logo_geo
მოულოდნელი აღმოჩენის შედეგად, მსოფლიოს უდიდეს ვულკანთა სიაში ცვლილებაა
- +

11 ივლისი. 2019. 18:34

 

 

კუნძულ ჰავაიზე მდებარე ვულკანმა მაუნა-ლოამ პლანეტის უდიდესი ფარისებრი ვულკანის სტატუსი დაიბრუნა. ახალი კვლევის მიხედვით, ეს სტატუსი უნდა ჩამოერთვას წინა რეკორდის მფლობელს, წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ვულკან ტამუს მასივს.

საქმე ეხება ერთეულ ფარისებრ ვულკანს, ნაკლები წებოვნების მქონე ლავისგან წარმოქმნილი ვრცელი ვულკანის ტიპს.

 

წყალქვეშა ვულკან ტამუს მასივის მაგნიტური ველის დეტალურმა ანალიზებმა აჩვენა, რომ ის სულაც არ არის ფარისებრი ვულკანი, როგორც აქამდე გვეგონა. ირკვევა, რომ სინამდვილეში ის ოკეანის ფილების გადაადგილების შედეგად წარმოქმნილი გაცილებით დიდი გეოლოგიური სტრუქტურის — შუაოკეანური ქედის ნაწილია.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტამუს მასივი კარგავს სტატუსს, რომელიც მას 2013 წელს მიენიჭა. მისი აღმოჩენა მეცნიერებისთვის განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო; მალევე უბოძეს მსოფლიოს უდიდესი ერთეული ვულკანის ტიტული, რადგან გადაჭიმულია 310 000 კვადრატულ კილომეტრ ფართობზე.

ჰიუსტონის უნივერსიტეტის გეოფიზიკოს უილიამ სეიგერის განცხადებით, სინამდვილეში ის ვრცელი ვულკანური სისტემაა და არა ერთეული ვულკანი.

სწორედ სეიგერი ხელმძღვანელობდა 2013 წელს ტამის მასივის პირველ კვლევასაც.

 

ალი კვლევის ფარგლებში, სეიგერმა და მისმა ჯგუფმა ვულკანის სიღრმეში მაგნიტური ანომალიები იპოვა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მისი წარმოქმნის დროს დედამიწის მაგნიტური ველი სულ მცირე ერთხელ გარკვეულწილად შეიცვალა. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ცვლილებები ათასობით ან მილიონობით წლის განმავლობაში ხდებოდა, ნათელია, რომ ტამუს მასივი ერთი ამოფრქვევის შედეგად არ უნდა წარმოქმნილიყო; შესაბამისად, ის ჩვეულებრივი ფარისებრი ვულკანი არ არის.

 

ეს კი კარგად ხსნის, თუ რატომ არის ტამუს მასივი წარმოქმნილი სამი განრთხმული შუაოკეანური ქედის შეხვედრის წერტილში და თანხვედრაში მოდის ფილების საზღვრებთან არსებულ მაგნიტურ ანომალიებთან.

 

მეცნიერთა ჯგუფმა თავიანთ საქმე დიდი გულმოდგინებით შეასრულა. მათ მოახდინეს გასული 54 წლის მანძილზე სხვადასხვა გემის მიერ აღებული მაგნიტური ველების 4,6 მილიონი ჩანაწერის ანალიზი. მაგნიტური რუკის შესადგენად, ეს მონაცემები დაუკავშირეს კვლევით გემ „ფალკორის“ მიერ მაგნიტური ველის შესახებ შეგროვებულ მონაცემებს.

 

 

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ტამუს მასივი მიეკუთვნება მსოფლიოში უდიდეს ვულკანურ სისტემას, მაგრამ არ არის უდიდესი ერთეული ფარისებრი ვულკანი.

 

სეიგრის თქმით, მსოფლიოს უდიდესი ვულკანი სწორედ შუაოკეანური ქედების სისტემაა, რომელიც 65 000 კილომეტრეზეა გადაჭიმული.

 

გარდა ტამუს მასივის რეკლასიფიკაციისა, მკვლევართა ჯგუფმა მნიშვნელოვანი ცნობები მიიღო იმის შესახებაც, როგორ წარმოიქმნება ოკეანური პლატოები. აქამდე მიიჩნეოდა, რომ ასეთი დიდი პლატოების წარმოქმნა შეუძლებელი უნდა ყოფილიყო ზღვის ფსკერის სპრედინგით, რა დროსაც ვულკანური აქტივობა ცენტრალური ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნის ოკეანურ ქერქს.

 

თუმცა, ტამუს მასივი სრულიად საპირისპიროს მეტყველებს და მიუთითებს, რომ ოკეანის პლატოების ფორმაცია არ არის კონტინენტური ბაზალტის ტრაპების მსგავსი, რომლებიც ხმელეთზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოიქმნება.

გამომდინარე იქიდან, რომ სეიგერმა უარყო თავის თავდაპირველი ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც ტამუს მასივი მსოფლიოს უდიდესი ფარისებრი ვულკანი იყო, მეცნიერი განმარტებას აკეთებს.

 

„მეცნიერება პროცესია და მუდამ იცვლება. იყო ისეთი ასპექტები, რომლებმაც შეცდომაში შემიყვანა, შესაბამისად, ხელახლა შევაგროვე მაგნიტური ველის მონაცემები, რომლებმაც ახალ შედეგებამდე მიმიყვანა“.

 

მისივე თქმით, მეცნიერებაში ყოველთვის არის შეკითხვები, რომლებზე პასუხიც გვგონია, რომ ვიცით, მაგრამ საჭიროა ორჯერ შემოწმება. საბოლოოდ, ამ გზით მივდივართ სიმართლესთან რაც შეიძლება ახლოს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი