logo_geo
როგორ გააოცა კონსტანტინე გამსახურდიამ გერმანელი მწერალი ერიხ მარია რემარკი
- +

29 მაისი. 2019. 14:13

 

„მე დავიბადე მსოფლიოს უმცირეს და უმოკლეს მდინარის პირას. მას ჰქვია სახელად ზანა. მე მომიხდა რამდენიმე უნივერსიტეტში სწავლა ლენინგრადში, კენიგსბერგში, ლაიპციგში, მიუნხენში, პარიზში, ბოლოს ბერლინში. ყველგან და ყოველთვის მე მიხდებოდა გაჯიბრება გერმანელებთან, ებრაელებთან, პოლონელებთან, ამერიკელებთან და ფრანგებთან. არავის ვუმხელდი, მაგრამ ჩემს თავს ვეუბნებოდი: შენ ჰეი, მსოფლიოს უმცირეს მდინარის პირად შობილო ბიჭო, არ გაჯობონ დიდი მდინარეების პირად დაბადებულთა“,- წერდა თავის ჩანაწერებში ქართველი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია და მართლაც, ეს საქართველოს უმოკლეს მდინარის პირას გაზრდილი ბიჭი, დღეს ღირსეულად დგას მსოფლიოს ყველაზე საუკეთესო კლასიკოსთა შორის.

 

 

კონსტანტინე გამსახურდია ავტორია რომანებისა: „დიონისოს ღიმილი“, „მთვარის მოტაცება“, „გოეთეს ცხოვრების რომანი“, „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“, „დავით აღმაშენებელი“, „ვაზის ყვავილობა“.

 

გამოცემული აქვს არაერთი ნოველა, ნარკვევი თუ ესე.

 

მან თარგმნა გოეთეს „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი“, „დანტეს ღვთაებრივი კომედია“ (I ნაწილი - „ჯოჯოხეთი“ კ. ჭიჭინაძესთან ერთად თარგმნა) და სხვა.

 

მის თარგმანებს შორისაა ასევე გერმანელი მწერლის ერიხ მარია რემარკის რომანი - „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“.

 

 

არსებობს ასეთი პატარა საინტერესო ისტორია კონსტანტინე გამსახურდიასა და ერიხ მარია რემარკის შეხვედრის თაობაზე:

...

კონსტანტინე გამსახურდია და გერმანელი მწერალი ერიხ მარია რემარკი საფრანგეთში ერთად ყოფნის დროს რესტორანში შევიდნენ სადილისთვის.

 

 

შეკვეთა ბატონმა კონსტანტინემ ითავა და მენიუ გულდასმით გადაიკითხა, მან ჩვეული სიდინჯით დაუკვეთა სადილი. ოფიციანტმა დამცინავი ღიმილით თავი დაუკრა და გაბრუნდა.

 

რემარკს უნდოდა ეკითხა, თუ რამ გამოიწვია ოფიციანტის ირონია, მაგრამ ბატონი კონსტანტინე მიუხვდა და უმალ წამოიწყო სხვა თემაზე საუბარი.

 

სადილად მიირთვეს ერთი ბოთლი ქართული ღვინო „ხვანჭკარა“, რომლის ფასი ერთი დოლარი და რაღაც ცენტი ღირდა.

 

 

თუმცა მენიუში აღნიშნული იყო საკმაოდ ძვირადღირებული ღვინოებიც.

 

ირგვლივ მსხდომნიც ალმაცერად უყურებდნენ ამ ორ ინტელიგენტ მამაკაცს, რომლებიც სიამოვნებით შეექცეოდნენ იაფფასიან სასმელს.

 

როდესაც დაასრულეს სადილი და ოფიციანტმა ანგარიში წარუდგინა, გამსახურდიამ დამატებით მოითხოვა ყველაზე ძვირად ღირებული ერთი ბოთლი ღვინო და იმისი ფულიც სასწრაფოდ გადაიხადა.

 

როდესაც ოფიციანტმა დაკვეთა მოუტანა, კონსტანტინემ სთხოვა მას, დახმარებოდა ხელის გადაბანაში. კონსტანტინემ იმ ღვინით ხელები დაიბანა.

 

ოფიციანტი და დარბაზში მსხდომნი გაოცებული მისჩერებოდნენ. ხოლო ერიხ მარია რემარკმა, რომელმაც ამოიცნო ქართველი ფენომენის ჩანაფიქრი, ხელი ჩამოართვა და მეგობრულად გადაეხვია.

 

როდესაც პატრიოტი ხარ, ალბათ, „შენი“ ყოველთვის ყველაზე ძვირადღირებული და ძვირფასია. კონსტანტინე კი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი იყო.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი