დენ ბრაუნი ავტორია გახმაურებული რომანის „და ვინჩის კოდი“.

 

ეს გახლავთ ერთ-ერთი სკანდალური წიგნი, რომელიც 2003 წელს გამოქვეყნდა და რომლის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი დღესაც არ არის ჩამცხრალი. რომანი ბესტსელერად იქცა და საკმაოდ დიდი შემოსავალი მოუტანა ავტორს. კრიტიკოსთა ნაწილმა ეს წიგნი „ქრისტიანულ თრილერად“ აღიქვა. წიგნზე არანაკლებ დიდი პოპულარობა მოიპოვა მის საფუძველზე გადაღებულმა ფილმმა (2006).

 

რომანში ყურადღების ცენტრში ექცევა ბრიტანეთის სამეფო კარის ყოფილი ისტორიკოსის, ლი თიბინგის, საუბრები იესო ქრისტეზე.

ლი თიბინგი ამ ისტორიას უყვება რომანის ორ სხვა პერსონაჟს - ლენგდონსა და სოფის, რომელნიც დაინტერესებულნი არიან გრაალის თასის პოვნით და სწორედ მათი თავგადასავლის ფონზე იშლება ნაწარმოების სიუჟეტი.

 

ლი თიბინგის თქმით, ქრისტეს ცხოვრების მაუწყებელი ტექსტები ეკლესიამ უსამართლოდ ამოიღო ხმარებიდან და გაანადგურა, მაგრამ მაინც შემორჩა მათი გარკვეული ნაწილი. სხვაა ქრისტეს ცხოვრება - ოთხთავში და სხვა - არაკანონიკური სახარების მიხედვით, რომელთა ჭეშმარიტება არ აღიარა უძველესმა საეკლესიო იერარქიამ.

 

იესო ქრისტეს ცხოვრების ნამდვილი ამბავი საუკუნეების მანძილზე ცნობილი იყო მხოლოდ რჩეული ადამიანებისთვის, რომლებიც ამ ინფორმაციას არ უმხელდნენ ფართო საზოგადოებას.

 

ნაწარმოებში ერთ-ერთ რჩეულ განდობილად დასახელებულია აღორძინების ეპოქის იტალიელი მხატვარი ლეონარდო და ვინჩი, რომლის ფრესკაც „საიდუმლო სერობა“ ლი თიბინგის თქმით, სიმბოლურად გვიმჟღავნებს რეალობას.

 

ლი თიბინგი აღტაცებით საუბრობს ქრისტეზე:

 

„იესო ქრისტე გასაოცარი ზეგავლენის მქონე ისტორიული ფიგურა იყო, მსოფლიო მასშტაბით ალბათ ყველაზე საიდუმლოებით მოცული და შთამაგონებელი ლიდერი. როგორც წინასწარმეტყველმა მესიამ, იესომ ჩამოაგდო მეფეები, შთააგონა მილიონობით ადამიანი და დააარსა ახალი ფილოსოფიები. როგორც სოლომონ მეფისა და დავითის შთამომავალს, იესოს სრული უფლება ჰქონდა, ებრაელთა მეფის ტახტი დაეკავებინა. გასაგებია, რომ მის ცხოვრებას დედამიწაზე მცხოვრები მისი ათასობით მიმდევარი იწერდა“.

 

მკითხველი თითქოს ელოდება, რომ მის წინაშე მაცხოვრის ჭეშმარიტი სახე გაიელვებს, მაგრამ კითხვის გაგრძელებისას დარწმუნდება, რომ საქმე სრულიად სხვა ქრისტესთან აქვს, რომელიც არანაირ კავშირში არაა სახარებისეულ ქრისტესთან.

 

ლი თიბინგი იმპერატორ კონსტანტინე დიდს (IVს.) „ადანაშაულებს“ ქრისტეს სახის ინტერპრეტირებაში. მისი თქმით, ამ ძლევამოსილმა მონარქმა წარმართობა და ქრისტიანობა უხეშად დაუკავშირა ერთმანეთს და ნიკეის პირველ საეკლესიო კრებაზე (325წ) ქრისტეს ღვთაებრიობა გამოაცხადა, ანუ მთხრობელის აზრით, მანამდე ქრისტეს ღვთაებრიობას არავინ აღიარებდა. კონსტანტინე დიდის დავალებით შეიქმნა ბიბლიის ახალი კანონიკური შემადგენლობა, რომელშიც გამოტოვებულ იქნა ის სახარებები, რომელშიც ქრისტეს ადამიანურ თვისებებზე იყო საუბარი. ვინც აკრძალულ სახარებას აირჩევდა, ერეტიკოსად ცხადდებოდა.

 

ლი თიბინგის თქმით, ზოგი სახარება განადგურებას გადაურჩა. ასეთებად იგი თვლის მკვდარი ზღვისა და ნაგჰამადას ხელნაწერებს. ეს კოლექცია როგორც ცნობილია, გნოსტიკური წიგნების ყველაზე მდიდარი ნაკრები, რომელიც უარყო ეკლესიამ.

 

ლი თიბინგი ცდილობს, ლეონარდოს ფრესკა გაშიფროს, რომლის ერთ-ერთ კოდურ გასაღებს ხედავს იმ ფაქტში, რომ მასზე ყველას, ქრისტეს ჩათვლით, უდგას ღვინით სავსე ჭიქა: „იქ 13 ჭიქა იყო. უფრო მეტიც, პატარა უფეხო შუშის ჭიქები იყო. ნახატზე არ იყო ბარძიმი. არავითარი წმინდა ბარძიმი არ იყო“.

 

ლი თიბინგის განმარტებით: სინამდვილეში ბარძიმი იყო ადამიანი და არა საგანი და ეს ადამიანი გახლდათ მარიამ მაგდალინელი.

 

ლი თიბინგი ამბობს, რომ ლეონარდომ იცოდა უძველესი საიდუმლო - იესო ქრისტესა და მარიამ მაგდალინელის ქორწინების შესახებ. მისი განმარტებით, ებრაელები გმობდნენ უქორწინებლობას. იესო ქრისტესა და მარიამ მაგდალინელის ქორწინების ფაქტს იგი იმოწმებს გნოსტიკური „ფილიპეს სახარებიდან“:

 

„და მაცხოვრის თანამგზავრი (companion)არის მარიამ მაგდალინელი.

 

ქრისტეს იგი ყველა მოციქულზე მეტად უყვარდა და ხშირად ხელზე ეამბორებოდა ხოლმე. დანარჩენ მოციქულთ ეს სწყინდათ და ამას ჰკიცხავდნენ. მათ ჰკითხეს: „რატომ გიყვარს იგი ჩვენზე მეტად?“

 

ლი თიბინგის თქმით, ქრისტე იყო პირველი ფემინისტი და მას სურდა, რომ თავისი ეკლესიის მომავალი მარიამ მაგდალინელის ხელში ყოფილიყო, ეკლესიამ კი საგანგებოდ მიჩქმალა მათი ურთიერთობა, რათა დაემალა ინფორმაცია მათ შთამომავლობაზე:

 

„წმინდა ბარძიმის ლეგენდა არის ლეგენდა სამეფო დინასტიის შესახებ. როდესაც ლეგენდა მოგვითხრობს, რომ იყო „თასი, რომელშიც ესხა ქრისტეს სისხლი“... სინამდვილეში გულისხმობს მარიამ მაგდალინელს - ქალის საშოს, რომელიც ატარებდა იესოს სამეფო სისხლის შთამომავალს, მისი გვარის გამგრძელებელს“.

რომანი ატარებს აზრს, რომ არსებობს სენსაციური დოკუმენტი, რომელსაც ვითომდა ეწოდება „მაგდალინელის დღიურები“. ესაა მაგდალინელის პირადი მონათხრობი მისი ქრისტესთან ურთიერთობის, იესოს ჯვარცმისა და საფრანგეთში ყოფნის შესახებ.

 

აღნიშნული რომანი დიდი ლიტერატურული შემოქმედების არ გახლავთ, თუმცა მისი სკანდალური შინაარსი დიდ ინტერესს იწვევს ადამიანებში, რაც არამარტო რელიგიური კრიზისის, არამედ ადამიანების გემოვნების დეგრადაციის დასტურადაც გვევლინება.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი