logo_geo
ვაჟა-ფშაველა: საშინელებაა!.. მაგრამ ვითმენ იმიტომ რომ, რაც უნდა ვეცადო,
- +

24 ივნისი. 2019. 02:56

 

 

სოციალური ქსელის გვერდზე, „ვაჟა-ფშაველა“ დიდი ქართველი მწერლისა და პოეტის ვაჟა-ფშაველას ნაწარმოები ქვეყნდება:

უნდა ვიფიქრო, ვინაიდგან ფიქრი აღკრძალული არ არის: ფიქრი სხვაა, საქმე სხვაა, შუა უძევს დიდი ზღვარი. ღმერთმა დაიფაროს ფიქრისთვისაც, რომ სასჯელი იყოს დაწესებული, ათასში ერთი თუ გაჰბედავდა ფიქრს, თორემ ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი დაემსგავსებოდა იმ ლოდებს, ჩემ პირდაპირ ბექიდგან რომ გამოიყურებიან გამტკნარებულნი, გალულუჩებულნი, საწყლად, ბეჩავად. შესრულდა ორმოცი წელი, რაც მე იმათ შევჩერებივარ, ან კი საით ავცდები? რა წამსაც სახლის კარებში თავს გამოვყოფ, თვალებში ისინი მეცემიან. დიაღ, შევჩერებივარ მე იმათ, ისინი – მე და აბა, არ იქნა, ერთხელ ხმა-კრინტი არ დაუძრავთ…

საშინელებაა!.. მაგრამ ვითმენ იმიტომ რომ, რაც უნდა ვეცადო, ლოდებს ხმას ვერ ამოვაღებინებ, ენას ვერ ჩავუდგამ. ბრაზი კი მომდის, ღვთისა წინაშე, და ამიტომ იმათ მაგივრად მე მოვყვები ყბედობას, ვითომ ისინი ლაპარაკობენ, რა არის, მინდა რომ იუბნონ და ამითი ჩემს თავს მევე ვატყუებ.

მეც სწორედ ისე მემართება, როგორც ოდესმე ერთს ხევსურს დაჰმართნია: ძმობილმა სიზმარში ფრანგული (ხმალი) აჩუქა და ეს უარზედ დადგა: „არ მი ეგ, რად მი (მინდა)?! მაგას დავითფერულ (ხმალია) მირჩევ მე!“ ისე ხმამაღლა განაცხადა უარი, რომ თავის ყვირილზე გამოეღვიძა და, რა ნახა თავისი თავი უნუგეშოდ დარჩენილი, შემოიკრა თავში და პირში, რა მინდოდა, ხმალი ჩამომერთვაო. ადგა და ხელმეორედ დაიძინა, იმედი ჰქონდა, იმავე სიზმარსა ვნახავ და ხმალსაც ვიშოვიო. მაგრამ ამაოდ, სიზმარი აღარ განმეორდა.

 

 

big_banner
არქივი