logo_geo
„კრისტის“ აუქციონზე ტუტანხამონის ბიუსტი 4,7 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაყიდა
- +

5 ივლისი. 2019. 13:50

 

 

„კრისტის“ აუქციონის სახლმა ტუტანხამონის ბიუსტი, ეგვიპტის წინააღმდეგობის მიუხედავად, 4,7 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაყიდა. ახალგაზრდა ფარაონის კვარცის ბიუსტის ახალი მფლობელის ვინაობა უცნობია. 28 სანტიმეტრის სიმაღლის არტეფაქტის აუქციონი ლონდონში გაიმართა.

 

ეგვიპტე „კრისტის“ აუქციონის სახლს მოუწოდებდა, ბიუსტი გასაყიდად არ გამოეტანათ. ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არტეფაქტი 1970-იან წლებში სამარხიდან მოიპარეს და ქვეყნიდან არალეგალურად გაიტანეს, სწორედ ამიტომ, მისი გასხვისება კანონს ეწინააღმდეგება. ეგვიპტე ბიუსტის სამშობლოში დაბრუნებას ითხოვდა. დახმარების თხოვნით ოფიციალურმა კაირომ იუნესკოსაც (გაერო-ს განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაცია) მიმართა.

 

აუქციონის მიმდინარეობის დროს რამდენიმე ათეულმა პირმა აუქციონის სახლის წინ დემონსტრაციაც გამართა. „ეგვიპტის ისტორია არ იყიდება“ ასეთი ბანერები ეჭირათ აუქციონის სახლის წინ შეკრებილ აქტივისტებს.

 

ახალგაზრდა ფარაონის ბიუსტი ბოლოს 2016 წელს, სამ მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა და აქამდე კერძო კოლექციაში ინახებოდა. ეგვიპტის საგარეო უწყების უკმაყოფილებასთან დაკავშირებით, „კრისტის“ აუქციონის სახლის განმარტებით, აქამდე ბიუსტის გაყიდვასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ გამოუთქვამთ, მიუხედავად იმისა, რომ ტუტანხამონის ბიუსტი აუქციონზე წარსულშიც გაუტანიათ და მისი არსებობის შესახებ ათწლეულების განმავლობაში იყო ცნობილი. ამასთან ერთად, „კრისტის“ აუქციონის სახლმა უკანასკნელ 50 წელში ბიუსტის მფლობელების სია გაასაჯაროვა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი