logo_geo
თანამედროვე ადამიანთა დნმ-ში ადამიანის ორი უცნობი, გადაშენებული სახეობის კვალი აღმოაჩინეს
- +

18 ივლისი. 2019. 18:47

 

როცა თანამედროვე ადამიანებმა აფრიკიდან გამოსვლა და ევრაზიაში გავრცელება დაიწყეს, მიადგნენ მრავალ ისეთ ადგილს, რომელიც უკვე დაკავებული ჰქონდათ ძველ ჰომინიდებს, მაგალითად ნეანდერტალელებსა და დენისოვანებს. როგორც ჩანს, ახალი მეზობლები მათ საკმაოდ გულთბილად მიიღეს, რადგან ამის მტკიცებულება დღემდე ინახება ჩვენს დნმ-ში.

ავსტრალიის ადელაიდის უნივერსიტეტის ბიოლოგის, ჟუან ტეიშეირას განცხადებით, ყველა ჩვენგანი ვატარებთ ჰომინიდებთან მომხდარი აღრევის გენეტიკურ კვალს.

 

„ეს არქაული ჯგუფები საკმაოდ გავრცელებული და გენეტიკურად მრავალფეროვანი იყო, ისინი თითოეულ ჩვენგანში ცოცხლობენ. მათი ამბავი ჩვენი ჩამოყალიბების ისტორიის ნაწილია“, — ამბობს ტეიშეირა.

 

არსებული ლიტერატურის დეტალური ანალიზის შემდეგ, ტეიშეირამ და მისმა კოლეგამ, ბიოლოგმა ალან კუპერმა თანამედროვე ადამიანის დნმ-ში გამოავლინა ორი ასეთი „მოჩვენება“ წინაპარი. პირველი მათგანი ევროპულ დნმ-ში ხელოვნურმა ინტელექტმა იპოვა.

 

მეორე კი შარშან, ვრცელი კვლევის ფარგლებში აღმოაჩინეს — იდუმალ, დაუჯერებელ გენეტიკური ხელწერას ექსკლუზიურად ინდონეზიის კუნძულ ფლორესის მოსახლეობაში მიაგნეს. ის ისევე განსხვავდება თანამედროვე ადამიანის დნმ-ისგან, როგორც ნეანდერტალელებისა და დენისოვანების დნმ.

 

ამ გენეტიკური ხელწერების გულმოდგინე ანალიზის შემდეგ, ბიოლოგებმა დაადგინეს, სად და როდის უნდა მომხდარიყო ამ სახეობათა შეჯვარებები.

ტეიშეირას განცხადებით, ყველა თანამედროვე ადამიანში ნეანდერტალელი წინაპრების კვალი 2 პროცენტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნეანდერტალელებთან თანამედროვე ადამიანთა წინაპრების შერევა ამ უკანასკნელთა მიერ აფრიკის დატოვებიდან მალევე მოხდა, 50 000-55 000 წლის წინ, სადღაც ახლო აღმოსავლეთში.

 

უფრო აღმოსავლეთით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კუნძულებისკენ გადაადგილებისას, თანამედროვე ადამიანები როგორც ჩანს, კიდევ უფრო მეტ ჯგუფს შეერივნენ.

 

როგორც ტეიშეირა აღნიშნავს, ამ რეგიონს არქაულ ადამიანთა სულ მცირე სამი სხვა ჯგუფი იკავებდა. თანამედროვე ადამიანები ამ მათ თანდათან შეერივნენ, შემდეგ კი ეს არქაული ჯგუფები გადაშენდა.

 

ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი გახლდათ დენისოვანები. დანარჩენი ორი ჯერჯერობით უცნობია.

 

პირველი უცნობი გადაშენებული ჰომინიდი, სახელად EH1 გენეტიკურად თანაბრად იყო დაშორებული როგორც დენისოვანებისგან, ისე ნეანდერტალელებისგან. მთელი აზიისა და ავსტრალო-პაპუასების წინაპარი EH1-ს შეერია, რის შედეგადაც, მათში EH1-ის წილი 2,6-3,4 პროცენტი გახდა.

 

 

ის ახლა გაცილებით სუსტია, მაგრამ გენეტიკური სიგნალების დაფიქსირება დღემდე შეიძლება აბორიგენი ავსტრალიელების, აღმოსავლეთ აზიელებისა და ანდამანის კუნძულების მოსახლეობის დნმ-ში. გამომდინარე აქედან, მეცნიერები თვლიან, რომ EH1 ბინადრობდა ჩრდილოეთ ინდოეთის რომელიმე რეგიონში, სადაც მათ აზიის, ავსტრალიისა და პაპუა-ახალი გვინეისკენ მიმავალ თანამედროვე ადამიანთა ჯგუფი შეხვდა.

 

როგორც ჩანს, თანამედროვე ადამიანები რამდენიმე ადგილას შეერივნენ დენისოვანებსაც, ძირითადად აღმოსავლეთ აზიაში, ზონდის შელფზე და ფილიპინებში.

 

უფრო ბურუსით არის მოცული EH2-ის მტკიცებულება — გადაშენებული ჰომინიდი, რომელიც თანამედროვე ადამიანებთან კუნძულ ფლორესზე შეჯვარდა. მისი კვალი ჩანს მხოლოდ ლიანგ-ბუას მღვიმის სიახლოვეს მცხოვრებ დაბალი ტანის ადამიანებში; სწორედ იქ აღმოაჩინეს Homo floriensis. შესაბამისად, ის ძლიერ ლოკალიზებულია და როგორღაც დღემდე შემორჩა ორი ჯგუფის შეჯვარებიდან 50 000 წლის შემდეგაც.

 

ამ ფენომენებს უდავოდ სჭირდება შემდგომი კვლევები, რადგან ადამიანთა ისტორიის ეს მონაკვეთი ძალიან აწეწილ-დაწეწილია.

 

როგორც ტეიშეირა აღნიშნავს, ადამიანთა აფრიკიდან გამოსვლის ამბავი რომ მარტივი არ იყო, აქამდეც ვიცოდით, მაგრამ ის იმაზე გაცილებით კომპლექსური ჩანს, ვიდრე შეგვეძლო წარმოგვედგინა.

 

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონის კუნძულებზე აშკარად სახლობდა არქაულ ადამიანთა რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთისგან იზოლაციაში ასობით და ათასობით წელიწადს რჩებოდნენ, სანამ ერთ მშვენიერ დღესაც, იქ თანამედროვე ადამიანთა წინაპრები გამოჩნდნენ.

 

სამწუხაროდ, ჩვენს წინაპართა იქ მისვლას არქაულ ჰომინიდთა ყოველი ამ ჯგუფის გადაშენება მოჰყვა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი