logo_geo
როგორ გახდნენ პოპულარულები საუკუნის წინ ამერიკაში ჩასული გურული მოჯირითეები
- +

15 ივლისი. 2019. 13:01

 

 

ერთი საუკუნის ამერიკის შეერთებულ შტატებში წასული გურული ემიგრანტების შესახებ სიუჟეტი „იმედის კვირამ“ მოამზადა. გურული ცხენოსნები თურმე ამერიკაში ძალიან პოპულარულები იყვნენ, მათი ნიჭის წყალობით კი ცხენოსნები მალე ამერიკული საზოგადოების აღმოჩენადაც იქცნენ.

 

საარქივო მასალების მიხედვით, უბადლო მხედრები გურიაში „ბუფალო ბილის“ წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს და მსოფლიოში ცნობილ „ველური დასავლეთის შოუში“ მონაწილეობა შესთავაზეს. საუკუნის წინ მათი ამერიკაში ჩასვლის ამბავი კი ბრაზილიელმა მხატვარმა მსოფლიოში უდიდესი მონუმენტური მხატვრობით შემოგვინახა, რომელიც ნიუ-იორკშია.

 

„იმედის კვირის“ სიუჟეტში გამოყენებული ისტორიული კინოკადრები 1908 წელსაა გადაღებული და მათზე აღბეჭდილნი არიან გურული მოჯირითეები ნიუ-იორკის ქუჩებში მიმდინარე აღლუმზე.

 

მირონ ჭყონია, პანტელეიმონ ცინცაძე, ივანე ბარამიძე  და სხვა ქართველი მიგრანტები, რომელთა სახელებიც უცნობია,  მალე საკუთარი ნიჭით ამერიკული კოვბოი კულტურის ნაწილიც გახდნენ.  

 

120 წლის შემდეგ ნიუ-იორკში ისევ გამოჩნდა ქართველი მიგრანტის სახე, მაგრამ ამჯერად 800 კვ.მ-ზე შესრულებულ მონუმენტურ მხატვრობაში. ბართლომე მშვიდობაძის - ქართველი მიგრანტის ფოტო „ელის აილენდის“  იმიგრაციის მუზეუმშია დაცული. საუკუნის წინ ამერიკაში ჩასულ 5 იმიგრანტს შორს მისი სახე, იმ ქართველმა მკვლევარმა (ირაკლი მახარაძემ) ამოიცნო, რომელიც თავადაც გურულია და ამერიკაში მეცხრამეტე საუკუნეში ჩასული გურული მხედრების ისტორიებს 20 წელი  სწავლობდა.

 

„მხედრები აღტაცებულები იხსენებდნენ შტატებს. მოჯირითე ნიკოლოზ ჭყონია სახლში გამოგზავნილ წერილში იტყობინებოდა: „პატივისცემა ნამეტანი გვაქვს. თელი ჩემგან არ ეიწერება და უკანასკნელს გეტყვი მარმარილოს ქვის ჩერჩმები გვაქვს, იმოდენა სიმდიდრე ყოფილა“. კირილე ხოფერიას თქმით, ისინი ცხოვრობდნენ მაღალსართულიან სახლებში, ადიოდნენ მოძრავი ოთახებით (ლიფტებით), რამაც გურულები გააოგნა. გიორგი ჩხაიძე კი თავისიანებს თურმე უყვებოდა, რომ ჩიკაგოში იმდენი ელექტრონის მავთული იყო გაბმული, რომ ჩიტები ეჯახებოდენ და ძირს ცვიოდნენო“, - ამბობს მკვლევარი ირაკლი მახარაძე.

 

ფოტოების დიდ ნაწილს მკვლევარმა სწორედ ამერიკაში, ვაიომინგის შტატში მიაგნო. პატარა ქალაქ ქოუდს, სადაც თავს ჰოლივუდური ფილმის ნაწილად იგრძნობთ, „იმედის“ გადამღები ჯგუფიც ესტუმრა.

 

გურული მხედრები ამერიკელი შოუმენის და „ველური დასავლეთის შოუს“ ავტორმა იპოვა და სახელგანთქმულ შოუში მონაწილეობაც შესთავაზა.

 

როგორც „ბუფალო ბილის“ მუზეუმის მკვლევარი სემ ჰანნი ამბობს, გურიიდან წასულმა მხედრებმა ამერიკაში ჩასვლამდე, 1892 წელს, ევროპაში გამართეს რამდენიმე შოუ, მათ შორის ლონდონში.

 

„გურულ მხედართა პირველი ჯგუფი ამერიკაში გემით „ჩესთერი“ 1893 წელს ჩამოვიდა, საიმიგრაციო დოკუმენტებში მათი გვარის გასწვრივ, პროფესიის გრაფაში „მხედარი“ ეწერა. მეორე ჯგუფი კი 2 კვირაში ჩამოვიდა, მათ ივანე მახარაძე ხელმძღვანელობდა“, - ამბობს სემ ჰანნი.

 

ივანე მახარაძე ქართველი მხედრების პირველი მეთაური იყო ამერიკაში. მანვე შეკრიბა ახალგაზრდები გურიაში „ბუფალო ბილის“ შოუსთვის და ამერიკაში მათთან ერთად გაემგზავრა. არსებობს ვარაუდი, რომ „ბუფალო ბილის“ წარმომადგენელს, თომას ოლივერს ჰქონდა ცნობები მახარაძის ტალანტის შესახებ და სწორედ ამიტომ ჩამოვიდა ბათუმში. 

 

„წარმოდგენებში ქართველ მხედრებს რუს კაზაკებად მოიხსენიებდნენ, რადგან ასე უფრო ადვილი იყო მათი იდენტიფიცირება, რადგან შოუს მაყურებლისთვის დამაბნეველი იქნებოდა საქართველოს გარჩევა ამერიკის შტატ, ჯორჯიასგან“, - ამბობს „ბუფალო ბილის“ მუზეუმის მკვლევარი.

 

მუზეუმის საცავში დღემდე ინახება მაშინდელი შოუების აფიშები, რომლებზეც გურული მხედრები არიან აღბეჭდილნი.

 

„ჩვენი სამუზეუმო არქივი, ასევე, ინახავს ხმალსა და ქამარს, რომელიც მიგვაჩნია, რომ გურული მოჯირითის საკუთრება იყო. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ვერ მოვახერხეთ მისი დეტალური შესწავლა, მაგრამ უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ნივთის დეტალურ ანალიზს“, - ამბობს მუზეუმის მკვლევარი.

 

გურული მხედრების შესახებ ასევე შესაძლებელია მაშინდელ გამოცემებში დაბეჭდილი სტატიების მოძიებაც, სადაც ქართველებს არა კაზაკებად ან რუსებად მოიხსენიებენ, არამედ წერენ, რომ ისინი დასავლეთ საქართველოდან არიან. გვხდება სტატიები სახელწოდებით: „ველური დასავლეთ ქართველები“; „ქართველებმა დასავლეთ საქართველოდან კოვბოი კულტურაში საკუთარი კვალი დატოვეს“. 

 

ქართველი მკვლევარი ირაკლი მახარაძე ამბობს, რომ ამერიკაში ჩასული გურულები მალევე ჩვეულებრივ ამერიკელებად იქცნენ და საკუთარი თვითმყოფადობა ვეღარ შეინარჩუნეს. მისი თქმით, ისინი სახელებსა და გვარებს იცვლიდნენ, რადგან რთული წარმოსათქმელი იყო ამერიკელებისთვის.

 

ირკვევა, რომ ამერიკაში 4 ქართველი ქალი მოჯირითეც ჩავიდა. მათ შორის იყო ფრიდა მგალობლიშვილი, რომლის შესახებ მასალებსაც ისევ ირაკლი მახარაძემ მიაკვლია. მგალობლიშვილი „ველური დასავლეთის შოუში“ მხოლოდ 2 წელი მონაწილეობდა. შემდეგ ამერიკა დატოვა და მისი კვალიც დაიკარგა. თუმცა ისტორიას შემორჩა მისი საგაზეთო ინტერვიუ „Morning Journal“-ში.

 

„რაც კი მახსოვს, ცხენის ზურგი ჩემი აკვანი, ჩემი სკამი იყო. ჩვენ, ქართველ ქალებს, მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს ხმის მიცემის უფლება, ვერ ვეუფლებით სამართალმცოდნეობას ან მედიცინას, მაინც იმაზე მეტი თავისუფლება გვაქვს, ვიდრე თქვენს ამერიკელ ქალებს. ჩემს ქვეყანაში ქალებს კაცების ყველა ბუნებრივი თვისებები აქვთ. ჩვენ ვეწევით მსუბუქ თუთუნს, რომელიც ჩვენს ჭალაში მოდის, ან თურქეთიდან იმპორტირებულს. ვსვამთ იმდენ ღვინოს, რამდენიც მოგვესურვება. ჩვენ არ ვართ სულით მსმელები, როგორც რუსები, ჩვენ ფხიზლები ვართ. ჩვენში ლოთობა არ გაგონილა“, - ამბობს ინტერვიუში ფრიდა მგალობლიშვილი.

 

საარქივო დოკუმენტებით ირკვევა, რომ 1893-1917 წლებში საქართველოდან ამერიკაში სულ 150-მდე ცხენოსანი ჩასულა. იმის გამო, რომ „ბუფალო ბილის“ შოუები სეზონური იყო და ქართველი ცხენოსნები 4 თვე უმუშევრები იყვნენ, ნაწილი უკან სამშობლოში ბრუნდებოდა, ნაწილს საქართველოში დაბრუნებაზე უარი ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ უთხრა, დაბრუნებულთაგან ბევრი კი აგენტად შერაცხა და მათი ნაწილი სიკვდილით დასაჯა. ის, ვინც მაღალი ხელფასების გამო ამერიკაში დარჩა, ამერიკული ცხოვრების რიტმის ფონზე, მალე ამერიკის  ნაწილადაც იქცა. მითუმეტეს, რომ ქართველი ცხენოსნების გარეგნობა და საოცარი ოსტატობით შესრულებული შოუ ხიბლავდა ყველას და შესაბამისად, არც ისაა გასაკვირი, რომ ეს სანახაობები ამერიკელთა მეხსიერებას დღემდე შემორჩა.

 

 

 

 

big_banner
არქივი