logo_geo
ძმები, რომლებმაც თითქმის ნახევარი თბილისი ააშენეს - ზუბალაშვილების არქივი საქართველოს დაუბრუნდა
- +

3 ივნისი. 2019. 13:40

 

 

ცნობილი მრეწველებისა და ქველმოქმედების - ძმები ზუბალაშვილების უნიკალური არქივი საქართველოს გადმოეცა და ეროვნული მუზეუმის კოლექციის ნაწილი გახდა. ოთხი ძმიდან ერთ-ერთის - პეტრე ზუბალაშვილის შვილთაშვილებმა საკუთარი ოჯახის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი საქართველოს ანდეს - 114 წლის განმავლობაში შვეიცარიასა და შემდგომ საფრანგეთში, მათ სახლში დაცული ზუბალაშვილების ისტორიული დოკუმენტაცია და ნივთები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს აჩუქეს. ძმების ისტორია გარკვეულწილად საქართველოს ისტორიაცაა და ის ისეთივე ვრცელი და მრავალფეროვანია, როგორც თავად ძმები ზუბალაშვილების მიერ გაწეული ქველმოქმედება.

 

ზუბალაშვილების გვარი ქართულ ისტორიულ დოკუმენტებში XVII საუკუნის 80-იანი წლებიდან გვხვდება. ერეკლე მეორის დროს მოღვაწე რომანოზ ზუბალაშვილმა კარგად იცოდა სასტამბო საქმე, ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ იმერეთში გადასახლდა და იქ განაგრძო წიგნების ბეჭდვა (1811 წლამდე). მისი საქმიანობა გააგრძელეს მისმა შვილებმა -დავითმა და გიორგიმ. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ქვეყანაში კაპიტალიზმის განვითარებასთან ერთად ზუბალაშვილები დაწინაურდნენ.

 

განსაკუთრებით გამოიჩინა თავი დიდმა ვაჭარმა და მრეწველმა იაკობ ზუბალაშვილმა. მას არყის სახდელი ჰქონდა ქუთაისსა და მის მიდამოებში. 1837 წელს კი თბილისში დააარსა ამხანაგობა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ამიერკავკასიაში პირველ შაქრის ქარხანას. ქარხანამ 7-8 წელი იარსება და დაიხურა რუსეთიდან შემოტანილი შაქრის კონკურენციისა და ადგილობრივი ნედლეულის უქონლობის გამო.

 

ზუბალაშვილების გვარიდან განსაკუთრებით ცნობილი გახდნენ კონსტანტინე იაკობის ძე ზუბალაშვილის შვილები პეტრე, სტეფანე, იაკობი და ლევანი. მართალია, პეტრეს გარდა არცერთი მათგანი საქართველოში არ ცხოვრობდა, მაგრამ სამშობლოში ყოველი კეთილი საქმის წამოწყებას ისინი მხარს უჭერდნენ და უმაგალითო დიდსულოვნებით აღვსილნი, მხსნელებად ევლინებოდნენ ყოველ ღვთისმოსავ საქმეს.

 

ნავთობის მაგნატებად ცნობილი ძმები სამეწარმეო საქმიანობის გარდა დიდ ქველმოქმედებას ეწეოდნენ მთელი საქართველოს მასშტაბით. მათ მიერ დაწესებული სტიპენდიებით ბევრმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება რუსეთსა და ევროპაში, მათ შორის იყვნენ: გერონტი ქიქოძე, ლეო ქიაჩელი, პავლე ინგოროყვა და სხვები. მეცენატი ძმების მხარდაჭერითა და ფინანსური შემოწირულობებით დააარსა ილია ჭავჭავაძემ „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ და სათავადაზნაურო ბანკი.

 

 

ძმებმა ზუბალაშვილებმა ნაწილობრივ ან სრულად დააფინანსეს სათავადაზნაურო გიმნაზია (ახლანდელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი („სწორედ მეფური შემოწირულობა იყო და ამისთანა უხვი გაღება ქონებისა ჩვენში ჯერ არ მომხდარა“,- წერდა ამ ფაქტის შესახებ გაზეთი „ივერია“ 1904 წელს); სახალხო სახლი, სადაც დღეს მარჯანიშვილის თეატრია განთავსებული; მუსიკალური სახლი ანუ თბილისის კონსერვატორია; უპოვართა სახლი, სადაც ასობით ღატაკი და მოხუცი პოულობდა თავშესაფარსა და საკვებს; თბილისის პირველი საავადმყოფოს პედიატრიული კორპუსი და კიდევ სხვა ბევრი შენობის მშენებლობა.

 

 

საგულისხმოა, რომ რომელ ძმასაც არ უნდა გაეღო შემოწირულობა, ყველა კეთილი საქმე კეთდებოდა ძმები ზუბალაშვილების სახელით, მიუხედავად იმისა, რომ მათ ცხოვრება უხდებოდათ სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვა პირობებში და სხვადასხვა დროს. სამწუხაროა, რომ ერთის გარდა, არცერთ მათგანს შთამომავლობა არ დარჩენია.

 

ლევან ზუბალაშვილი - ცხოვრობდა და მოღვაწეობდა რუსეთში და იქვე გარდაიცვალა 1914 წელს.

 

 

ლევანს მოსკოვთან ახლოს, სოფელ უსოვოში ჰქონდა აგარაკი. ეს იყო საკმაოდ მოზრდილი ტერიტორია, რომელსაც შემოავლო დიდი გალავანი უზარმაზარი ალაყაფის კარებით. იქ ააშენა ორი ერთნაირი სახლი: ერთში თვითონ ცხოვრობდა, მეორე კი განკუთვნილი იყო სტუმრებისათვის.

 

 

1919 წლიდან, რევოლუციის შემდეგ, აგარაკს გამოუჩნდა ახალი მფლობელები: ერთი სახლი დაიკავა სტალინის ოჯახმა, მეორე კი – მიქოიანმა. ლევან ზუბალაშვილის შთამომავლობის კვალი დაკარგულია;

 

 

სტეფანე ზუბალაშვილი - როგორც ზაქარია ჭიჭინაძე წერს: „იყო ის კაცად-კაცი, რომელმაც სიტყვა საქმედ აქცია და ქართველებს ყველა ის დანაპირები შეუსრულა, რასაც კი დაჰპირდა“.

 

 

სტეფანე ზუბალაშვილმა დედის - ელისაბედ თუმანიშვილის სურვილთან ერთად, მამის თხოვნაც აასრულა. კონსტანტინეს უნდოდა, გარდაცვლილი შვილისათვის (კონსტანტინეს პირველი ვაჟი - ანდრია 6 წლის ასაკში გარდაიცვალა) გაეკეთებინა ძვირფასი საფლავი, თუმცა, მეგობრის რჩევით, შვილის ხსოვნისა და სულისთვის ყველაზე ძვირფასი შესაწირი ბავშვთა საავადმყოფოს აშენება იქნებოდა.

 

 

შედეგად, ავლაბარში, ახლანდელი I საავადმყოფოს ტერიტორიაზე, სტეფანე ზუბალაშვილის სახელობის, ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი ბავშვთა საავადმყოფო აშენდა, რომელიც დღეს აღარ არსებობს. ამჟამად იქ იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთო საცხოვრებელია.

 

 

სტეფანე ზუბალაშვილი პარიზში სამკურნალოდ წასული გარდაიცვალა 1904 წელს. დაკრძალულია თბილისში, ცოლ-შვილი არ ჰყოლია;

 

იაკობ ზუბალაშვილი - ცხოვრების მეორე ნახევარი მან საფრანგეთში გაატარა და იქ მოიხსენიებდნენ, როგორც ჟაკ მიშელ ზუბალოვს.

 

 

იაკობის უნიკალურ კოლექციაში იყო პიკასოს, დეგას, სეზანის, მატისის, მონეს, ბოტიჩელის, როდენისა და სხვათა შედევრები, სულ 581 ერთეული. თავიდან აპირებდა, რომ ეს უკანასკნელი უძვირფასესი განძიც (უნიკალური ნახატები, მარმარილოს, ბრინჯაოს, კერამიკის, ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები) ეჩუქებინა სამშობლოსათვის, ამისთვის ანდერძიც შეადგინა, თუმცა ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო, გადაწყვეტილება შეცვალა და თავის სიცოცხლეშივე კოლექცია უსასყიდლოდ გადასცა ლუვრს და პარიზის სხვა მუზეუმებს.

 

 

იაკობი ემიგრაციაშივე გარდაიცვალა საფრანგეთში 1941 წელს. ცოლ-შვილი არ ჰყოლია;

 

 

პეტრე ზუბალაშვილი - პეტრე ძირითადად თბილისში ცხოვრობდა.

 

 

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ევროპაში შვილებთან გაემგზავრა, გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა ჟენევაში, მაგრამ როცა შვილები საბოლოოდ დამკვიდრდნენ უცხოეთში და დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყეს, იგი საქართველოში დაბრუნდა და სიცოცხლის ბოლო წლები მშობლიურ ქალაქში გაატარა. დაკრძალულია სოლოლაკში ზუბალაშვილების საგვარეულო სასაფლაოზე მშობლებისა და ძმის - სტეფანეს გვერდით. სწორედ პეტრე ზუბალაშვილის შვილთაშვილებმა „თიბისი ბანკის“ მხარდაჭერითა და ხელშეწყობით გადასცეს საქართველოს ზუბალაშვილების საოჯახო არქივი, რომელშიც უამრავი დოკუმენტი და დიმიტრი ერმაკოვის უნიკალური ფოტოსურათებია დაცული.

 

 

„ჩემი დიდი ბებიის, მარი ზუბალოვის დამსახურებით ყოველთვის გვესმოდა, რომ საქართველო გამორჩეული ქვეყანაა. ჩვენი ოჯახის ისტორია ერთ კონკრეტულ დღეს არ აღმოგვიჩენია. ეს მუდმივად ჩვენთან იყო. ჩემთვის აქ დაბრუნება და ამ არქივის გამოფენა ისაა, რაც დიდმა ბებია-ბაბუამ და ოჯახმა გვიანდერძა. ეს არის ის, რაც წავიდა და აუცილებლად უნდა დაბრუნებულიყო, რათა გაცოცხლებულიყო და ცხოვრება გაეგრძელებინა ზუბალაშვილების ოჯახის ისტორიას“,- ამბობს სანდრა ანლარი, პეტრე ზუბალაშვილის შვილთაშვილი.

 

 

და კიდევ ერთი რამ ზუბალაშვილების შესახებ: ცნობილია, რომ მთაწმინდის იმ უბანში, სადაც ახლა ძმები ზუბალაშვილების ქუჩაა, ადრე ტყვია-წამლის საწყობი იყო, ე.წ. „არსენალი“ და ამიტომაც, ქუჩა „არსენალის“ სახელს ატარებდა. შემდეგ აქ დადგეს მცირე მოცულობის სასამართლოს შენობა და გადაერქვა „პატარა სასამართლოს ქუჩა“. 1911 წლის 21 იანვარს, თბილისის გამგეობამ სტეფანესა და მისი გვარის დამსახურებისათვის მიიღო დადგენილება – „პატარა სასამართლოს ქუჩა“ იწოდებოდეს „სტეფანე ზუბალაშვილის ქუჩად“, რამაც 1934 წლამდე გასტანა. ამის შემდეგ, ქუჩას ერქვა ვინმე ათარბეგოვის სახელი. 1990-იანი წლებიდან კი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დროს, ქართველი ინტელიგენციის მოთხოვნით, პროფესორ ი. ახუაშვილის დიდი ძალისხმევით და ბავშვთა საავადმყოფოს კოლექტივის მხარდაჭერით, ქუჩას ძმები ზუბალაშვილების სახელი ეწოდა.

 

 

ზუბალაშვილების დიდი საგვარეულოს წარმომადგენლებმა ფასდაუდებელი საგანძური დაუტოვეს ქვეყანას როგორც ეკონომიკური, ისე ისტორიული, კულტურული თუ არქიტექტურული თვალსაზრისით. ზუბალაშვილების საქმიანობა იქცა ნიმუშად, თუ რაოდენ დიდი როლი ენიჭებათ მეცენატებს ქვეყნის ისტორიული მახსოვრობისთვის და რა სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოში - ძმები ზუბალაშვილების სამშობლოში ქველმოქმედება და სიკეთე ესოდენ იშვიათ მოვლენად იქცა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი