logo_geo
უცნაური ნივთიერება, რომლის საშუალებითაც შესაძლოა, მარსი სიცოცხლისათვის ხელსაყრელი გავხადოთ
- +

16 ივლისი. 2019. 18:44

 

ატმოსფეროს გათბობა დედამიწაზე საფრთხეს უქმნის მრავალ ცოცხალ არსებას, მაგრამ გლობალური დათბობა მარსზე შესაძლოა, გადამწყვეტი იყოს დედამიწისეული სიცოცხლის გასაგრძელებლად. მეცნიერთა განცხადებით, მიაგნეს ნივთიერებას, რომელიც წითელი პლანეტის გარკვეულ ნაწილთა გათბობაში დაგვეხმარება.

NASA-ს პლანეტური გეოლოგის, ლაურა კერბერის განცხადებით, დედამიწის შემდეგ, მარსი მზის სისტემაში სიცოცხლისათვის მეორე ყველაზე ხელსაყრელი პლანეტაა, მაგრამ სიცოცხლის მრავალი სახეობისთვის ის მაინც საკმაოდ არასტუმართმოყვარეა.

 

მთავარი, რაც მარსის სიცოცხლისადმი მეგობრულად გადაქცევისათვისაა საჭირო, არის მეტი სითბო და ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვა. გარდა ამისა, იმისათვის, რათა წყალი ზედაპირზე თხევადი ფორმით შენარჩუნდეს, საჭიროა, ატმოსფერული სიცხე დაახლოებით 50 გრადუსი ცელსიუსი იყოს.

 

მარსის გასათბობად მეცნიერებს მრავალი სხვადასხვა იდეა აქვთ. მათ შორის ერთ-ერთი იყო მიწიდან სათბურის აირების, მაგალითად CO2-ის გამოყოფა, რასაც დედამიწაზე ჩვენივე დაუდევრობით მივაღწიეთ. თუმცა, შარშანდელმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ მიდგომას მარსზე რამდენიმე პრობლემა ექნება.

 

კოლორადოს უნივერსიტეტის კოსმოქიმიკოსის და პლანეტური გეოლოგის ბრიუს ჯეკოსკის განცხადებით, მარსზე არ არის იმ ოდენობის CO2, რომ ის ატმოსფეროში ჩაიჭედოს და სათბურის ეფექტი წარმოქმნას. გარდა ამისა, CO2-ს დიდი ნაწილი ადვილად ხელმისაწვდომი არ არის.

გამომდინარე აქედან, მარსის ტერაფორმირება, ანუ დედამიწისთვის დამსგავსება თანამედროვე ტექნოლოგიებით შეუძლებელი ჩანდა.

 

თუმცა, მარსზე არსებულმა ფენომენმა, რომელსაც მყარი მდგომარეობის სათბურის ეფექტს უწოდებენ, მეცნიერთა ერთ ჯგუფს განსხვავებული მიდგომის კვლევა შთააგონა. მათი აზრით, უნდა მოხდეს მარსის ატმოსფეროს არა მთლიანად, არამედ კონკრეტული ჯიბეების შეცვლა.

 

ასეთი ტიპის ლოკალიზებული თბოიზოლაციური ადგილები მარსის პოლუსებთან უკვე დაფიქსირებულია, სადაც სიცხის დამჭერ CO2-თან შერეული ყინული, შეიცავს სითბოსაც, რომელიც სინათლესავით ვრცელდება და მის დაბლა ზონას ათბობს.

 

როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, სილიციუმის დიოქსიდის აეროგელს, რომელსაც თბოიზოლაციისთვის უკვე იყენებენ მარსმავალები, აქვს თვისება, რომელიც საჭიროა მყარი მდგომარეობის სათბურის ეფექტის შესაქმნელად.

 

 

ეს უნდა იყოს გამჭვირვალე ფენის სახის, რომელშიც სინათლე გაივლის, მაგრამ ჩაჭედავს სითბოს. აეროგელს სითბოს გადაცემის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. სილიციუმის დიოქსიდის ბოჭკოები აირეკლავენ ულტრაიისფერ სხივებსაც.

ლაურა კერბერის განმარტებით, სილიციუმის დიოქსიდის აეროგელი ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი მასალაა, ძირითადად მისი პასიური ეფექტის გამო. არ მოითხოვს დიდი ოდენობით ენერგიას და მოძრავი ნაწილების მოვლა-შენახვას, რათა კონკრეტული ზონა დიდი ხნით გათბეს.

 

მეცნიერებმა გამოთვალეს ისიც, რომ ადგილობრივი ტემპერატურის აუცილებელ 50 გრადუსამდე გასაზრდელად საჭიროა სილიციუმის დიოქსიდის აეროგელის 2-3 სისქის ფენა.

 

ამის შემდეგ, მარსის ზედაპირის გარემოს პირობები მათ ლაბორატორიაში შექმნეს და დაამტკიცეს, რომ ამ გზით წითელი პლანეტის ზედაპირზე წყალი მთელი წლის განმავლობაში შენარჩუნდება თხევადი სახით; გარდა ამისა, მის ქვემოთ მდებარე ზონა დაცული იქნება მავნე ულტრაიისფერი სხივებისგანაც.

პლანეტის მთელი ზედაპირის ტერაფორმირების ნაცვლად, ამ გზით შესაძლებელია სიცოცხლისათვის ხელსაყრელი ჯიბეების შექმნა.

 

რა თქმა უნდა, ეს იდეა რეალობისგან ჯერ შორს არის, გადასაჭრელი რჩება მრავალი პრობლემა. მაგალითად, შესაძლებელი იქნება თუ არა ამ მასალის წარმოება მარსზე?

 

ცხადია, მეცნიერთა დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ სჯობს ფოკუსირება ჩვენი პლანეტის ატმოსფეროს პრობლემებზე მოვახდინოთ, ვიდრე სხვა პლანეტის შეცვლის გზები ვეძებოთ.

 

თუმცა, კერბერი და მისი კოლეგები საუბრობენ იმ ბენეფიტებზე, რასაც მარსზე ჰაბიტატის ჯიბეების შექმნა მოგვიტანს. თუ მარსზე სიცოცხლე უკვე არსებობს, ასეთი ზონების შექმნა მას გაცილებით ნაკლებ საფრთხეს შეუქმნის, ვიდრე სრულმასშტაბიანი ტერაფორმირება.

 

საკუთარი თეორიის შესამოწმებლად ჯგუფი სილიციუმის დიოქსიდის აეროგელის გამოყენებას ამჯერად დედამიწის სხვადასხვა მკაცრ გარემოში გეგმავს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი