logo_geo
ვინ იყო ქართველი ქალი, რომელიც მოდილიანმა დახატა
- +

16 აგვისტო. 2019. 19:29

 

ისტორია, რომელიც ფართო მასებისთვის ნაკლებად არის ცნობილი, ხელოვნებათმცოდნემ, დოქტორმა და არტ-კრიტიკოსმა - დავით ანდრიაძემ გაავრცელა.

 

მისი ინფორმაციით ყველასათვის ასე საყვარელმა, დიდმა მხატვარმა ამადეო მოდილიანმა ერთერთ ნახატში მოდელად მეგრელების პრინცესა, ალექსანდრა დადიანი გამოიყენა.

 

„იმ პერიოდში, ქართული მენტალობიდან გამომდინარე, არავის სიამოვნებდა იმის აღიარება, რომ მხატვარს გაუშიშვლდნენ.

 

ეტყობა ალექსანდრამაც ამიტომ დამალა და არ მოინდომა ამ ფაქტის საჯაროდ გამომზეურება.

 

ალექსანდრა მოდილიანმა 1911 წელს დახატა.

 

დადიანის ქალი გათხოვილი გახლდათ გერმანელ ბოტანიკოს - კონრად როსტზე, რომელიც თბილისში 1898 წელს ჩამოსულა. გერმანელს საქართველოში მომხიბვლელი მეგრელი ასული გაუცნია და მალევე ცოლადაც შეურთავს.

 

კონრად როსტს და ალექსანდრას საკმაოდ რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდათ.

 

მათი სიყვარულის ისტორია აღწერილია როლფ გროსის წიგნში „კონრადი და ალექსანდრა“...

 

ალექსანდრა დადიანი იცნობდა მოდიზე შეყვარებულ ანა ახმატოვას. პოეტი მან პეტერბურგში გაიცნო. ანა ახმატოვას ამ პერიოდში უკვე ჰქონდა რომანი გაბმული მოდილიანისთან, რომელიც დიდხანს არ გაგრძელებულა.

 

ალექსანდრა, მეუღლესთან ერთად, პარიზში ჩადის, სადაც თავის პეტერბურგელ ნაცნობს, ანა ახმატოვას ხვდება.

 

მოდილიანი ანა ახმატოვასა და ალექსანდრა დადიანს ლუქსემბურგის ბაღში გადაეყრება. მხატვარი უაღრესად იხიბლება ქართველი თავადის ქალის არისტოკრატიული შარმითა და გარეგნობით, ანა ახმატოვას ეჭვიანობას არ იმჩნევს და მისი დახატვის სურვილს გამოთქვამს.

 

მოდი ქალბატონებს თავის სახელოსნოში მიიწვევს და იქვე დახატავს ალექსანდრა დადიანს.

 

შემდგომში, როდესაც ამადეოს ნახატები პოპულარობას მიაღწევენ, ეს ნამუშევარი სოთბის აუქციონზე, 26 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდება.

 

ალექსანდრა დადიანის ისტორია მე პირადად მსახიობის – ალექსანდრა თოიძისგან ვიცი. ალექსანდრა თოიძის ოჯახთან ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა, შეიძლება ითქვას, მათ ოჯახში გავიზარდე. ალექსანდრა დადიანი გადაასახლეს, უკვე კარგად მოხუცებული დაბრუნდა საქართველოში და ამის შემდეგ კიდევ შეხვდნენ ერთმანეთს ალექსანდრა დადიანი და ალექსანდრა თოიძე... ალექსანდრა საქართველოში გარდაიცვალა და საგურამოშია დასაფლავებული, ჭავჭავაძეების მამულში“, - აღნიშნავს დავით ანდრიაძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი