logo_geo
რა უნდა იცოდეთ კატის სტერილიზაციის შესახებ
- +

20 ივნისი. 2019. 12:48

 

კატების კასტრაციაზე ბევრი მითი არსებობს. სწორედ ამის გამო შინაური ცხოველების პატრონები ოპერაციისგან თავს იკავებენ. ამბობენ, რომ სტერილიზაციის შემდეგ კატა სუქდება, პასიური ხდება და შარდკენჭოვანი დაავადებების რისკი მატულობს. გთავაზობთ 6 არასწორ წარმოდგენას კატების სტერილიზაციის შესახებ.

 

#1. კატის სტერილიზაცია საჭირო არ არის

 

ეს საჭიროა, რათა ცხოველები უკონტროლოდ არ გამრავლდნენ. ყოველ წელს იბადება მილიონობით კატა, რომლებიც თავიდანვე  უსახლკარობისთვის არიან განწირული ან გადატვირთულ თავშესაფრებში ხვდება. გარდა ამისა, გარკვეული ტიპის ოპერაციები ამცირებს რისკს, რომ დედალი კატა გაიქცევა და დაიკარგება, მამალი კატა კი ჩხუბში ჩაერთვება და სერიოზულ ტრავმებს მიიღებს. სტერილიზაციის შემდეგ კი ცხოველის ორგანიზმი აღარ გამოიმუშავებს ჰორმონებს, რომლებიც გამრავლების ინსტინქტსა და შესაბამის ქმედებებზეა პასუხისმგებელი. გარდა ამისა, ადრეულ ასაკში სტერილიზაცია კატას სამომავლოდ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებისგან იცავს. მაგალითად, ოპერაცია დედალი კატის შემთხვევაში სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს ამცირებს, მას ასევე შეუძლია საკვერცხეების სიმსივნის თავიდან არიდება, მამალ კატას კი პროსტატიტისგან იცავს.

 

#2. სტერილიზაცია მხოლოდ გარკვეულ ასაკში შეიძლება

 

სტერილიზაცია ყოველთვის შესაძლებელია, თუმცა უმჯობესია, ეს ადრეულ ასაკში გააკეთოთ. მაგალითად, ვეტერინარების რეკომენდაციაა, კატას სტერილიზაცია 4-დან 6 თვემდე გაუკეთოთ. დედალ კატებში, რომელთაც ოპერაცია გვიან გაუკეთდათ, სარძევე ჯირკვლის სიმსივნისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების განვითარების რისკი საკმაოდ მაღალია.  მამალი კატებისთვის კი მკაცრი რეკომენდაცია არ არსებობს. თუმცა ამ შემთხვევაშიც კასტრაცია ადრეულ ასაკშია სასურველი, რათა ცხოველები აგრესიულ ქმედებას არ მიეჩვიონ. აქვე უნდა ითქვას, რომ ოპერაციის ზუსტი დრო თავად ვეტერინარმა უნდა განსაზღვროს. ის ორიენტირდება არა მხოლოდ ასაკზე, არამედ შინაური ცხოველის ფიზიკურ მდგომარეობასა და მის სახეობაზე.

 

#3. კასტრაციის შემდეგ კატების ქცევა იცვლება

 

ეს სტერილიზაციის მეთოდზეა დამოკიდებული. ოპერაციის რამდენიმე ტიპი არსებობს. ის ექიმმა თქვენი კატისთვის ინდივიდუალურად უნდა შეარჩიოს. არის შემთხვევები, როდესაც ცხოველის ორგანიზმი ოპერაციის შემდეგაც თირკმელზედა ჯირკვლების მეშვეობით ჰორმონების გამომუშავებას განაგრძობს. თუმცა, ეს ძალიან იშვიათად ხდება. ოპერაციის შემდეგ კატა  ხმამაღლა კნავილსა და აგრესიულ ქცევას ნამდვილად წყვეტს.

 

#4. ოპერაცია საშიშია

 

როგორც ნებისმიერი ქირურგიული პროცედურა, სტერილიზაციაც გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. მაგალითისთვის, ანესთეზიას შეუძლია არასასურველი რეაქციის გამოწვევა, თუმცა გართულებების საერთო სიხშირე საკმაოდ დაბალია. იმისათვის, რომ ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობა შემოწმდეს და რისკი შემცირდეს, ოპერაციამდე კატა უნდა გასინჯოს ვეტერინარმა, რომელიც ყველა საჭირო ანალიზსა და გამოკვლევას დანიშნავს. სტერილიზაციის შემდეგ პერიოდში კი ძალების აღსადგენად ცხოველს რამდენიმე დღე სიმშვიდე სჭირდება. ვეტერინართა განმარტებით, ცხოველის ინტელექტზე, მის შესაძლებლობებსა და ნადირობის უნარზე სტერილიზაცია არ მოქმედებს.

 

#5. ოპერაციის შემდეგ კატას სპეციალური მოვლა სჭირდება

 

დიახ, ასეა. მაგრამ ეს არც ისე რთულია. თუ კლინიკას აქვს შესაბამისი პირობები, კატას ოპერაციის შემდეგ ეგრევე არ დაგიბრუნებენ. ვეტერინარები დააკვირდებიან, რომ ცხოველი არსებულ მდგომარეობას შეეგუოს. თუ ოპერაცია სახლში ჩატარდება, მაშინ მეთვალყურეობა თქვენ მოგიწევთ. პირველ რიგში, უნდა დააკვირდეთ, რომ ცხოველი სიმაღლეზე არ აძვრეს და არ ჩამოვარდეს. კატები ოპერაციის შემდეგ ზუსტად ამას აკეთებენ, მიუხედავად იმისა, რომ წონასწორობას ძლივს ინარჩუნებენ. ასევე უნდა დააკვირდეთ ისეთ საგანგაშო სიგნალებს, როგორიც არის ღებინება, სისხლდენა ან დიარეა. ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც "ისე" ვერ არის და აუცილებლად უნდა დაუკავშირდეთ ექიმს.

 

იდეალურ შემთხვევაში ცხოველს უნდა ჩააცვათ დამცავი საყელური. ამ შემთხვევაში კატა ჭრილობამდე მიღწევას ვერ შეძლებს, ვერ გალოკავს ნაოპერაციევ ადგილს და შესაბამისად, საკუთარ თავს ვერ დაიზიანებს. შესაძლებელია ვეტერინარმა ტკივილგამაყუჩებელიც დანიშნოს. ჭამის მადა ცხოველს 24 საათის განმავლობაში უნდა დაუბრუნდეს. პირველ საათებში კი ცხოველს მხოლოდ წყალი და ჩვეული ულუფის ნახევრის მიღება შეუძლია. საბოლოო ჯამში მთავარი წესია, რომ ნაოპერაციევი ცხოველი იყოს მშვიდად. კატამ არ უნდა ითამაშოს, რათა საკუთარი თავი არ დაიზიანოს. როგორც წესი, დედალი კატები ოპერაციიდან 2 კვირაში აღიდგენენ ძალებს, მამლები კი - უფრო ადრე.

 

#5. ოპერაციის შემდეგ ცხოველი იზრდება

 

არა, თუ მასზე სწორად იზრუნებთ. ოპერაციის შემდეგ ცხოველი შეიძლება ნაკლებ აქტიური გახდეს, ამ შემთხვევაში მას ნაკლები კალორია დასჭირდება. გაცხიმოვნების თავიდან ასაცილებლად ვეტერინარების რეკომენდაციაა, ცხოველის ფიზიკურ აქტივობასა და მის კვებას დააკვირდეთ. აუცილებლობის შემთხვევაში, ვეტერინარის რჩევით შეგიძლიათ ნაკლებკალორიული სპეციალური საკვების დანიშვნა.

 

#6. სტერილიზებულ კატებში შარდკენჭოვანი დაავადება გარდაუვალია

 

გარდაუვალი არ არის, თუმცა კენჭების ჩამოყალიბების რისკი მაღალია თუ ცხოველი ნაკლებად მოძრაობს, მცირე რაოდენობით სითხეს იღებს და შესაბამისად, იშვიათად დადის ტუალეტში. სწორედ ამიტომ ოპერაციის შემდეგ ცხოველი, შესაძლოა, რისკ-ჯგუფში აღმოჩნდეს. მნიშვნელოვანი შარდკენჭოვანი დაავადების სიმპტომების ცოდნა. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, თუ ცხოველს შარდვა უჭირს, ნაწილ-ნაწილ შარდავს და ამ დროს შეწუხებულ ხმებს გამოსცემს, გენიტალიის მიმდებარე ტერიტორიას ხშირად ილოკავს, შარდს სისხლს აყოლებს და ა.შ. დაავადების რეციდივის თავიდან ასარიდებლად ვეტერინარების რეკომენდაციაა, ცხოველს სუფთა წყალზე მუდმივი წვდომა ჰქონდეს. გარდა ამისა, ექიმთან უნდა შეათანხმოთ თქვენი კატის კვების რაციონი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი