logo_geo
20 წლის ბიჭმა, რომელიც ჰოლივუდში 40 დოლარით ჩავიდა, მსოფლიოს მეგასტუდია აჩუქა - „ყველაფერი უბრალო თაგვით დაიწყო“
- +

25 მაისი. 2019. 21:06

 

20 წლის ბიჭმა, რომელიც ჰოლივუდში 40 აშშ დოლარითა და ერთი დაუსრულებელი ანიმაციური ფილმით ჩავიდა, შექმნა კომპანია, რომლის შემოსავალიც დღეს წელიწადში 35 მილიარდი დოლარია. ის ყველასთვის კარგად ნაცნობი მიკი მაუსის, დონალდ დაკის, გუფის და სხვა მრავალი პერსონაჟის შემქმნელი უოლტ დისნეია.

 

გთავაზობთ ამერიკის ანიმაციურ ინდუსტრიაში კულტურულ სიმბოლოდ აღიარებულ, ამერიკელი ბიზნეს მაგნატის, კინორეჟისორის და გამხმოვანებელის უოლტ დისნეის ბიზნესისტორიას.

 

უოლტერ ელიას დისნეი 1901 წლის 5 დეკემბერს ჩიკაგოში დაიბადა. მას ხატვის მიმართ ინტერესი 5-6 წლის ასაკიდან გაუჩნდა, რომლითაც ერთ-ერთი მეზობელი, დოკ შერვუდი დაინტერესდა და პირველი ჰონორარიც სწორედ მისგან, ცხენის დახატვაში მიიღო.

 

1917 წელს უოლტი ჩაირიცხა მაკ-კინლის სკოლაში, საღამოს კი დადიოდა ჩიკაგოს სამხატვრო ინსტიტუტში. ამის პარალელურად უოლტი სკოლის გაზეთში კომიქსების მხატვრად მუშაობდა.

 

ოფიციალურად სამხატვრო კარიერა უოლტმა კანსაზში გადასვლის შემდეგ დაიწყო. მისი ძმა როი მუშაობდა ბანკში და მეგობრის მეშვეობით მოიძია უოლტისთვის სამუშაო პესმენ-რუბინის სამხატვრო სტუდიაში. იქ უოლტი ხატავდა რეკლამებს გაზეთებისათვის, ჟურნალებისათვის და კინოთეატრებისათვის. სწორედ აქ გაიცნო მორცხვი კარიკატურისტი იუბ აივერკსი, რომლიც მოგვიანებით მისი კომპანიონი გახდა.

 

„ჩემთვის უბრალოდ ფულის გამომუშავება მოსაწყენი იყო. მე რაღაცების შექმნა, კეთება მინდოდა და ფულიც მხოლოდ ამ მიზნების მიღწევის საშუალებაა“,- ამბობდა დისნეი, რომელმაც 1920 წლის იანვარში აივერკსთან ერთად კერძო კომპანია „აივერკსი-დისნეი - კომერციული მხატვრები“ ჩამოაყალიბა. თუმცა გამოუცდელი წყვილი არავის აინტერესებდა და აივერკსმა კომპანია დროებით დატოვა.

 

მალევე უოლტი ლოს-ანჯელესში 40 აშშ დოლარით ჩავიდა. მას როგორც კინორეჟისორს არავინ ენდობოდა, ამიტომ მუშაობა ისევ ანიმაციის სფეროში გააგრძელა.

 

პირველი სტუდია ბიძის ფარდულში მოაწყო, დაუსრულებელი ფილმი კი ნიუ-იორკელ მარგარეტ უინკლერს გაუგზავნა. პროექტით დაინტერესდნენ და დისნეიმ დაიწყო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური სერიების „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ გადაღება, სადაც ანიმაციის გარდა, მონაწილეობდნენ რეალური ადამიანებიც.

 

პარალელურად უოლტი უვლიდა თავის ძმას როის, რომელსაც წარსულში ტუბერკულოზი ჰქონდა. დისნეიმ იგი ჩართო მომავალი სტუდიის „The Walt Disney Company“-ის ჩამოყალიბების პროცესში, ისევე როგორც აივერკი.

 

საკმაოდ წარმატებული სერიალის „ალისას კომედიები“, შემდეგ იყო „მხიარული კურდღელი ოსვალდი“ და „მიკი მაუსი“. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო იმით, რომ პირველად ანიმაციის ისტორიაში, გამოსახულება შეერწყა მუსიკის რიტმს.

1932 წლისათვის მიკი მაუსი იქცა ყველაზე პოპულარულ ანიმაციურ პერსონაჟად, რომლის შექმნისთვისაც უოლტმა სპეციალური „ოსკარი“ მიიღო.

 

კიდევ უფრო დიდი წარმატება დისნეიმ 1933 წელს „სამი გოჭით“ მოიპოვა.

 

1935 წლიდან კი მიკის სერიები გაფერადდა, მოგვიანებით მას სხვა პერსონაჟები - დონალდი, გუფი და პლუტო დაემატნენ.

 

მანამდე, 1934 წელს უოლტმა დაიწყო ფიქრი სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმზე. კერძოდ, „ფიფქია და შვიდ ჯუჯაზე“, რომელიც სამი წლის განმავლობაში მზადდებოდა. კრიტიკოსები მის ჩანაფიქრს ამბიციურს უწოდებდნენ და მიიჩნევდნენ, რომ უოლტის სტუდია საკუთარი რესურსით ამას ვერ შეძლებდა. მართლაც, ამ დროისთვის სტუდიის ფინანსური მდგომარეობა არასახარბიელო იყო. ფილმის დაფინანსება მოხერხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც უოლტმა მისი დაუსრულებელი ვერსია „ამერიკის ბანკს“ უჩვენა. მან თავისი შთაბეჭდილება მოახდინა და ფილმის დასრულებისათვის აუცილებელი თანხები მიიღო.

 

„ფიფქია“, ყველაფერთან ერთად, იყო პირველი სრულმეტრაჟიანი და ფერადი ანიმაციური ფილმი, რომელმაც კინოთეატრებში ჩვენებით სტუდიას 8 მილიონ დოლარზე მეტი მოუტანა.

 

შემოსავალმა დისნეის საშუალება მისცა, კალიფორნიაში აეშენებინა სტუდიის ახალი ოფისი, რომელიც ექსპლუატაციაში 1939 წელს შევიდა.

 

შემდეგი ფილმები იყო „პინოქიო“, „ფანტაზია“ , „ბემბი“ და ა.შ.

 

უოლტის სტუდიის კრიზისი მეორე მსოფლიო ომს უკავშირდება, რა დროსაც მას აიძულებდნენ, ფილმები საომარ მოქმედებებზე გადაეღო, თუმცა უოლტი პარალელურად საყვარელ ანიმაციებსაც არ ივიწყებდა.

 

ამისი პარალელურად, დისნეი ხატავდა გასართობი პარკის ჩანახატებს, სადაც იგი გეგმავდა საკუთარ თანამშრომლების ოჯახებთან ერთად დასვენებას.

თავდაპირველად ეს უნდა ყოფილიყო სტუდიის სამხრეთით მდებარე მცირე ფართი. მაგრამ შემდგომში ეს კონცეფცია იქცა „დისნეილენდად“. უოლტი ამ საკითხზე ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა და საკუთარი კომპანიის ქვეგანაყოფიც კი შექმნა, სახელწოდებით „WED Enterprises“, რომელსაც უნდა ემუშავა პარკის დაგეგმვასა და აშენებაზე. ამ ჯგუფს შეუერთდა ანიმატორების მცირე ჯგუფიც.

 

საბოლოო ჯამში, „დისნეილენდი“ 1955 წლის 17 ივლისს გაიხსნა და წარმატებამაც არ დააყოვნა. მთელი მსოფლიოდან ჩამოდიოდნენ ჯადოსნური პარკის სანახავად, რომელშიც ცოცხლდებოდნენ მისი პერსონაჟები და სხვადასხვა ფილმები.

 

1960-იანი წლების დასაწყისში უოლტ დისნეის კომპანია იქცა ერთპიროვნულ ლიდერად გასართობ ინდუსტრიაში და მალევე „მერი პოპინსის“ ეკრანიზაციის უფლება მოიპოვა. ფილმი გამოვიდა 1964 წელს და იქცა დისნეის მიერ 1960-იანებში გადაღებულ ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად.

 

1966 წლის 15 დეკემბერს დისნეი ფლორიდაში ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. დატოვა დიდი მემკვიდრეობა, მათ შორის, ურიცხვი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური და სრულმეტრაჟიანი ფილმი, კომპანია, პარკები და მისი სახელობის ანიმაციური სტუდია, ისევე, როგორც კალიფორნიის ხელოვნების ინსტიტუტი.

 

დისნეის თავის სიცოცხლეში მიღებული აქვს ჯამში 22 „ოსკარი“, 59 ნომინაციიდან. რის გამოც ინდივიდუალურ რეკორდს ფლობს, როგორც ნომინაციებში, ასევე მიღებულ „ოსკართა“ რაოდენობაში. მას აგრეთვე მიღებული აქვს „ემის“ 7 ჯილდო. მისი სახელი დაერქვა დასასვენებელ პარკებს - „დისნეილენდს“ და უოლტ დისნეის მსოფლიოს კურორტს, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში არსებულ ტოკიოს დისნეის კურორტს, პარიზის „დისნეილენდს“ და ჰონგ-კონგის „დისნეილენდს“.

 

2018 წელს კინოსტუდია „უოლტ დისნეის“ შემოსავალმა 12,6 მლრდ დოლარი შეადგინა.

 

„გახსოვდეთ, რომ ეს ყველაფერი ერთი უბრალო თაგვით დაიწყო“, - ამბობდა უოლტ დისნეი.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი