logo_geo
ფსიქოლოგებმა დაამტკიცეს: ცხოველები ხვდებიან, როდესაც ჩვენ თანაგრძნობა გვჭირდება
- +

2 ივნისი. 2019. 15:03

 

„სტატისტიკის მიხედვით, აშშ-ში 7,6 მილიონზე მეტი შინაური ცხოველი თავშესაფარში ხვდება, ხოლო მათგან 2,7 მილიონი ევთანაზიის მსხვერპლი ხდება. ცხოველთა დამცველები და უბრალოდ მოყვარულები მათ გადარჩენასა და მზრუნველ ოჯახებში დაბინავებას მუდმივად ცდილობენ“, - წერს ინტერნეტ გამოცემა „Positive Outlooks Blog“.

 

არაერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ შინაურმა ცხოველმა შესაძლოა თქვენი სიცოცხლე გადაარჩინოს.

 

ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2012 წელს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ცხოველის გარემოცვაში ყოფნა იმაზე უკეთ ხსნის სტრესს, ვიდრე მეუღლესთან, ოჯახის სხვა წევრებთან ან მეგობრებთან ერთად დროის გატარება. ასევე, შინაური ბინადრის აყვანა რეკომენდირებულია ჰიპერტონიკებისთვის. „თუ გყავთ ძაღლი, თქვენი წნევა გაცილებით დარეგულირებულია“, - ამბობს ვეტერინარიის კონსულტანტი მარტი ბეკერი.

 

ფიზიკური უპირატესობის გარდა, კვლევამ აჩვენა, რომ შინაურ ცხოველს უნარი აქვს, გამოასწოროს პატრონის ფსიქიკური ჯანმრთელობა.

 

2016 წლის ცდების ჩატარებისას, აღმოჩნდა, რომ ცხოველს შეუძლია, პატრონის უსაფრთხოების შეგრძნება გააძლიეროს. ასევე, ძაღლები განსაკუთრებული ემოციური და სოციალური თანადგომით გამოირჩევიან იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დეპრესიით იტანჯებიან.

 

„შინაური ცხოველები გახსენებენ, რომ თქვენ მარტო არ ხართ. ისინი უანგარო სიყვარულს გიზიარებენ, რომელიც უჩვეულო მეთოდით განკურნების საშუალებაა“, - განმარტავს გადარჩენის ინსტრუქტორი დეიზერ ვერკისკი.

 

ფსიქოლოგი პერპეტუა ნოეს თქმით, ცხოველები გრძნობენ, როდესაც მათ პატრონებს ყველაზე მეტად სჭირდებათ გვერდით დგომა და ყველანაირად ცდილობენ, რომ საყვარელი ადამიანი დაამშვიდონ.

 

„შინაური ბინადრის შეხება დაგეხმარებათ ოქსიტოცინის დონის ამაღლებაში (ბედნიერების ჰორმონი) და კორტიზოლის შემცირებაში (ამ ჰორმონის მომატებისას სტრესის მაჩვენებელიც იმატებს). ძაღლის ან კატის უბრალოდ მოფერებამაც კი შეიძლება განწყობა გაგიუმჯობესოთ“, - ამბობს ფსიქოლოგი.

 

კატები და ძაღლები ერთადერთი შინაური ცხოველები არ არიან, რომლებსაც ადამიანის დამშვიდება შეუძლიათ. ოდესმე დავფიქრებულვართ, თუ რატომ გვხვდება ზოგიერთ სამკურნალო დაწესებულებებში აკვარიუმი? აღმოჩნდა, რომ თევზებს შეუძლიათ, დაარეგულირონ არტერიული წნევა და გულის რიტმი.

 

კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც მძიმე დეპრესიით იტანჯებოდნენ, გაცილებით მშვიდად და ბედნიერად გრძნობდნენ თავს მას შემდეგ, რაც გარკვეულ დროს ძაღლთან ერთად ატარებდნენ.

 

შინაური ცხოველის მფლობელები ხშირად ატარებენ დროს სუფთა ჰაერზე, ეს კი ზრდის ადამიანის ფიზიკურ აქტივობას. გარდა ამისა, ჩვენი ბინადრის წინაშე ვალდებულების შესრულება საკმარისია, რომ გაგვიჩნდეს მიზანი და პასუხისმგებლობა.

 

ცხოველთან ურთიერთობის პოზიტიური ეფექტი მხოლოდ ზრდასრულ ადამიანებს არ აქვთ - ბავშვები, რომლებსაც შინ ძაღლი ან კატა ჰყავთ, ავადმყოფობის გამო იშვიათად აცდენენ გაკვეთილებს, რადგან მათი იმუნიტეტი მაღალია, ხოლო ძაღლთან ერთად გაზრდილი ბავშვის ორგანიზმში ალერგიის წარმოქმნის ძალიან მცირე რისკია და ისინი გამოირჩევიან ძლიერი იმუნიტეტით.

 

უდავოა, ცხოველს არ შეუძლია ჯადოსნური მეთოდებით განკურნოს ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ნაკლი, მაგრამ ისინი არასოდეს მიგატოვებენ და ყოველთვის გექნებათ იმის შეგრძნება, რომ თქვენ მარტო არ ხართ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი