logo_geo
როდის კარგავს მშობელი ავტორიტეტს - კანადელი ფსიქოლოგის აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები
- +

29 მაისი. 2019. 01:39

 



კანადელი ფსიქოლოგის გორდონ ნიუფელდის თეორიის მიხედვით, მშობლის ავტორიტეტს ბავშვის აღზრდის საქმეში უდიდესი წვლილი მიუძღვის. მეცნიერი გვთავაზობს იმ ყველაზე გავრცელებული ქცევების ჩამონათვალს, რაც მშობლებს შვილების თვალში აკნინებს და შესაბამისად, ავტორიტეტსაც უკარგავს.

1. ფიზიკური დასჯა - შეხედულება, რომ "ეშინია, ესე იგი უყვარხარ", ან "არ დამიჯერებს და მიიღებს", მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოდგება, თუ შვილთან ჰარმონიული ურთიერთობა თქვენს გეგმებში არ შედის.

2. საკუთარ შეცდომებში ბავშვის დადანაშაულება, ან დაყვედრება, რომ "მე მთელი ცხოვრება შემოგწირე", "შენთვის სამსახურზე და კარიერაზე უარი ვთქვი", "მამაშენმა შენი სწავლის ფულის გამო მანქანა ვერ იყიდა" და ა.შ. 

3. შანტაჟი: "დედა არ გაანერვიულო, თორემ ცუდად გახდება", ან მუქარა: "აი მოვკვდები და მერე გამიხსენებ". ნუ ეცდებით სუსტ წერტილებზე ზეწოლის მოხდენას. 

4. ბავშვის გრძნობების გაუფასურება სტანდარტული ფრაზებით: "სისულელის გამო ნუ ტირი", "იცი, რამდენი ბავშვია შენზე 100-ჯერ უფრო ცუდ დღეში?" ან მისი ცუდი განწყობის არაღიარება. ამ ყველაფრით აგრძნობინებთ,

რომ მის გრძნობები არავის აღელვებს და რომ მშობლების იმედი არ უნდა ჰქონდეს.

5. ტყუილი, თვალთმაქცობა, მიცემული დაპირების შეუსრულებლობა - ეს ყველაფერი მშობლის ავტორიტეტს აცამტვერებს ბავშვის თვალში.

6. როცა მშობელი არასდროს აღიარებს საკუთარ შეცდომებს, არასოდეს იხდის ბოდიშს და ყოველთვის ცდილობს თავისი არასწორი საქციელის გამართლებას.

7.შვილის ცხოვრებაში უხეშად ჩარევა. ბევრ მშობელს ვალდებულად მიაჩნია თავი, რომ აკონტროლებდეს შვილის პირად მიმოწერასაც კი, კითხულობდეს მის დღიურს, უსმენდეს ტელეფონს და მოსმენილი ოჯახურ საბჭოზე გაჰქონდეს გასახილველად. 

8. საგარეო წარმატებებზე "ჩაციკვლა". როცა მშობელს არ სურს შვილი ისეთი მიღოს, როგორიც არის, ამ დროს მის სასკოლო ნიშნებს, სხვადასხვა შეჯიბრებაში წარმატებებს ბავშვის გრძნობებზე მაღლა აყენებს. 

9. ბავშვისთვის ურთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნების წაყენება. ამ დროს ბავშვს თავად ეპარება ეჭვი მშობლების საიმედოობაში, ღირს კი მშობლების იმედად ყოფნა - ასეთი განწყობა პატივისცემას არ შობს.

10. ზედმეტი დემოკრატიზაცია ოჯახში. როცა ბავშვი გრძნობს, რომ ოჯახში ჰყავს მეგობრები, დაქალიც და ძმაკაციც, მაგრამ დედა და მამა - არა. 

11. თვითკონტროლის დაკარგვა - ხმის აწევით და ისტერიკებით დიდხანს ვერ შეინარჩუნებთ შვილის თვალში ავტორიტეტს. 

12. მუდმივად უფულობაზე ჩივილი, ან უყაირათობის გამო ოჯახის ფინანსური კრახის წინაშე დაყენება ბავშვს აგრძნობინებს, რომ მშობლები ბოლომდე საიმედონი არ არიან.

13. როცა კატეგორიული "არას" თქმა არ შეგიძლიათ შვილისთვის. "არა" ყოველთვის აკრძალვას არ ნიშნავს. ეს ზოგჯერ სწორი გეზის მიცემა და საზღვრების დადგენაა. ეს ყველა ბავშვს სჭირდება შესაფერის დროს. 

14. როცა მშობლებს მუდმივი აყალ-მაყალი და უთანხმოება აქვთ. თუ შვილის წინაშე ლანძღავენ ერთმანეთს, ავტორიტეტზე საუბარიც კი ზედმეტია. მნიშვნელობა არა აქვს, ვინ მტყუანია და ვინ მართალი.

15. სხვების ყურადღების მიპყრობა შვილის "გაუზრდელობასა" და "უსაქციელობაზე". თუ გარეშე პირთან ერთად განიხილავთ თქვენი შვილის აღზრდის პრობლემებს და ეს მასაც ესმის, ამით ბავშვს ამცირებთ. თქვენი ავტორიტეტი საით მიდის, ამას თავადაც მიხვდებით.

თუ ზემოჩამოთვლილი ნიშნებიდან რამდენიმე მაინც თქვენი ოჯახის ყოველდღიურობის ნაწილია, გამოდის, რომ დასაფიქრებლად გქონიათ საქმე. 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი