logo_geo
8 საინტერესო ფაქტი ელენე ახვლედიანის შესახებ
- +

30 ივლისი. 2019. 17:57

 

 

ელენე ახვლედიანი, ერთ-ერთი პირველი ქართველი ფერმწერი ქალი, 1901-1975 წლებში მოღვაწეობდა. ის თელავში დაიბადა და როგორც მხატვრის ბიოგრაფები აღნიშნავენ, მას ბავშვობიდან იზიდავდა ხელოვნება.

 

 

1971 წელს ელენე ახვლედიანი გახდა პირველი ქალი, რომელსაც შოთა რუსთაველის სახელობის პრემია მიენიჭა. 1975 წელს კი, პოპულარობის ზენიტში, თავისივე ორგანიზებულ მხატვარ ქალთა ჯგუფის საზეიმო გამოფენის მსვლელობისას მოულოდნელად გარდაიცვალა.

 

ელენე აქტიურად მუშაობდა თბილისის ძველი უბნების ფიქსირებაზე. მოგვიანებით, ცნობილი არქიტექტორი ყავლაშვილი ხშირად ეყრდნობოდა ელენე ახვლედიანის ნამუშევრებს, დედაქალაქის ძველი უბნების რეკონსტრუქციისას.

 

 

ელენეს ნახატები პირველად მისმა მასწავლებელმა, ცნობილმა მწერალმა ვასილ ბარნოვმა შეამჩნია. მხატვარი იხსენებდა, თუ როგორ უთხრა კლასის თანდასწრებით ელენეს: „ქართველი ქალი ბუნებით მხატვარია. აბა, დააკვირდით ჩვენი წინაპრების ნაქსოვ-ნაქარგებს. მათი შემქმნელები დიდებული მხატვრები იყვნენ, მაგრამ ისე გაქრნენ, რომ მათი ვინაობა მხოლოდ ნაქსოვზე მიწერილი ამონაქარგითღა ვიცით. შენ კი, ელენე, ხატე, ხშირად ხატე. თელავი და ალაზნის ველი თავის მხატვარს ელოდება“.

 

 

მან 72 სპექტაკლი გააფორმა, როგორც თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების, ისე მოსკოვის, ლენინგრადის, კიევისა და ხარკოვის თეატრებში; ის ასევე თეატრის მხატვრად მუშაობდა ქუთაისშიც, კ. მარჯანიშვილის თეატრში.

 

ქართველი ფერმწერის პერსონალური გამოფენა პარიზში ბევრ სხვა დამთვალიერებელთან ერთად პიკასომაც ნახა. მას განსაკუთრებით მოეწონა „კახეთი, ზამთარი“.

 

 

ცნობილია, რომ ის წიგნების ილუსტრაციებზეც აქტიურად მუშაობდა. სხვადასხვა დროს გააფორმა „ტომ სოიერი“, „კაცი, რომელიც იცინის“, ვაჟა-ფშაველას პოემები, ეგნატე ნინოშვილის მოთხრობები.

 

ელენე ახვლედიანს 1939 წელს გადასცეს სახელოსნო, სადაც ინახებოდა მხატვრის მიერ წლების განმავლობაში შეგროვებული და განადგურებას გადარჩენილი დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, საკუთარი, პიკასოს და სხვა მხატვრების მიერ შესრულებული ნახატები. მხატვარმა სახელოსნო „პატარა საქართველოდ აქცია“. დღეს იქ მისი სახლ-მუზეუმია.

 

 

სერგო ფარაჯანოვი ამბობდა: „თბილისი ჩემთვის ელენე ახვლედიანია“. დღესაც ბევრი ადამიანისთვის ასოცირდება საქართველოს დედაქალაქთან ელენე ახვლედიანი, მისი შემოქმედების მთავარი თემა თავიდანვე ძველი თბილისი იყო.

 

1960-იანი წლებიდან მოყოლებული, ბევრჯერ გაიმართა ელენე ახვლედიანის პერსონალური გამოფენა მოსკოვში, ტალინში, გერმანიის სხვადასხვა ქალაქში და ცხადია, საქართველოში.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი