logo_geo
პროფესიის უბადლო შეფასება და სიტყვა, რომლის გამოც ვერიკო ანჯაფარიძეს ფეხზე წამოუდგნენ
- +

14 აგვისტო. 2019. 22:26

 

 

 

ყველასათვის საყვარელი მსახიობის - ვერიკო ანჯაფარიძის გარდაცვალებამდე, 1986 წლის 1 სექტემბერს, მაშინდელი თეატრალური ინსტიტუტის სააქტო დარბაზში, სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი საზეიმო შეკრება გაიმართა.

 

ინსტიტუტის რექტორმა, ეთერ გუგუშვილმა, სიტყვა ვერიკო ანჯაფარიძეს მისცა.

 

გთავაზობთ სიტყვას, რომელიც მაშინ ვერიკო ანჯაფარიძემ წარმოთქვა და რომელიც ალბათ არასდროს დაავიწყდება მაშინდელ მსმენელს.

 

ვერიკოსეული პროფესიის მსგავსი შეფასება და ანალიზი ვფიქრობთ, ნიმუშია აზრისა და განცდის უკვდავებისა!

 

 

 

„თქვენ ფეხზე ადექით, რატომ?

(პაუზა…)

 

თუმცა, ვიცი, რატომ და სწორია რომ ადექით. თქვენ ადექით იმიტომ, რომ მე 88 წლის ვარ და აქ ვდგავარ, თქვენ წინაშე, მაგრად ვდგავარ და ეს ფეხზე მაგრად დგომა ასეთი უსასრულოდ გრძელი და ძნელი გზის დამლევს ის საკვირველებაა, რომლის წყაროც, საწყისიც და ახსნაც ისევ და ისევ თეატრია.

 

 

მე არასოდეს არ მქონია თეატრისაგან გამიჯნული არც სახლი, არც კერა, არც სიცოცხლე, არც მიზანი…

 

თეატრი დაკავშირებულია უდიდეს ტანჯვასთან, უდიდეს პიროვნულ დრამასთან, უდიდეს მსხვერპლთან.

 

არც ერთი პროფესია არ მოითხოვს ადამიანისაგან ისეთ თავგანწირვას, ისეთ, შეიძლება ითქვას, ღალატს პირადი ცხოვრების, ოჯახისა და ახლობლებისას, როგორსაც _ თეატრი.

 

 

მე ხშირად თვალწინ დამიდგა ჩემი ოჯახი, შვილები, ჩემი სოფიკო, რომლებსაც რამდენი რამ მოვაკელი, რადგან მათ და არც მე თვითონ არ გვეკუთვნოდა ჩვენი დრო, არც გულისყური, არც სუნთქვა, არც სისხლი…

 

ყველაფერს მოითხოვდა თეატრი, ყველაფერს ურჩხულივით ითვისებდა და ნთქავდა.

 

 

და, ამასთან ერთად, არცერთი სხვა პროფესია არ მოგანიჭებთ ისეთ ბედნიერებას, როგორსაც _ თეატრი, იმიტომ რომ თეატრი, თქვენი საკუთარი ერთადერთი სიცოცხლის ნაცვლად, ათასი სხვა სიცოცხლით მოგამარაგებთ.

 

თეატრი მოგანიჭებთ უნარს, ათასჯერ გაიმეოროთ თქვენი ცხოვრება, ათას ქვეყანაში, ათას ეპოქაში, ათასი სახით…

 

მოგცემთ ბედნიერების ისეთ განცდას, რომელიც ათასჯერ აღემატება ჩვეულებრივს, ცხოვრებისეულს, ბედნიერებას, რომლის გამო სამუდამოდ თეატრის მონა ხდები:

 

 

ყველაფერს თმობ ამ გაუმაძღარი, სასტიკი და ზებუნებრივი სიხარულის მომნიჭებელი სასწაულისთვის.

 

და აი, მე, ამ უძნელესი და უბედნიერესი გზის ბოლოს მდგომი, დღეს გზას გილოცავთ თქვენ, ახალფეხშემოდგმულთ“.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი