logo_geo
„ჰაბლმა“ სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე უცნაური შავი ხვრელი აღმოაჩინა
- +

15 ივლისი. 2019. 17:39

 

 

ჩვენგან 130 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, სპირალურ გალაქტიკა NGC 3147-ში რაღაც უცნაური ხდება — მისი პატარა და „დამშეული“ შავი ხვრელის გარშემო მატერიის თხელი დისკო ბრუნავს, რამაც ასტრონომები სრულიად გააკვირვა.

 

NGC 3147-თან შემჩნეულის მსგავსი დისკოები გაზის, მტვრის და შავი ხვრელის გარშემო მოძრავი სხვა ნარჩენებისაგან შედგება და როგორც წესი, გვხვდება უფრო აქტიურ, უფრო დიდი შავი ხვრელის მქონე გალაქტიკებში, რომლებიც ჩვენს ტელესკოპებში გაცილებით კაშკაშა მოჩანან.

 

ტრადიციულად, რაც უფრო მეტი გაზი აქვს დაჭერილი შავ ხვრელს, უფრო კაშკაშა ჩანს აკრეციის დისკო; ამავე დროს, რადიაციის ელექტრომაგნიტური ანთებების სახით გამოიყოფა მეტი ენერგიაც, რასაც კვაზარს უწოდებენ. თუმცა, NGC 3147-ის აკრეციის დისკო ამ წარმოდგენას თავდაყირა აყენებს.

 

იმიტომ, რომ ეს შავი ხვრელი შედარებით მკრთალია. ასტრონომებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ იქ ფუნთუშას მსგავს გაბერილ დისკოს იხილავდნენ, მაგრამ სინამდვილეში, მათ წინაშე ბლინის მსგავსი დისკო გადაიშალა.

 

 

რომის მესამე უნივერსიტეტის ასტრონომის, სტეფანო ბიანჩის განცხადებით, ამ მცირე მასშტაბის კვაზარში არის დისკოს ტიპი, რომლის არსებობასაც მეცნიერები არც ვარაუდობენენ. ეს დისკო ზუსტად იგივე ტიპისაა, რომლებიც 1000 ან 100 000-ჯერ უფრო კაშკაშა ობიექტებში გვხვდება. ძალიან მკრთალ აქტიურ გალაქტიკათა პროგნოზირების მოდელებმა აშკარად კრახი განიცადა.

ამ ტიპის ობიექტებზე ღრმა კოსმოსურ დაკვირვებათა ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ „ჰაბლის“ კოსმოსური ტელესკოპის სუპერმძლავრი ოპტიკით. როგორც ბიანჩი აღნიშნავს, „ჰაბლი“ დაგვეხმარება გავარკვიოთ, როგორ მოქმედებს ნაკლებ აქტიური გალაქტიკები.

 

„ჰაბლის“ კოსმოსური ტელესკოპის ვიზუალიზაციის სპექტროგრაფმა (STIS) შეძლო დაებლოკა მიმდებარე გალაქტიკათა სინათლე, რათა დაკვირვებოდა ამ მბრუნავი დისკოს სიჩქარეს, ტემპერატურას და მატერიის სხვა მახასიათებლებს.

 

გარდა იმისა, რომ პირველ რიგში საქმე გვაქვს ანომალიასთან, დისკო ამავე დროს ისე ახლოს არის თავის შავი ხვრელის გრავიტაციულ ველთან, რომ სინათლე ფორმას იცვლის, ძლიერდება და წარმოქმნის კიდევ უფრო მომხიბლავ დისკოს.

 

ბიანჩის თქმით, ეს გახლავთ შავ ხვრელთან ძალიან ახლის მყოფი დისკოს ინტრიგის პიკი, იგი იმდენად ახლოსაა, რომ ჩვენ მიერ დანახული სინათლის ფოტონებზე გავლენას ახდენს გრავიტაციული ველის სიჩქარე და ინტენსიურობა.

 

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ სისტემის წყალობით ასტრონომებს უიშვიათესი შესაძლებლობა მიეცათ აინშტაინის ფარდობითობის თეორიების შესამოწმებლად. NGC 3147-ის შავი ხვრელის დისკოში დანახული სინათლით შეგვიძლია გავტესტოთ როგორც ზოგადი, ისე სპეციალური ფარდობითობა — როგორ შეესაბამება ერთმანეთს სივრცე, დრო, სინათლე და გრავიტაცია.

 

გარდა ამისა, ეს გახლავთ კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ რამდენად არაპროგნოზირებადია სამყარო, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება იდუმალებით მოცულ შავ ხვრელებს.

 

ალბათ ბედის ირონიაა, რომ ასტრონომებმა გალაქტიკა NGC 3147 თავდაპირველად შეარჩიეს როგორც კანდიდატი, რომლის მაგალითზეც დაამტკიცებდნენ, რომ პატარა შავ ხვრელთა გარშემო დისკოები არ წარმოიქმნება. თუმცა, მეცნიერებმა სრულიად საპირისპირო იხილეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი