logo_geo
კოსმოსში გაჭრილი ბიჭი - ვინ არის 9 წლის წალენჯიხელ გენიოსი
- +

20 ივლისი. 2019. 16:48

 

წალენჯიხელი ბიჭის, 9 წლის ქაიან ბელქანიას ერთმა ვიდეომ მთელი სოციალური ქსელი მოიცვა. მანამდე ქაიანი მხოლოდ ოჯახს და მეზობლებს აკვირვებდა. ერთ-ერთმა მათგანმა გადაწყვიტა, რომ ვიდეო სხვებისთვისაც უნდა გაეზიარებინა და აქედან დაიწყო ყველაფერი…

 

მეოთხეკლასელი ქაიან ბელქანია სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა. მამა თურქია, დედა - ქართველი. თავად საქართველოში, კერძოდ კი წალენჯიხაში დაიბადა და გაიზარდა. მან სამყაროს შეცნობა სკოლის ბიბლიოთეკიდან დაიწყო.

„მეზობლის გოგო ამეცადინებდა და მაშინ დაინტერესდა კოსმოსით, მას შემდეგ კითხულობდა ყველანაირ წიგნს ამ საკითხზე. თვითონ ისწავლა ყველაფერი. ინტერნეტი აქამდე არ ჰქონდა, რაც შემოვიყვანეთ სახლში, „Youtube“-ში შედის და იქიდან იღებს ინფორმაციას. ხაზებს ავლებს, ხატავს რაღაცებს“,- ამბობს „ფორტუნასთან“ მისი დედა.

 

როდესაც დედამისმა იზა ბელქანიამ შვილის ასეთი ინტერესი დაინახა, სახლში ინტერნეტი შეიყვანა და კომპიუტერიც შეიძინა.

 

ამის შემდეგ ინფორმაცია და შესაბამისად ინტერესიც, უფრო მეტად გაიზარდა…

 

უმეტესობა ვერ იგებს, რაზე საუბრობს ქაიანი, თუმცა, ის ნებისმიერ საკითხზე ჭკვიანურად აფრქვევს თავის აზრებს. როგორც „ფორტუნასთან“ ოჯახის ახლობელი ასმათ ჩიქობავა ჰყვება, თავიდან ბავშვის საუბარი მხოლოდ მისი ფანტაზია ეგონათ, რადგან ყველას არ გააჩნია შესაბამისი ცოდნა.

 

„რასაც ჰყვებოდა ბავშვი, სისწორეში არ ვიყავი დარწმუნებული. რადგან სკოლა დუმდა, ვიფიქრე, ბავშვი რაღაცას იგონებდა. სერიოზულად ვერ აღვიქვამდი. წარმოდგენა არ მაქვს, საიდან მოაქვს ეს სიტყვები, ტერმინოლოგია… საოცარი ნიჭი აღმოაჩნდა“, - ჰყვება ასმათ ჩიქობავა.

 

ქაიანი სხვა საგნებსაც კარგად სწავლობს. მოსწონს ენები, თუმცა იმის შესაძლებლობა არ აქვს, რომ მასწავლებელთან იაროს. ყველაფერს სამყაროში კოსმოსთან აკავშირებს, აქვს უამრავი კითხვა, რომელზეც პასუხებს ვერ იღებს.

 

ბიჭი თავიდანვე ამჟღავნებდა ცოდნას როგორც კოსმოსის, ასევე, სხვა მეცნიერებების მიმართ, თუმცა, როგორც დედამისი ამბობს, სანამ მისი ვიდეო პოპულარული არ გახდა, მანამდე არც სკოლიდან და არც ადგილობრივი ხელისუფლებისგან დაინტერესება არ მოჰყოლია.

 

„ახლა ყველა გვირეკავს, მოდიან, ყველა დაინტერესდა…“  - ამბობს ბიჭის დედა.

 

ოჯახს საშუალება არ აქვს, თუმცა, იმედოვნებენ, რომ შეძლებენ, ბავშვის ნიჭს სწორი მიმართულება მისცენ.

ახლა ქაიანი გადაღლილია და ამდენი ყურადღების გამო, გამძაფრებული ემოციური ფონი აქვს. ოჯახი იმედოვნებს, რომ ბავშვით როგორც განათლების სამინისტრო, ასევე სხვა სტრუქტურებიც დაინტერესდებიან. ასევე, სურვილი აქვთ, ის ფსიქოლოგთან მიიყვანონ, რომ ამდენი ინფორმაცია, სიახლე, ცვლილებები და ყურადღება მასზე არასწორად არ აისახოს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი