logo_geo
დაუჯერებელი გმირობის ამბავი - რატომ წამოუდგა ფეხზე ოთარ ქორქიას მთელი ამერიკის ნაკრები
- +

15 ივლისი. 2019. 19:53

 

 

ერთ საღამოს საკალათბურთო ფოტოარქივის განახლება ვცადე, ინტერნეტში ძველისძველი სურათები გადავქექე, მაგრამ 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიადაზე ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას თამაშის ამსახველი მომენტები ვერსად მოვიძიე. არადა, ეს იყო პირველი ოლიმპიური თამაშები, რომლებშიც ქართველები მონაწილეობდნენ.

 

ძიება ფინურ ვებსაიტებზე განვაგრძე, სიტყვა კალათბურთი სუომურად ვთარგმნე და შედეგმაც არ დააყოვნა - აღმოჩნდა 1952 წლის ოლიმპიადის ფინალში სადავო გდების ეპიზოდი. ამას მოჰყვა მატჩის დასრულების შემდეგ გადაღებული ფოტო, რომელშიც ხელშეხვეული ოთარ ქორქია ამერიკელ კლაიდ ლოველეტთან ერთადაა გადაღებული.

 

ამ ორ სურათს შორის იყო მთელი ომი - ოლიმპიური ფინალი, რომელიც ამერიკელთა გამარჯვებით დასრულდა. რომ არა 30-ე წუთზე მომხდარი ამბავი, შეიძლებოდა პირველი ქართველი ოლიმპიელები ოთარ ქორქია და ნოდარ ჯორჯიკია ყოფილიყვნენ.

 

რა მოხდა 30-ე წუთზე? ამ შეკითხვაზე პასუხს აუცილებლად გაგცემთ, მანამდე გავარკვიოთ, რა გზა გაიარეს ქართველებმა 1952 წლის ოლიმპიადის ფინალამდე.

 

 

სწრაფად, მჭიდროდ შემიხვიეთ!

 

ჰელსინკში ოლიმპიადისთვის მსოფლიოს ყველა კუთხიდან 16 ქვეყნის ნაკრები ჩავიდა. ისინი ოთხ ჯგუფად გაიყვნენ და პირველი ეტაპის შემდეგ მათი რაოდენობა განახევრდა. სსრ კავშირმა საწყის სამ შეხვედრაში, ერთმანეთზე მიაწვინა ბულგარეთი, მექსიკა და ფინეთი.

 

მეორე ეტაპზე ასევე ოთხგუნდიან ჯგუფში, ოღონდ უფრო სერიოზულ მეტოქეებთან მოხვდა. ბრაზილია 5 ქულის სხვაობით დაამარცხა, ჩილე - 18-ით, ამერიკასთან კი გაუჭირდა - 58:86. აშშ-სთან შეხვედრაში ოთარ ქორქიამ მარჯვენა ხელის სერიოზული ტრავმა მიიღო:

 

„ოთარმა ხელი ლოველეტთან ბრძოლაში დაიზიანა. ამერიკელმა მასზე განგებ იუხეშა. ოთარი სკამზე არ დამჯდარა, ექიმს სთხოვდა, რაც შეიძლება მალე და მჭიდროდ შეეკრა სახვევი. გადანასკვა და ქორქიას მოედანზე შეჭრა ერთი იყო.

 

ტკივილთან ერთად ამერიკელების წინააღმდეგობის გადალახვა უწევდა, ფაქტობრივად ცალხელა თამაშობდა, ოღონდ არა ნახევარი ძალით - ენერგიის დაზოგვა მის ხასიათში არ ჯდებოდა. მხოლოდ მატჩის შემდეგ წავიდა საავადმყოფოში, სადაც ხელზე რამდენიმე ნაკერი დაადეს,“ - წერს ჟურნალისტი არსენ ერემიანი.

 

თუ წინა ორ შეხვედრაში მან 25-25 ქულა ჩააგდო, აშშ-თან 8-ს დასჯერდა. საოცარია, მაგრამ ცალი ხელით მან მეორე ეტაპის ბოლო მატჩში ჩილეს 38 ქულა „უძღვნა“. ნახევარფინალში, ურუგვაისთან 61:57 მოგებულ შეხვედრაში ლეგენდარული ქართველის ანგარიშზე 21 ქულა იყო.

 

ტაში მეტოქეებისგან

 

დადგა 2 აგვისტო, ჰელსინკის ოლიმპიადის საკალათბურთო ფინალის დღე. ოთარ ქორქიამ ასევე 8 ქულა მიითვალა, თუმცა მთავარი მისი დაცვითი მოქმედება იყო - აწოწილი ამერიკელები სსრკ-ის ფარს არ გააკარა.

 

ისევ არსენ ერემიანს მოვუსმინოთ:

 

„ფინალურ შეხვედრაში გადამწყვეტი 30-ე წუთი გამოდგა, როცა ოთხი ფოლის გამო მოედანი დატოვა ოთარ ქორქიამ. ამერიკელი გიგანტები, რობერტ კურლანდი (213 სმ), მარკუს ფრაიბერგერი (210) და კაილ ლოველეტი (209) მეტოქის ლიდერის თამაშით აღფრთოვანებულები, აპლოდისმენტებით აცილებდნენ სათადარიგოთა სკამისკენ მიმავალ ქორქიას.

 

იმ მომენტისთვის ტაბლოზე 23:23 ეწერა. დარჩენილ დროში სსრ კავშირმა 2:13 წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.“

 

...2:13, თუნდაც ამ ციფრებიდან ჩანს, რა როლს თამაშობდა ქართველი ცენტრი საბჭოთა ნაკრებში.

 

 

NBA-ში

 

გამოცემა „ფრანს ფუტბოლმა“ ოლიმპიადის მონაწილე მწვრთნელთა შორის ჩაატარა გამოკითხვა, რომელსაც უნდა გამოერკვია შეჯიბრების სიმბოლური ნაკრები, სასტარტოებიან-სათადარიგოებიანად. სიმბოლურში ორივე ქართველი მოხვდა - ოთარ ქორქია და ნოდარ ჯორჯიკია.

 

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელთა მეფარე ლოველეტი ჩემპიონი გახდა, ოლიმპიადის საუკეთესო ცენტრად ქორქია დაასახელეს. მისი საშუალო მონაგარი ხომ 17.2 ქულას შეადგენდა. სსრკ-ის ნაკრებში მეორე იყო ბუტაუტასი - 10.6. ნოდარ ჯორჯიკიას 4.1 ქულა ჰქონდა, თუმცა მაშინ პასები და ჩაჭრები რომ დათვლილიყო, ჯორჯიკიას გასწვრივ მსუყე სტატისტიკა დაფიქსირდებოდა.

 

გამოცემა „სპორტ-ექსპრესის“ ჟურნალისტის კითხვაზე: წარსულის რომელ გმირს ჰქონდა NBA-ში დამკვიდრების შანსი, სსრ კავშირის ნაკრების ლეგენდარულმა მწვრთნელმა ვლადიმირ კონდრაშინმა ამომწურავი პასუხი გასცა:

 

- ოთარ ქორქიას. 190 სმ სიმაღლის მიუხედავად ქორქია იმხანად ევროპაში საუკეთესო ცენტრი (ევროპის ოთხგზის ჩემპიონი) იყო. ლიდერის თვისებებით დაჯილდოებული და სსრკ-ს ნაკრების კაპიტანი. მას ისეთი მონაცემები ჰქონდა, თავისუფლად შეეძლო NBA-ს რომელიმე გუნდში მოეკიდებინა ფეხი.

 

ერთი დარტყმა, ორი მეტრი

 

- ბატონ ოთარს საბჭოთა კავშირის ნაკრებში დიდ პატივს სცემდნენ. მას ბორჯომის წყალი უყვარდა, თამაშის შემდეგ რამდენიმე ბოთლს სვამდა. იმდენად ღირებული კალათბურთელი იყო, რომ საბჭოთა ნაკრების საერთაშორისო მატჩებისას ერთი ჩემოდანი „ბორჯომი“ საგანგებოდ ოთარ ქორქიასთვის მიჰქონდათ, - იხსენებს თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში გურამ მინაშვილი.

 

- თამამად ვიტყვი: არ შემხვედრია ფიზიკურად მასზე უფრო ძლიერი მოთამაშე. ოთარ ქორქია სამლიტრიან მოხუფულ ქილას თითებით ხსნიდა. მხოლოდ კალათბურთში როდი იყო წარმატებული - ბადროს ტყორცნაში საბჭოთა კავშირის არაერთი რეკორდიც დაუმყარებია.

 

საკუთარი თვალით არ მინახავს, მაგრამ ერთი ამბავი ლეგენდად იქცა: უკრაინელებს ბეხლეწი კალათბურთელი ჰყავდათ, გვარად მედვედევი, რომელსაც ერთ-ერთი თამაშისას ნოდარ ჯორჯიკიასთვის უწყენინებია. ნამატჩევს ოთარ ქორქიას პასუხი ერთი დარტყმით გაუცია... მეტი არც დასჭირვებია, რადგან როგორც ჰყვებოდნენ, მედვედევი ქორქიას დარტყმის შემდეგ ორი მეტრით გაფრენილა და თავისით ვეღარ წამომდგარა.

 

 

სსრკ ჰელსინკის ოლიმპიადაზე

 

I ეტაპი

 

სსრკ-ბულგარეთი 74:46

ოთარ ქორქია: 6 ქულა

ნოდარ ჯორჯიკია: 7 ქულა

 

ფინეთი-სსრკ 35:47

ოთარ ქორქია: 25 ქულა

ნოდარ ჯორჯიკია: 0 ქულა

 

სსრკ-მექსიკა 71:62

ოთარ ქორქია: 25 ქულა

ნოდარ ჯორჯიკია: 3 ქულა

 

II ეტაპი

 

სსრკ-აშშ 58:86

ოთარ ქორქია: 8 ქულა

ნოდარ ჯორჯიკია: 3 ქულა

 

სსრკ-ბრაზილია 54:49

ოთარ ქორქია: 7 ქულა

ნოდარ ჯორჯიკია: 10 ქულა

 

სსრკ-ჩილე 78:60

ოთარ ქორქია: 38 ქულა

ნოდარ ჯორჯიკია: 1 ქულა

 

1/2 ფინალი

სსრკ-ურუგვაი 61:57

ოთარ ქორქია: 21 ქულა

ნოდარ ჯორჯიკია: 4 ქულა

 

ფინალი

 

სსრკ-აშშ 25:36

ოთარ ქორქია: 8 ქულა

ნოდარ ჯორჯიკია: 1 ქულა

 

 

 

წყარო: lelo.ge

 

 

big_banner
არქივი