logo_geo
რეზო თაბუკაშვილი ექვთიმე თაყაიშვილს: გადმოხედე შენს დღევანდელ საქართველოს, სადაც ხატად ასვენია შენი სახელი!
- +

1 ივნისი. 2019. 19:23

 

 

გთავაზობთ ქართველი მწერლის რეზო თაბუკაშვილის სიტყვას ექვთიმე თაყაიშვილისადმი:

 

 

„ჩვენი ეროვნული სულიერების მოძღვართ-მოძღვარო, ბატონო ექვთიმე,

 

გადარჩენილ საუნჯესთან ერთად შენც დაუბრუნდი ამდენი წლის ნანატრ, კურთხეულ მიწას. შენი ჩამოსვლა დღესასწაულად იქცა, მაგრამ მოულოდნელი სატკივარიც ბევრი გაგიჩნდა. მოგვიტევე, რომ იმ დროს ყველას არ მიეცა საშუალება შენთვის ხმამაღალი მადლობის თქმისა; მადლობის თქმისა იმ კაცისთვის, ვისაც ძალა ეყო, უსახსროსა და მიუსაფარს წაღმართი გზით გაევლო ცთუნებებით სავსე ცხოვრების ხეივანი და არც თვალი, არც ხელი, არცერთი ცთუნებისკენ არ გაქცეოდა. მადლობის თქმისა იმ კაცისთვის, ვინაც ზნეობის უმძიმესი ტვირთი ასე მსუბუქად მიიტანა ამა სოფლის აღსასრულამდე და ბოლოს ღირსეულად გარდისახა წინაპართა სამყაროს მკვიდრად; იმ ბუმბერაზ წინაპართა, რომელთა საფლავებიდან დღესაც ამოდის შუქი, და ამ შუქზე ხშირად ჩვენც უფრო დიდები ვჩანვართ, ვიდრე ვართ ხოლმე სინამდვილეში.

 

მოგვიტევე, ბატონო ექვთიმე, - შენ ხომ დიდ სიხარულთან და ერის მადლიერებასთან ერთად სულის ჭრილობებიც გაგატანეთ იმქვეყნად; მხოლოდ 48 კაცმა შებედა, უკანასკნელ გზაზე გაჰყოლოდა შენს წმიდა კუბოს. მაგრამ იცოდე, ყველა ისინი, ვინც შენ გატკინა გული, თავად დასაჯა მერე დრომ და მართლმსაჯულებამ!

 

გადმოხედე შენს დღევანდელ საქართველოს, სადაც ხატად ასვენია შენი სახელი!

 

ნათელში იყავ, საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესო!“ - რეზო თაბუკაშვილი.

 

 

იხ. რეზო თაბუკაშვილის ფილმი „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი